GE

ავტონომიური რესპუბლიკების განთლების სამინისტროებს სკოლის დირექტორების გათავისუფლების უფლება ექნებათ

პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს აჭარის ავტონომიური საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივას ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებისთვის გარკვეული სახის უფლებამოსილებების გადაცემას გულისხმობს.

კერძოდ, ცვლილებების პაკეტის მიხედვით, ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამინისტროებს მიეცემათ უფლება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, გაფრთხილება მისცენ და შემდეგ გაათავისუფლონ საჯარო სკოლის დირექტორები და დაითხოვონ სამეურვეო საბჭოები.

როგორც კანონპროექტზე საუბრისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილმა განაცხადა, ეს ცვლილებები საშუალებას მისცემს ავტონომიურ რესპუბლიკების განათლების სამინისტროებს, ეფექტურად მართონ მათ იურისდიქციაში მყოფი საჯარო სკოლები. ამ შემთხვევაში კი საუბარია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებულ 229 საჯარო სკოლაზე.

წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის ზოგადი განათლების შესახებ კანონის 49-ე მუხლში, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ კონტროლის განხორციელებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე.

„ჩვენ მიერ წარმოდგენილი ცვლილებები სამი კომპონენტისგან შედგება. პირველი ცვლილების მიხედვით ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამინისტროებს ენიჭებათ უფლებამოსილება, საჯარო სკოლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, მიეცეთ შესაბამისი წერილობითი გაფრთხილება და მოახდინონ დასაბუთებული წარდგინება სამეურვეო საბჭოებისადმი, რათა მოხდეს დირექტორის ან მისი მოვალეობის შემსრულებლისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა. ასევე, თუ ერთი წლის განმავლობაში დირექტორის ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობის გამო საჯარო სკოლა მიიღებს ორ გაფრთხილებას, ამ შემთხვევაშიც სამინისტროებს ჰქონდეთ უფლება, ვადამდე ადრე შეუწყვიტონ უფლებამოსილება დირექტორს, ან მისი მოვალეობის შემსრულებელს. მესამე კომპონენტი, რასაც ცვლილება ითვალისწინებს არის ის, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც არ მოხდება გაფრთხილებით მითითებულ ვადაში დარღვევის აღმოფხვრა, დათხოვნილ იქნას სამეურვეო საბჭო ან ვადამდე შეუწყდეს უფლებამოსილება. ეს ხელს შეუწყობს დარღვევების პრევენციას და წაადგება აჭარის ტერიტორიაზე არსებულ 229 სკოლას, რომ გააუმჯობესოს სასწავლო გარემო“, – განაცხადა ვლადიმერ მგალობლიშვილმა.

პირველი მოსმენით კანონპროექტი უკვე განიხილეს სამ კომიტეტში, წამყვანი მათ შორის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტია. სამივე კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

ვლადიმერ მგალობლიშვილის თქმით, ცვლილებები შეთანხმებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან.

„ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა შეთანხმებულია ყველა მხარესთან და არსებობს მზაობა, რომ განხორციელდეს ამ უფლების დელეგირება ავტონომიებისთვის და შემდეგ მოხდეს მისი ეფექტური გადაწყვეტა“, – განაცხადა ვლადიმერ მგალობლიშვილმა.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური