GE

აუტისტის პორტრეტი – ჯეიკობ ბარნეტი არის გენიოსი ფიზიკის დარგში, რომელსაც აინშტაინზე მაღალი IQ აქვს

ექიმების პროგნოზით ეს ბიჭი უმარტივესი ამოცანების შესრულებასაც კი ვერ შეძლებდა, მაგრამ ჯეიკობის დედამ მათ არ დაუჯერა.

ამერიკელი ჯეიკობ ბარნეტი აუტიზმით დაიბადა. სპეციალისტები თვლიდნენ, რომ ის ბევრს ვერ მიაღწევდა. მათი აზრით, მთელი ცხოვრების მანძილზე ის ,,საკუთარ სამყაროში“ იქნებოდა ჩაკეტილი. დედას ურჩიეს მზად იმისთვის ყოფილიყო, რომ მისი შვილი კითხვას, წერას  ან თუნდაც ფეხსაცმლის თასმების შეკვრას ვერასოდეს შეძლებდა.

ჯეიკობის დედამ, ქრისტინამ, ამ პროგნოზის აღიარებაზე უარი თქვა. ის აღსავსე იყო შემართბით, რომ საკუთარი შვილის განვითარების მაქსიმუმისთვის მიეღწია. თუმცა დედაც კი ვერ ხვდებოდა, თუ როგორი მომავალი ელოდა ჯეიკობს. ახლა მისი IQ 189 ქულას შეადგენს, რაც ალბერტ აინშტაინის მაჩვენებელს აღემატება. ჯეიკობს მათემატიკისა და ფიზიკის დარგში საოცარი შესაძლებლობები აქვს. მას ნობელის პრემიასაც კი უწინასწარმეტყველებენ. ამასთან ის მხოლოდ 14 წლისაა.

ჯეიკობი რთულ მათემატიკურ ამოცანებს პირდაპირ ფანჯრის მინაზე ხსნის. ქრისტინას თქმით ეს განტოლებები უცნაურად გამოიყურება, თუმცა ჯეიკობისთვის ეს ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. ბიჭის დედის განცხადებით, ის დიდი ხნის მანძილზე ვერც კი ხვდებოდა, თუ რა ხდებოდა მისი შვილის თავში.

სამი წლის ასაკში ჯეიკობს პლანეტარული ორბიტების განმსაზღვრელი კანონის ახსნა შეეძლო. ბიჭი მას ბურთის ტრიალის დროს მიხვდა. ოთხი წლის ასაკში მან ამერიკის შეერთებული შტატების რუქა ზეპირად დაიმახსოვრა. თერთმეტი წლის ასაკში კი ის ინდიანას უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ამჟამად ჯეიკობი მაგისტრატურაზე სწავლობს და მან ფიზიკის ახალ თეორიაზე დაიწყო მუშაობა. მისი ორიგინალურობა ამ სფეროს ექსპერტებმა უკვე აღიარეს.

მისი გმირები ფიზიკოსი რიჩარდა ფეინმანი და დონალდ ტრამპი არიან. ჯეიკობი ამას მარტივად ხსნის: ,,მე პატივს იმ ადამიანებს ვცემ, რომლებიც წარმატებას თავიანთ სფეროში აღწევენ“.

ჯეიკობის პირადი წარმატებები კი შეუძლებელი იქნებოდა მისი დედის, 39 წლის საბავშვო ბაღის აღმზრდელის, ქრისტინას რწმენისა და მიზანდასახულობის გარეშე, მან თავისი შვილის სპეციალისტების თვალით დანახვაზე უარი განაცხადა.

თავიდან ქრისტინა ფსიქოლოგების რეკომენდაციებს ბრმად მისდევდა და შვილის მისი შინაგანი სამყაროდან ,,გამოყვანას“ ცდილობდა. ბავშვთან ლოგოპედი, ფიზიოთერაპევტი, განვითარების სპეციალისტი, ნევროლოგი და ფსიქოლოგი მუშაობდა. ,,ჯეიკობი კვირაში 40 საათს მეცადინეობდა. თითოეული სპეციალისტი მის ,,გამოსწორებას“ ცდილობდა. თუ ბავშვი ბურთს ატრიალებდა, მას ართმევდნენ და ლაპარაკის დაწყებას აიძულებდნენ, რის გამოც ის საკუთარ თავში კიდევ უფრო იკეტებოდა,’’ – იხსენებს დედა.

ზაფხულის ერთ მზიან დღეს სამსახურში ბავშვებთან ბალახზე გართობის დროს ქრისტინა მიხვდა, რომ ჯეიკობს ერთ წელზე მეტხანს საერთოდ არ უთამაშია. ბავშვის პედაგოგები მხოლოდ მისი სოციალური შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე ზრუნავდნენ. ბიჭის დედა მიხვდა, რომ მას საკუთარი შვილისთვის ბავშვობა აუცილებლად უნდა დაებრუნებინა.

ქრისტინმა საღამოობით შვილის სასეირნოდ გაყვანა დაიწყო. სწორედ ერთ-ერთი ასეთი სეირნობის დროს ჯეიკობმა ვარსკვლავებისადმი ინტერესი გამოავლინა. ამიტომ ქრისტინმა მისი პლანეტარიუმში წაყვანა გადაწყვიტა. ისინი ერთ-ერთ ლექციასაც დაესწრნენ. ქრისტინს ეგონა რომ ჯეიკობი მის მოსმენას ბოლომდე ვერ შეძლებდა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ბიჭი განსაკუთრებული ინტერესით ისმენდა ინფორმაციას და ლექტორის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემაც მხოლოდ მან შეძლო. სწორედ ამ მომენტში ქრისტინი მიხვდა თუ რამდენად განსხვავებულია მისი შვილი სხვებისგან.

მას შემდეგ რაც ჯეიკობმა თვითონ დაიწყო საქმიანობის არჩევა, ის იმდენად გაღიზიანებული აღარ იყო. მან ხალხთან ურთიერთობაც დაიწყო. თუმცა სკოლა, რომელშიც ის გამარტივებულ პროგრამას გადიოდა, მას აღარ მოსწონდა. ამიტომ ქრისტინმა მისი სკოლიდან გაყვანა დაგაწყვიტა. ამის შემდეგ დედამ ჯეიკობის უნივერსიტეტში ტარება დაიწყო სადაც ის მათემატიკის, ასტრონომიისა და ფიზიკის ლექციებს ესწრებოდა.

ბიჭის მშობლები დიდი ხანი ცდილობდნენ ზედმეტი ყურადღება არ მიეპყროთ თავიანთი ნიჭიერი შვილისთვის. თუმცა მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა გაზეთმა სტატია ვუნდერკინდ აუტიტზე დაბეჭდა, ჯეიკობი მთელმა მსოფლიომ გაიცნო.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური