GE

სკოლის აუცრელი თანამშრომლები ყოველ 7 დღეში ერთხელ გაიტესტებიან – ცვლილება პრემიერის ბრძანებაში

„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილება შევიდა.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი 7 ოქტომბრის ბრძანებით დადგინდა, რომ იცვლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელთა კორონავირუსზე ტესტირების პრინციპი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი პირი 14 დღეში ერთხელ, ხოლო აუცრელი 7 დღეში ერთხელ გაიტესტება.

“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე: ა) სრულად, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით ვაქცინირებული პირები – ყოველ 14 დღეში ერთხელ პჯრ მეთოდით; ბ) არასრულად ვაქცინირებული, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ 1 დოზით და/ან აუცრელი პირები – ყოველ 7 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით, რომელიც შესაძლებელია, უზრუნველყოფილ იქნეს სკოლის ექიმის და/ან ამ მიზნით სპეციალურად გადამზადებული სხვა პერსონალის მიერ იმ პირობით, რომ პერსონალის გადამზადება განხორციელდება ეროვნული ცენტრისა და მუნიციპალური სჯდ ცენტრების მიერ, ტესტებითა და საკვლევი ნიმუშის ასაღები მასალებით მომარაგდებიან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში”, – წერია პრემიერის ბრძანებაში.

ბრძანების თანახმად, ჩატარებული ტესტების თაობაზე ინფორმაცია უნდა დარეგისტრირდეს შესაბამისი სკოლის პერსონალის მიერ ტესტის ჩატარებიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში.

“გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც არსებობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობა ტესტირების განხორციელების შეუძლებლობის შესახებ ან დაწესებულებაში მომუშავე პირები სარგებლობენ დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელით”, – აღნიშნულია ბრძანებაში.

ასევე იხილეთ:

რა პრინციპით დაუფინანსდება მასწავლებელს დისტანციური გაკვეთილები და რა შემთხვევაში არ მიიღებს დამატებით თანხას

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი