GE

ახალგაზრდობის სააგენტოს კონტროლს თეა წულუკიანის უწყება განახორციელებს – პრემიერის ბრძანება

პრემიერ ირაკლიი ღარიბაშვილის ახალი ბრძანებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს №411 დადგენილებაში ცვლილებები განხორციელდა.

ცვლილებების თანახმად, სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი უნდა განახორციელოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ. მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გრანტების გაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი წეს(ებ)ი, საგრანტო კონკურსის დებულებები და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმები, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის წარდგინებით, უნდა დამტკიცდეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებ(ებ)ით − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან აქტებით.

პრემიერის ბრძანებაში წერია, რომ სააგენტოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.

სააგენტო სამინისტროსთან შეთანხმებით, განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას, თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობასა და სახელფასო ფონდს, ასევე სამინისტროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ.

კიდევ რა ფორმის კონტროლი დაუწესდება თეა წულუკიანის უწყებისგან ახალგაზრდობის სააგენტოს, იხილეთ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური