GE

ახალ  სააგენტოში, რომელიც ახალგაზრდობის საკითხებზე იმუშავებს, კადრებს უკონკურსოდ დანიშნავენ

პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო უნდა შეიქმნას.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძემ დეპუტატებს კანონპროექტი წარუდგინა და ის ცვლილებები გააცნო, რომელიც დოკუმენტში პირველი მოსმენის შემდეგ შევიდა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს და მის მოადგილეებს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. ასევე, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის შტატით დასაქმებული და შტატგარეშე მომუშავე თანამშრომლები, კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში, შესაბამის თანამდებობებზე უკონკურსოდ დაინიშნებიან.

კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომ ახალ უწყებას  „ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო“ ეწოდოს. მისივე თქმით, ევროპულ ქვეყნებში მსგავს საკითხებზე მომუშავე უწყებები ანალოგიურ სახელებს ატარებენ და კარგი იქნება, თუ ევროპული გამოცდილების გაზიარება მოხდება.

ნათია ზედგინიძემ სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით, კომიტეტს მსჯელობის გამართვა შესთავაზა. დეპუტატებმა კანონპროექტის პლენარულ სესიაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის -ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის შერწყმის შედეგად შეიქმნება.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური