GE

ახალი სსიპ – ახალგაზრდობის სააგენტო დაფუძნდა

მთავრობის დადგენილებით, ახალი სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო დაფუძნდა. ახალი ორგანიზაცია რამდენიმე უწყების გაუქმების შედეგად ჩამოყალიბდა. მისი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა ერთი კვირის ვადაში უნდა დანიშნოს.

ახალი სააგენტოს სხვა ფუნქციებიდან ერთ-ერთია ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე კვლევების განხორციელება, ასევე, ახალგაზრდების დასაქმებისა და სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა კომპეტენციის, მათ შორის, სამეწარმეო და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპეტენციების განვითარების, პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის მიმართულებით პროგრამების მომზადება, მათ განხორციელებაში მონაწილეობა.

მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, სააგენტოს ძირითადი მიზნები, როგორც ეროვნულ, ისე მუნიციპალურ დონეზე, არის:

ა) ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისთვის, მათი პოტენციალის რეალიზებისა და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა;
ბ) ახალგაზრდული სფეროს, ახალგაზრდული საქმიანობისა და მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარება და მხარდაჭერა;
გ) ახალგაზრდებში სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება და მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინსტიტუციური მონაწილეობის ხელშეწყობა;
დ) ახალგაზრდებისთვის აქტუალურ მიმართულებათა შესაბამისად (გენდერული თანასწორობა, გარემოს დაცვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და სხვა), ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა;
ე) არაფორმალური და ფორმალური გარე განათლების განვითარება, ახალგაზრდული ეკონომიკის გაძლიერება, ახალგაზრდებისთვის ხელსაყრელი სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნა, მათი ინიციატივების მხარდაჭერა, ახალგაზრდების დასაქმებისა და ახალგაზრდების სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით;
ვ) ახალგაზრდულ სფეროსთან მიმართებით, ყველა დონეზე სწრაფი რეაგირების უნარის მქონე, ინკლუზიური, მონაწილეობაზე დაფუძნებული და წარმომადგენლობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის უზრუნველყოფა.

ახალ სააგენტოს  უფროსს ეყოლება სამი მოადგილე, რომლებსაც თავმჯდომარის წარდგინებით პრემიერ-მინისტრი დანიშნავს, და ექნება სამი დეპარტამენტი: ადმინისტრაციული, პროგრამების მართვის და ახალგაზრდული პოლიტიკის ანალიზისა და კვლევების დეპარტამენტები.

ახალი სააგენტო რამდენიმე უწყების: ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, ბავშვთა და  ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის – ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის შერწყმის შედეგად შეიქმნა.

კანონპროექტის განხილვის დროს განათლების სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ცვლილებებით გაძლიერდებოდა მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის კავშირის ინტენსიურობა და გაძლიერდებოდა სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა ახალგაზრდების მიმართ.

საპარლამენტო უმცირესობა კი ამ ცვლილებებში პოლიტიკურ მიზნებს ხედავდა, დეპუტატი სერგო რატიანი ამბობდა, რომ მსგავს თემებს ხელისუფლება ყველა დროში საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად იყენებდა.

“პრობლემა არის შემდეგი: აი ეს მიმართულება, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, თქვენამდე და თქვენს დროსაც, პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. ეს პოლიტიკური მიზნები იყო უნივერსიტეტებში თვითმმართველობების, პოლიტიკურად ახლო მდგომი სტუდენტების მომსახურება და სხვა რაღაცები. ეს მთავრობას, საზოგადოებასა და უნივერსიტეტებს პრობლემების გარდა სხვას არაფერს უჩენდა. ეს იყო მთავრობის ფრიად უტვინო ქმედება ყველა დროში. როდესაც იწყებ ჩარევას, 1%-ს უკეთებ ფორსირებას, უზრუნველყოფ თანხებით და ასე შემდეგ, შენიანი, სხვისიანი – ყველა არის უკმაყოფილო და ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი წაქეზებული ცუდი რაღაცებისთვის“, – აცხადებდა დეპუტატი.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური