GE

ახალი კლასები და დირექტორთა გადამზადება – რას გეგმავს სამინისტრო წინასასკოლო მომზადების მიმართულებით

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აცხადებს, რომ განათლების რეფორმის ფარგლებში საჯარო სკოლებში სასკოლო მზაობის ჯგუფები გაიხსნება. ამის შესახებ მან პარლამენტში განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც განათლების დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა დაიწყეს.

„მსოფლიო ბანკთან ერთად გვაქვს დაგეგმილი, და დღეისთვის საუბარია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მასწავლებელთა გადამზადების და სერტიფიცირების სისტემის შემუშავებაზე, სკოლამდელი დაწესებულებების რესურსებით უზრუნველყოფაზე, იგივე ადმინისტრაციული რესურსის, მათ შორის დირექტორების პროფესიულ განვითარებაზე. წინა სასკოლო მომზადების ელემენტი ჩვენს ქვეყანაში არის მტკივნეული თემა, სტატისტიკურად ბავშვების 75 %-ს აქვს შესაძლებობა, ჩართული იყოს სასკოლო მზაობის პროგრამაში, თუმცა ერთის მხრივ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ 2023 წლისთვის ეს გავხადოთ უნივერსალური. ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლაში შესვლამდე ყველა მოსწავლეს პრაქტიკულად ერთი წელი დაემატება და მეორეს მხრივ საუბარია ამ პროგრამის ხარისხიან ამუშავებაზე. პრაქტიკულად ჩვენ რაც გავაკეთეთ, შემუშავდა 5-6 წლიანი ბავშვებისთვის მისაღწევი განათლების სტანდარტი, თუმცა დანერგვა მუნიციპალიტეტების მიხედვით სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს, არსებული რესურსის გათვალისწინებით. შესაბამისად, მონიტორინგის ელემენტებიც გაძლიერდება და რეფორმა გულისხმობს სწორედ დაწყებით საფეხურზე იმ სკოლებში, სადაც დაწყებითი  საფეხურის სწავლება მიმდინარეობს სასკოლო მზაობის კლასების გახსნას და ასე ვთქვათ ერთ სივრცეში მოქცევას ამ ელემენტების“, – ამბობს ირინა აბულაძე.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური