GE

ახალი ჩანაწერი სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის წესში მასწავლებელთა ანაზღაურების შესახებ

განათლების და მეცნიერების სამინისტრომ სკოლების დისტანციური სწავლების წესში ცვლილებები შეიტანა. დოკუმენტში გარკვეული საკითხების შეცვლა დაზუსტება მოხდა, მათ შორისაა დისტანციური სწავლების პროცესში პედაგოგების ანაზღაურების საკითხიც.

კონკრეტულად, „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 9 სექტემბრის №95/ნ ბრძანების 6 მუხლს მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატა კიდევ ერთი მე-14 პუნქტი, სადაც პედაგოგების ანაზღაურებაზეა საუბარი.

„საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლების ნებისმიერი მოდელის გამოყენების დროს მოქმედი საათობრივი ბადის პირობებში  მასწავლებელს  უნარჩუნდება სასკოლო სასწავლო გეგმის საათობრივი ბადის შესაბამისად დადგენილი მასწავლებლის საათობრივი დატვირთვის და „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანების შესაბამისად გაანგარიშებული შრომის ანაზღაურება“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

მინისტრის ბრძანებაში ასევე დაზუსტებულია დისტანციური სწავლების პროცესში, ჰიბრიდული, სინქრონული და ასინქრონული სწავლების გამოყენების შესაძლებლობები და დისტანციური გაკვეთილების ხანგრძლივობა.

სინქრონული ელექტრონული სწავლების დროს გაკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა არის შემდეგი: ა) I-IV კლასებში – 15-20 წუთი; ბ) V-IX კლასებში – 25-30 წუთი; გ) X-XII კლასებში – 35-40 წუთი. სინქრონული ელექტრონული სწავლების დროს რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება. სინქრონული ელექტრონული სწავლების დროს რეკომენდებულია დაგეგმილი გაკვეთილი შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგ.: ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე, თვალის 5-6-ჯერ დახამხამება. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ასინქრონული სწავლების შემთხვევაში სკოლა ადგენს სასკოლო საათობრივ ბადეს დისტანციური სწავლების პერიოდისათვის“, – ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.

გარდა ამისა, ცვლილება განიცადა დისტანციური სწავლების შეთანხმების ფორმამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

დისტანციური სწავლების სასკოლო სასწავლო გეგმა დამტკიცდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური