GE

აუდიტი: მეცნიერებათა აკადემია შემოწირულობებს კონტროლის მექანიზმების გვერდის ავლით ხარჯავდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობა შეისწავლა. ანგარიში 2019 წლის პირველი იანვრიდან, 2020 წლის პირველი იანვრის პერიოდს მოიცავს და აკადემიის ფინანსურ საქმიანობაში არსებულ დარღვევებს აერთიანებს.

მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აკადემიას ადმინისტრაციული შენობის ერთერთი თავისუფალი ფართი იჯარით აქვს გაცემული კომპანია „თი ბი სი“ ბანკზე. შესამოწმებელ პერიოდში, დამქირავებელი იჯარის გადასახადს როგორც ყოველთვიური სახით, ასევე დამატებით, წელიწადში 18,100 აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობის შემოწირულობებისა და გრანტების სახით იხდიდა. აღნიშნული თანხა აკადემიის მიერ დაფუძნებულ ერთერთი აიპ-ის ანგარიშზე ირიცხებოდა. შესაბამისად, ამავე ანგარიშიდან იხარჯებოდა.

აუდიტის შეფასებით, შემოწირულობის სახით მიღებული სახარჯო სახსრების ამ ფორმით ხარჯვა შეუსაბამოა. მათივე განმარტებით, ხარჯვა ხორციელდებოდა შესაბამისი კონტროლის მექანიზმების გვერდით ავლით, საბიუჯეტო პროცესის წესების გათვალისწინების გარეშე. ამასთან ერთად, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ეს შეუსაბამობა სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკებს ქმნის და პროცესს ნაკლებად გამჭირვალეს ხდის.

აუდიტის სამსახურის ანგარიში სახელმწიფო შესყიდვების მართვის ნაკლოვანებებზეც საუბრობს. უწყების ინფორმაციით, აკადემიის სარემონტო სამუშაოებისას, შესყიდვებისთვის შედგენილ სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული შეუსაბამობების გამო, გაიზარდა სამუშაოების ღირებულება, რის შედეგადაც თანხა ზედმეტადაა ანაზღაურებული.

ამასთან ერთად, ორგანიზაციის მიერ კონდიციონერების შესყიდვისთვის გამოცხადებულ ტენდერში, კონდიციონერის აღწერისას, მითითებულია არასაჭირო პარამეტრები, რაც აუდიტის დასკვნის მიხედვით, კონკურენციის შეზღუდვის რისკს ზრდის.

შეუსაბამობა გამოვლინდა აკადემიის სამივლინებო თანხების ანაზღაურებაშიც. აუდიტის სამსახურის მტკიცებით, მივლინებებთან დაკავშირებით არ ტარდებოდა სპეციალური ანალიზი, რის შედეგადაც, სამი მივლინების ფარგლებში ზედმეტად ანაზღაურებულმა სამივლინებო თანხამ 2,938 ლარი შეადგინა. აუდიტი ასევე განმარტავს, რომ აკადემიას არ აქვს შემუშავებული დამატებითი შრომითი ანაზღაურების სამართლიანი და გამჭირვალე განაწილების მექანიზმები.

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური