GE

აწსუ-ში სოფო სოფრომაძის სახელობის სტიპენდიის მფლობელი გამოვლინდა

სამართლის საბაკალავრო პროგრამის მე-6 სემესტრის შედეგებისა და აკადემიური მიღწევების გათვალისწინებით, სოფო სოფრომაძის სახელობის ფონდის რიგით მეექვსე სტიპენდიანტი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გამორჩეული სტუდენტი თამარ ნიქაბაძე გახდა.

„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერტსიტეტში ბიზნესის,სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის სპეციალობაზე სწავლა 2019 წელს დავიწყე. ბავშვობიდანვე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ მომავალში დავეუფლებოდი ამ სპეციალობას, რისი სურვილიც სამოქალაქო სასამართლოში სასწავლო ვიზიტმა გააძლიერა – სასამართლო პროცესის ხილვით გამოწვეულმა შთაბეჭდილებებმა წარუშლელი კვალი დატოვა ჩემზე. სამართლიანობისკენ სწრაფვა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა ჩემი მთავარი მამოძრავებელი იდეაა. მსურს მცირედი წვლილი მაინც შევიტანო საზოგადოებაში სამართლიანობის განცდის განმტკიცებაში. დაინტერესებული ვარ სამოქალაქო სამართლით, რადგან სამართლის ეს დარგი, რომელიც პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს აწესრიგებს, მეტად საინტერესო, მრავლისმომცველი და შემეცნებითია ჩემთვის. მომავალში, ჩემს თავს სწორედ ამ მიმართულებით ვხედავ.
მეტად მომხიბვლელია სასამართლო პრაქტიკაც, ვინაიდან შესაძლებლობას გვაძლევს გავითავისოთ თეორიული ნაწილი, აღნიშნული პროცესი სამართლის სისტემას ერთგვაროვან, ცოცხალ და მუდმივად განვითარებად მექანიზმად აქცევს, რომლის დაუფლება და გათავისება მომავალი პროფესიული უნარჩვევების ჩაოყალიბებაში გვეხმარება. ამჟამად, სწავლასთან ერთად, ვმუშაობ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალში“, ვთვლი, რომ ეს უკანასკნელი, საკმაოდ საინტერესო პრაქტიკაა ჩემთვის და მომავალში შესაძლოა მეც ამ სფეროში დავიმკვიდრო თავი. ამასთან, მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ აქტივობებში. მადლობა მინდა გადავუხადო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უივერსიტეტსა და სოფო სოფრომაძის სახელობის ფონდს სტუდენტთა მხარდაჭერისთვისა და მათი მოტივაციის წახალისებისთვის. ჩემთვის მნიშველოვანი, საპასუხისმგებლო და ამავდროულად სიმბოლურია ვიყო სოფო სოფრომაძის სახელობის ფონდის სტიპენდიანტი. ვიმედოვნებ, მომავალში მეც მექნება შესაძლებობა საკუთარი წვლილი შევიტანო ფონდის განვითარებაში”,- ამბობს თამარ ნიქაბაძე

სოფო სოფრომაძე უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო, რომელიც 2018 წლის აპრილში ანევრიზმით დაიღუპა. სოფოს მეგობრებმა მისივე სახელობის ფონდი დაარსეს. ფონდი თავის საქმიანობას ახორციელებს შემოწირულობების საფუძველზე. ფონდის დაფინანსება და თანხის სტიპენდიისთვის მობილიზება ხორციელდება ფონდის ერთგული გულშემატკივრებისა და სოფოს ოჯახის, მეგობრების, კოლეგების მხარდაჭერით. საბანკო რეკვიზიტები

მიმღები : ააიპ სოფო სოფრომაძის სახელობის ფონდი
საქართველოს ბანკი
GE06BG0000000103326557

 

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm