GE

ახალგაზრდა მუსიკოსები ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის მხარდასაჭერად კონცერტს გამართავენ

დასწრებიხართ კონცერტს, რომლის ბილეთიც სათამაშოების სანაცვლოდ მიგიღიათ და ამით ძალიან მნიშვნელოვან საქმეში შეგიტანიათ წვლილი?

26 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ახალგაზრდა მუსიკოსი ცოტნე ზედგენიძე და ილიაუნის მუსიკის ცენტრის საშემსრულებლო მიმართულების სტუდენტები – ბადი ანთაძე, მარიამ ბეჟუაშვილი, დავით ალადაშვილი, ელენე გოგოლაძე, ნიკოლოზ შენგელია – ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბენეფიციარების მხარდასაჭერად გაერთიანდებიან და არაჩვეულებრივ მუსიკალურ პროგრამას წარმოგიდგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ნინო მამრაძის ხელმძღვანელობით.

კონცერტზე შესრულდება ი. ს. ბახის, ფრანც ლისტის, მორის რაველის, ალექსანდრე სკრიაბინის, ბელა ბარტოკის, ჟიორდ ლიგეტის, ასტორ პიაცოლას, ბრედ მელდოუს, დიუკ ელინგტონის, ჰერბი ჰენკოკისა და ცოტნე ზედგენიძის ნაწარმოებები.

კონცერტზე დასასწრებად აუცილებელი პირობაა, თან იქონიოთ ერთი ან, სურვილის შემთხვევაში, რამდენიმე სათამაშო, რომლებიც ჩვენს პატარებს ფიქრის, მეტყველების, ემოციების გამოხატვის, დაკვირვების, კონცენტრაციის უნარებისა და მოტორული ფუნქციების განვითარებაში დაეხმარება.  ამ მიზნის მიღწევაში ბავშვებს თოჯინები, სახლობანას ატრიბუტიკა, ფაზლები, მაგნიტური სილა, კონსტრუქციები, სამაგიდო თამაშები, პლასტელინი და სხვა მსგავსი ტიპის სათამაშოები გამოადგებათ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის მუსიკის ცენტრს, ნინო მამრაძესა და შემსრულებლებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი