GE

აწსუ-ის სტუდენტი ივერი წასიძე ქამრიან ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

8-10 ოქტომბერს უკრაინაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქამრიან ჭიდაობაში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ივერი წასიძემ ფინალში მოლდოველი მეტოქე დაამარცხა და ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი გააჟღერა. ის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია. ამბობს, რომ ამ ჩემპიონატისთვის განსაკუთრებით ემზადებოდა, რადგან ასპარეზობა სხვა სახეობაში უწევდა.

,,მე სხვა სტილში ვჭიდაობ, ძიუდოისტი ვარ და ეს ქამრიანი ჭიდაობა იყო. თუმცა, შევძელი მოგება და ძალიან მიხარია, რომ ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის ჰიმნი გავაჟღერე. ფინალში მეტოქე მოლდაველი იყო, ასევე ძლიერი მეტოქე მყავდა უკრაინიდან ნახევარფინალშიც’’, – ამბობს ივერი.

გამარჯვებას წინ დიდი ფიზიკური შრომა და მომზადება უძღოდა. როგორც ჩემპიონის მწვრთნელი, გეგა ჩირგაძე ყვება, უკრაინაში გამგზავრებამდე სამთვიანი ინტენსიური მომზადება გაიარეს. ამბობს, რომ ივერი ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენია იმ ჩემპიონებიდან, რომლებიც უნივერსიტეტს ჰყავს და იმედოვნებს, რომ გულშემატკივრებს კიდევ არაერთხელ გაახარებს.

,,ამ კონკრეტული შეჯიბრებისთვის 3 თვით ადრე დავიწყეთ მომზადება. უნივერსიტეტისა და ქალაქის თვითმმართველობის ფინანსური ჩემპიონატზე გამგზავრების პრობლემა მოგვიგვარდა. ივერიმ მართლაც გასაოცარი შედეგიც დადო. ძალიან რთულია, როდესაც ერთ სახეობაში ჭიდაობ, მაგრამ ჩემპიონატზე სხვა სახეობაში გამოდიხარ. საკმაოდ რთული შეხვედრები იყო და დასაფასებელია მისი მონდომება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის გამორჩეული სპორტსმენია’’, – აღნიშნა გეგა ჩირგაძემ.

ივერი წასიძე 13 წლის იყო როცა ჭიდაობით დაინტერესდა და მას შემდეგ საუკეთესო შედეგების მისაღწევად იბრძვის. დიდი გამარჯვებებისკენ სწრაფვაში სტიმული 2008 წელს ირაკლი ცირეკიძის ოლიმპიურმა ჩემპიონობამ მისცა.

,,ამ სპორტით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც 2008 წელს ირაკლი ცირეკიძის გამოსვლას ვუყურე ოლიმპიადაზე. მაშინ ომის პერიოდი იყო ჩვენთან და მისმა გამარჯვებამ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ნახევარფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა და შემდეგ ოქროს მედალი მოიგო. ხელში ოქროსთან ერთად შავი ლენტი ეჭირა და მიუხედავად იმისა, რომ მე პატარა ვიყავი, ძალიან ემოციური იყო, პატრიოტული სულისკვეთება გამიღვიძა და გადავწყვიტე მეც მასავით ძლიერი სპორტსმენი გავმხდარიყავი’’, – იხსენებს ივერი.

ბავშვობის ოცნებები რომ შეიძლება რეალობად იქცეს, ამას 24 წლის სპორტსმენის შედეგებიც ამტკიცებს. მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთად, ის არის საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში და ევროპის თასის ბრინჯაოს პრიზიორი ძიუდოში ჭაბუკთა შორის.

ივერი წასიძე კიდევ ორი ჩემპიონატისთვის ემზადება. ის მიმდინარე წელს ძიუდოსა და სამბოში საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური