GE

„ასეთ განათლების სისტემაში მასწავლებლების შეფასების საუკეთესო სისტემებიც კი წარუმატებელი იქნება“ – რაზე მიუთითებს საერთაშორისო კვლევა

“სათანადოდ არ იყო შესწავლილი და შეფასებული, პროფესიული განვითარების მიზნით მასწავლებელთა მხრიდან განხორციელებული აქტივობების შესრულების შედეგები;  არ არის იდენტიფიცირებული დარგებისა და კარიერული საფეხურების მიხედვით სავალდებულო და არჩევითი ტრენინგმოდულები, ასევე არ არის შემუშავებული მასწავლებელთა გადამზადების ეტაპობრივი და თანმიმდევრული გეგმა; 2020 წლიდან პროფესიული უნარების დამადასტურებელ გამოცდაში გადასალახი მინიმალური ზღვარი არ არის განსაზღვრული. ამასთანავე, მიუხედავად მასწავლებლების მიერ გამოცდაზე მიღებული დაბალი შედეგებისა, იზრდება იმ მასწავლებლების რიცხვი, რომლებმაც მომდევნო კარიერულ საფეხურზე გადაინაცვლეს; მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მინიმალური საგამოცდო ბარიერი − 30%,2 მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საერთაშორისო პრაქტიკას, რომლის მიხედვით, ეს მაჩვენებელი საშუალოდ 70%-ია”, – ეს მოკლე ამონარიდები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშიდან არის, რომელზეც EDU.ARIS.GE უკვე წერდა.

ასეთ შეფასებებს საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებისგან განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. ნაწილი მასწავლებლებს ადანაშაულებს, მეორე მხარე კი არასწორად დაგეგმილ ღონისძიებებს მასწავლებელთა განვითარებისთვის და მათი შეფასების არასწორ მექანიზმებსაც.

ამ კონტექსტში საგულისხმო და გასათვალისწინებელია ის ჩანაწერები, რომელიც მასწავლებლის შეფასების მიზნებზე გვხვდება სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის (TALIS) ბოლო ანგარიშში.

შეფასება მასწავლებლის პროფესიული ზრდისა და განვითარებისადმი სისტემური მიდგომის მხოლოდ ერთი კომპონენტია. განათლების სისტემაში ჩართულია ბევრი დაინტერესებული მხარე, რომელთაც სხვადასხვა როლი და პასუხისმგებლობა აკისრიათ მოსწავლეთა სწავლის მხარდაჭერისა და სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საქმეში. განათლების პოლიტიკის წარმმართველმა ინსტიტუციებმა საკმაოდ დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს მასწავლებელთა შეფასებისა და წახალისების ეფექტიანი სისტემების ჩამოყალიბების მიმართულებით. ეს ყოველივე მოიცავს როგორც მიღწევების შეფასების ფორმალიზებულ სისტემებს, როგორც სკოლის, ასევე მთლიანად განათლების სისტემის მასშტაბით, ასევე ზოგიერთ ქვეყანაში შემუშავებულ, მიღწევებთან დაკავშირებულ წახალისების მექანიზმებს.

გამოცდებისა და შეფასების სრულყოფილად რეალიზაციისათვის აუცილებელია ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება: უპირველესად მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ მასწავლებლის საქმიანობის ეფექტიანობას უმთავრესად განსაზღვრავს მისი მომზადებისა და პრაქტიკაში ჩართვის ეტაპი. მასწავლებლის სტატუსის მოპოვებამდე ყველა დამწყებმა მასწავლებელმა უნდა დაადასტუროს საგნისა და მეთოდიკის ცოდნა, ასევე სწავლების უნარები.

დღეს პროფესიაში შემსვლელთათვის შეფასების სისტემების შემუშავებისას ძირითადი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მასწავლებლობის მსურველს ჰქონდეს საკმარისი კვალიფიკაცია მიუხედავად იმისა, თუ რა გზა გაიარა მან ამ პროფესიისთვის მოსამზადებლად. დასაქმების პრაქტიკა ხელს უნდა უწყობდეს სამუშაოზე აყვანისთვის განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მასწავლებლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმების თანხვედრას. უნდა აღინიშნოს, რომ მასწავლებლების შეფასების საუკეთესო სისტემებიც კი წარუმატებელი იქნება ისეთ განათლების სისტემაში, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ტრენინგების დაგეგმვასა და მასწავლებელთა მომზადებას საჭიროებების მიხედვით, რათა პერსპექტიულმა კადრებმა პროფესიული პრაქტიკის პირველივე დღიდან შეძლონ სათანადო უნარებისა და ცოდნის შეძენა, პროფესიისათვის აუცილებელი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.

როგორი უნდა იყოს მასწავლებლის შეფასების მიზნები და პრინციპები TALIS-ის თანახმად:

მასწავლებლის შეფასება ხშირად ეფუძნება წახალისებისა და დასჯის მექანიზმებს, რომლებიც მიზნად ისახავს: თითოეული მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის ეფექტიანობის გაზომვას, მასწავლებელთა რანჟირებას მათი კვალიფიკაციის მიხედვით, „მაღალი“ შეფასების მქონეთა წახალისებას და „დაბალი“ შეფასების მქონეთა დასჯას. ასეთი გამარტივებული მიდგომა არა მხოლოდ უგულებელყოფს სწავლა-სწავლების პროცესის კომპლექსურ ხასიათს, არამედ აცდენილია მასწავლებლის შეფასების ნამდვილ მიზნებს.

მასწავლებლის გამოცდისა და შეფასების ძირითადი მიზანი უნდა იყოს პროფესიონალი პედაგოგის ცოდნის, უნარების, დამოკიდებულებებისა და საკლასო პრაქტიკის გაუმჯობესება. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, მიზნად უნდა ისახავდეს მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებას. შეფასება ასევე უნდა წაახალისებდეს მასწავლებლის სურვილს, დარჩეს პროფესიაში. მასწავლებელთა უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების კომპლექსური სისტემები ეხმარება მათ, გაიღრმაონ საგნობრივი და პროფესიული ცოდნა, დახვეწონ თავიანთი პრაქტიკა, ასევე კრიტიკულად გააანალიზონ როგორც საკუთარი, ისე მათი მოსწავლეების მიღწევები. შეფასებამ ასევე უნდა წაახალისოს მასწავლებელი, გაეცნოს და დანერგოს ცვლილებები, რომლებიც საჭიროა სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად. პროფესიული საქმიანობის შეფასების კომპლექსური სისტემა, რომელიც ეფუძნება მასწავლებლების, მოსწავლეებისა და სკოლების ინდივიდუალურ საჭიროებებს, უზრუნველყოფს მიზნობრივ მხარდაჭერას, დახმარებას და იძლევა პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.

ეფექტიანი შეფასების მნიშვნელოვანი წინაპირობაა უსაფრთხო და ღია თანამშრომლობითი გარემო. როდესაც მასწავლებლის საქმიანობის შეფასება გამჭვირვალეა და ღიად ეფუძნება თანამშრომლობას, მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, შექმნან პროფესიული საზოგადოებები და ისწავლონ ერთმანეთისაგან. ეს შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განმავითარებელი შეფასების გამოყენებით.

მასწავლებლის მიღწევების მაჩვენებლები ყველაზე მეტად გამოსადეგია მაშინ, როდესაც მას საფუძვლად უდევს მკაფიო სტანდარტები. მასწავლებლებს სჭირდებათ მკაფიო და ქმედითი უკუკავშირი, რომელიც ეფუძნება მასწავლებლისა და მოსწავლის სტანდარტებს. ეს უკუკავშირი უნდა იყოს ყოვლისმომცველი, გამჭვირვალე და ემყარებოდეს კრიტერიუმებზე დაფუძნებულ შეფასებას. უკუკავშირი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სრულყოფილი სისტემის ყველაზე ეფექტიანი კომპონენტია.

შეფასების მაჩვენებლების ვალიდურობა აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ის სრულყოფილი იყოს. მასწავლებლის საქმიანობის ეფექტიანობის მაჩვენებლები უნდა ეყრდნობოდეს სწავლების აღიარებულ სტანდარტებს და უნდა ფარავდეს მისი პრაქტიკის დიდ დიაპაზონს. ეს მაჩვენებლები ასევე უნდა ეყრდნობოდეს შეფასების მრავალფეროვან მეთოდებს.

პედაგოგები თავად უნდა მონაწილეობდნენ მათი საქმიანობის ეფექტიანობისა და სწავლის შედეგების შეფასების პროცესში. მასწავლებელს შეუძლია უდიდესი წვლილი შეიტანოს კონკრეტული კლასისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სასწავლო მიზნების ჩამოყალიბებაში მისი უნიკალური კონტექსტის გათვალისწინებით. შემოწმებისა და შეფასების სისტემები უნდა შეიქმნას მასწავლებლებთან ან მათ წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საერთო შეთანხმების საფუძველზე. მიდგომები უნდა იყოს დაბალანსებული და ითვალისწინებდეს როგორც ადგილობრივ კონტექსტს, ისე პოლიტიკურ რეალობას.

მასწავლებელთა გამოცდისა და შეფასების ყოვლისმომცველი სისტემა უნდა მოიცავდეს ორ ერთმანეთისაგან განსხვავებულ კომპონენტს. ესენია:

1) სასწავლო პრაქტიკის თანმდევი განმავითარებელი შეფასება, რომლის მიზანია მასწავლებლის პროფესიული ზრდა და მისი პრაქტიკის გაუმჯობესება; 2) პერიოდული შემაჯამებელი შეფასებები მასწავლებლის კარიერული სტატუსის განსაზღვრის მიზნით.

“შეფასების ეს ორი კომპონენტი უნდა ეფუძნებოდეს საერთო სტანდარტებს, მაგრამ, ამასთანავე, მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან. განმავითარებელი, მიმდინარე შეფასება, რომელშიც თავად პედაგოგები არიან ჩართულნი თავიანთი პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, არ უნდა ითვალისწინებდეს სასჯელს ან ჯილდოს. ასეთი შეფასებები უნდა ხორციელდებოდეს რეგულარულად. განმავითარებელმა შეფასებამ ხელი უნდა შეუწყოს კოლეგებს შორის თანამშრომლობასა და უკუკავშირის გაცვლას. განმავითარებელმა შეფასებამ საშუალება უნდა მისცეს კოლეგებს, მენტორებსა და პროფესიონალ ტრენერებს, რომ მასწავლებლებს მიაწოდონ უკუკავშირი მათი პრაქტიკის შესახებ. შეფასებებმა ხელი არ უნდა შეუშალოს სასწავლო პროცესს და, ამავდროულად, არ უნდა ჰქონდეს კავშირი მასწავლებლის დასაქმებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებთან. განმავითარებელი შეფასებისთვის ასევე შესაძლებელია მოსწავლეთა მოსაზრებების გამოყენებაც, რათა მასწავლებლებს ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ როგორ აფასებს მოსწავლე საკუთარ პროგრესს. ეს ხელს შეუწყობს მასწავლებელს, რომ იზრუნოს მოსწავლის მიღწევების გაუმჯობესებაზე. მასწავლებლის შეფასების ამ ორი ფუნქციის – განვითარებისა და ანგარიშვალდებულების – ერთ ინსტრუმენტში შეთავსებას მკვლევართა და პრაქტიკოსთა ნაწილი სკეპტიკურად უყურებს (იხ. OECD (2013). Synergies for Better Learning: An International Perspective on Evaluation and Assessment; Santiago, P. and F. Benavides (2009)).

როდესაც შეფასების მიზანი მასწავლებლის საქმიანობის გაუმჯობესებაა, მასწავლებლები, როგორც წესი, უფრო ღიად აღიარებენ საკუთარ სისუსტეებს. მათ აქვთ მოლოდინი, რომ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებები საჭიროებების განსაზღვრასა და გადამზადების პროგრამებთან დაკავშირებით მათთვის უფრო რელევანტური იქნება. ხოლო როცა არსებობს სამსახურის დაკარგვის, კარიერულ გზაზე დაქვეითების ან ხელფასის შემცირების ალბათობა, მასწავლებლის გულწრფელობის ხარისხი იკლებს და, შესაბამისად, შეფასების ფუნქცია, გააუმჯობესოს მასწავლებლის პრაქტიკა, მნიშვნელოვნად სუსტდება. ერთი და იმავე შეფასების ორი მიზნით გამოყენება ზოგიერთი ინსტრუმენტის (მაგალითად, თვითშეფასების) სარგებლიანობის ღირებულებას ამცირებს.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევაა, რომელიც შეისწავლის მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ აქტივობებს და აქცენტს აკეთებს მასწავლებელთა სამუშაო პირობებისა და სასკოლო გარემოს შესწავლაზე. საქართველოდან კვლევაში მონაწილეობა მიიღო საშუალო საფეხურის 3101 მასწავლებელმა და 192 სკოლის დირექტორმა. კვლევის მიმდინარეობის დროს ასევე გამოიკითხა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევაში ჩართული სკოლების 1923 მასწავლებელი და136 სკოლის დირექტორი.

საქართველოში მასწავლებლების თვითშეფასება ისეთივეა, როგორც ინგლისში და უსწრებს ფინეთსა და იაპონიას – TALIS-ის ბოლო კვლევა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური