GE

„არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება დიდ ქალაქებში სკოლების გახსნის საფუძველს იძლევა“ – თემურ მიქელაძე

დარგის სპეციალისტებთან ერთად უკვე არც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მალავენ, რომ კორონავირუსზე დიდ საფრთხეს ბავშვებისთვის დისტანციური სწავლება ქმნის.

პედიატრი თემურ მიქელაძე აღნიშნავს, რომ ბავშვთა უმრავლესობა კორონავირუსს უპრობლემოდ გადაიტანს, მაგრამ ნეიროფსიქიატრიული პრობლემების მოგვარება საკმაოდ რთული იქნება. ამის შესახებ პედიატრმა მედია-ცენტრ „მთავარში“ ისაუბრა.

„დისტანციურ პირობებში ყოფნის გამო, ბავშვებში ისეთი პრობლემები გაჩნდა, როგორიც არის სიმსუქნე, აგრესიულობა, აღგზნებადობა, უძილობა, საგნის ათვისების პრობლემა. საკმაოდ რთულია ონლაინ მიჯაჭვულობა, განსაკუთრებით ისეთი ონლაინ მიჯაჭვულობა, რომელიც სწავლასთან არ არის დაკავშირებული. იქ არის სხვადასხა აგრესიული თამაშები, აურაცხელი შავი მასალა, რომელიც ბავშვებს სწრაფად იზიდავს და მშობლებს ბინის პირობებში მათი მართვა საკმაოდ უჭირთ. გარდა ამისა, არის აღგზნებადობა, უძილობა, რაც დაკავშირებულია როგორც ეკრანდამოკიდებულებასთან, ასევე ბინის პირობებში გამოკეტვასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, მეორე დღეს ეს ბავშვები გამოუძინებლები, დასტრესილები არიან, აქვთ საგნის შესწავლის ან ათვისების პრობლემა. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დღის განმავლობაში სამჯერ მაინც გავიდნენ ბავშვები გარეთ. გარდა ამისა, ბავშვებიდან წამოვიდა უკვე ზედმეტი აგრესია, რაც შემდეგში საკმაოდ რთული სამართავია“, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვირუსის გავრცელების დინამიკა, იძლევა იმის საშუალებას, რომ სასწავლო პროცესი დასწრებულ რეჟიმში დიდ ქალაქებშიც აღდგეს.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციას თუ დააკვირდებით, 3-დან 4,5%-მდე მერყეობს დიაგნოსტირების შემთხვევები. ყოველდღიურად დაახლოებით 15 000-დან 20 ათასამდე ტესტი ტარდება, თუ ასე გაგრძელდა, თვის ბოლოს დიდ ქალაქებში ალბათ სასურველია, რომ სკოლები გაიხსნას”, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური