GE

ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლების უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ NASA-ს კოსმოსური ცენტრის სასწავლო პროგრამაში

ათასწლეულის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოაცხადა, რომელიც მიზნად ისახავს უფროსკლასელებში საბუნებისმეტყველო და საინჟინრო დარგებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას. კონკურსი, რომელიც 2014 წლიდან ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, გზას უკვალავს ახალგაზრდებს საინჟინრო-საბუნებისმეტყველო დარგებით დაინტერესებაში. კონკურსში მონაწილე ახალგაზრდები ქმნიან ინოვაციებს და გამარჯვებულები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკებში. შედეგად, აშშ-ის NASA-ს კოსმოსური ცენტრის საზაფხულო ბანაკში საქართველოდან 25-მდე ახალგაზრდას აქვს მონაწილეობა მიღებული. ჯამში კი კონკურსში უკვე 2,000-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

როგორც მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, კონკურსის მიზანია, ეროვნული კონკურსის საშუალებით, გამოავლინოს სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი სამი გამარჯვებული გუნდი, რომლებიც წარმოადგენენ ინოვაციურ პროექტებს ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგებში.

“2020 წელმა კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების განვითარება. ჩვენი მომავალი ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდა თაობის ხელშია. კონკურსის მიზანია ხელი შევუწყოთ ისეთ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ იდეები და სურვილი რომ ინოვაციები შექმნან. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი სამი ეტაპისგან შედგება, პირველ ეტაპზე ახალგაზრდებისგან შექმნილი გუნდები წარმოადგენენ კონცეფციას, მეორე ეტაპზე დამოუკიდებელი ჟიური აფასებს წარმოდგენილ განაცხადებს და ფინალურ ეტაპზე გადასულ გუნდებს ვაძლევთ მცირე გრანტს, რათა განახორციელონ მათი პროექტი და შექმნან პროტოტიპი. ბოლო ეტაპზე, კი ხდება ამ პროექტებს წარდგენა ჟიურის წინაშე და გამარჯვებულების გამოვლენა“, – აცხადებს მაგდა მაღრაძე.

პირველ ადგილზე გასული გუნდი 2021 წლის ზაფხულში გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ STEM ბანაკებში და/ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით. გუნდების მოგზაურობა დამოკიდებულია პანდემიასა და მგზავრობის შეზღუდვების მოხსნაზე, თუმცა, თუ 2021 წელს ვერ მოხერხდა გუნდების გაგზავნა უცხოეთში მათი პროგრამა 2022 წელს გადაიწევს.

კონკურსის დეტალური პირობები და განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.millennium.org.ge შევსებული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 12 მარტი.

2020 წლის გამარჯვებული პროექტები:

2020 წელს, ათასწლეულის ინოვაციის მთავარი პრიზი NASA-ში გამგზავრება გუნდმა „მედეორმა“ პროექტით „ულტრაბგერული მდგარი ტალღის მეთოდით მკურნალობა და SMART ტექნოლოგიით მონიტორინგი პარკინსონის დაავადებაზე“ მიიღო. გუნდში ხუთი მოსწავლეა – არჩილ მელიქიძე (სკოლა „აია-GESS“), მარიამ უმანკოშვილი (QSI International School of Tbilisi), გიორგი გოგატიშვილი (სკოლა „აია-GESS“), მარიამ ნინუა (სკოლა „პროგრესი“) და მარიამ გულაშვილი (თბილისის #175 საჯარო სკოლა).

„ჩვენ შევიმუშავეთ პარკინსონის დაავადების მკურნალობის და მონიტორინგის ახალი მეთოდები. საინტერესო ჯგუფი შევიკრიბეთ, სამი მარიამი უფრო სამედიცინო დარგით ვართ დაინტერესებული, ხოლო გიორგი და არჩილი – ინჟინერიასა და ტექნოლოგიებით. ამ ორი სფეროს გარეშე პარკინსონის დაავადების მკურნალობა და მონიტორინგი შეუძლებელია. პარკინსონის აპრობირებული მკურნალობის მეთოდი – ულტრაბგერითი დასხივებაა, თუმცა, ამ მეთოდის მთავარი ხარვეზი არის ის, რომ დასხივებისას სხივი შეიძლება აცდეს სამიზნე უბანს, რადგანაც ორგანიზმში უჯრედები სულ მოძრაობენ და შესაბამისად დააზიანოს მის მიმდებარე ჯანმრთელი უჯრედი. ჩვენი პროექტის ინოვაციურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მდგრადი ტალღის გამოყენებით, ვაშეშებთ სამიზნე უბანს და შემდეგ ვასხივებთ რომ დაზიანების რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ. ასევე შევიმუშვეთ მონიტორინგის ორი მეთოდი: ეს არის პარკინსონის დაავადების ყველაზე ხშირი გამოვლინების ტრემორის (კიდურის კანკალის) და მოძრაობის შენელებისთვის, სმართ ხელთათმანი და სმართ დაფა“, – აღნიშნავენ გუნდის წევრები.

მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა „მკვლევარი“, რომელიც შედგება საგარეჯოს და თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან, შექმნეს ეკოლოგიური ნეფელომეტრი, რომლის საშუალებითაც გარემოში არსებული მტვრის ნაწილაკების ოდენობის განსაზღვრა და მონიტორინგია შესაძლებელი.

“ჩვენი პროექტის შთაგონების წყარო გახდა ჩვენს უბანში, პატარძეულის ტერიტორიაზე არსებული მწვავე ეკოლოგიური პრობლემა, რომელიც გამოწვეულია ნავთობ მომპოვებელი კომპანიის არსებობით. ჰაერის დაბინძურების პრევენცია, მონიტორინგი და აღმოფხვრა მსოფლიო მნიშვნელობის მთავარი პრობლემაა. სწორედ ამ მიზნით, შეიქმნა ეკოლოგიური ნეფელომეტრის მოდელი, რომლითაც უნდა განხორციელდეს მტვრის ნაწილაკების ოდენობის განსაზღვრა. ჩვენი ხელსაწყო წარმოადგეს Arduino-ს ინტელექტუალური დაფის გარშემო ორგანიზებულ სისტემას, რომელიც სხვადასხვა მოდულების და მოწყობილობების გამოყენებით უზრუნველყოფს გაზომვის პროცესს დროში განსაზღვრული მიმდევრობებით და პროგრამული ალგორითმით“, – აღნიშნავენ გუნდი „მკლევარის“ წევრები.

მესამე ადგილზე გასული გუნდი ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შედგება, რომლებმაც შექმნეს მობილური აპლიკაცია საქართველოში ტრანსპორტის განრიგის შესახებ ინფორმაციის მარტივად მოსაპოვებლად.

„მობილური აპლიკაცია GoGeoGo საქართველოში ტრანსპორტის განრიგის შესახებ ინფორმაციის მარტივად მოსაპოვებელი აპლიკაციაა. პროგრამა დაეხმარება საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტებს და ადგილობრივებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შესახებ საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში. პროგრამის შექმნის შთაგონების წყარო ამერიკის მშვიდობის კორპუსის მოხალისეები გახდნენ, რომლებიც სკოლაში ასწავლიან და ყოველთვის გამოთქვამდნენ წუხილს, რომ უჭირდათ ინფორმაციის მოპოვება საზოგადო ტრანსპორტის განრიგის შესახებ. უახლოეს მომავალში ვაპირებთ აპლიკაციის ატვირთვას Play Store-ში. ამ აპლიკაციას, ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში ანალოგი არა აქვს. აპლიკაცია იქნება მუდმივად განახლებადი მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით. ვფიქრობთ, ჩვენი აპლიკაცია ხელს შეუწყობს ტურიზმის და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის განვითარებას დიდ ქალაქებთან ერთად პერიფერიულ სოფლებშიც“.

გუნდი „მედეორი“ აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით გაემგზავრება NASA-ში და კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. მეორე ადგილზე გასული გუნდი „მკვლევარი“ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA)-ს დაფინანსებით აშშ-ში ტექნოლოგიების საზაფხულო ბანაკში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი „GoGeoGo”, საქპატენტის მხარდაჭერით, ისრაელის ერთერთ წამყვან ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტექნიონის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური