GE

აშშ-ის საელჩოს სამართლის ატაშე გრუნის ეწვია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ინტენსიურ თანამშრომლობას განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან. გაცვლით და მოხალისეობრივ პროექტებში ჩართვასთან ერთად, საელჩოს მაღალი რანგის წარმომადგენლები პერიოდულად სტუმრობენ უნივერსიტეტს და თავიანთ საქმიანობასა და გამოცდილებას უზიარებენ სტუდენტებს.

2022 წლის 7 ივნისს გრუნის ეწვია აშშ-ის საელჩოს სამართლის ატაშე, გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელი, ჰეზერ ბერგი.

სტუმარს ახლდნენ: ამირა ისმაილი – სახალხო დიპლომატიის ოფიცერი, გიორგი ბერიშვილი – სამართლის ატაშეს ოფისის თანამშრომელი, გამომძიებელი და ლიკა გუმბერიძე – ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი.

დელეგაციის ვიზიტი დაიწყო კამპუსის ტურით, რომელსაც უძღვებოდა რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე და რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სასწავლო გარემო, ფუნქციურად დიფერენცირებული აუდიტორიები, სახელობითი კაბინეტები, კრიმინალისტიკის ლაბორატორია და მულტიმედიაცენტრი. ატაშე განსაკუთრებით მოიხიბლა კრიმინალისტიკის ლაბორატორიით, რომლის საქმიანობა და დანიშნულება სტუმარს დეტალურად გააცნო პროფესორმა გია დეკანოზიშვილმა.

სამართლის ატაშემ გრუნის სტუდენტებთან წაიკითხა ლექცია გამოძიების ფედერალური ბიუროს როლისა და საქმიანობის შესახებ, ისაუბრა ბიუროში, როგორც ქალის, მუშაობის გამოცდილებაზე. ლექცია ინტერაქტიურ ფორმატში წარიმართა და სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.

ვიზიტის შემდეგ, უნივერსიტეტის სამართლის დოქტორანტმა და შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსპეტიზის განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების უფროსმა, მთავარმა ექსპერტმა, პოლიციის ვიცე- პოლკოვნიკმა გიორგი ძინძიბაძემ სტუმარს გადასცა საკუთარი წიგნი „სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი გლუვი და კომბინირებული ლულებით“.

ლექციის შემდეგ გაიმართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური