GE

„აზრი არ აქვს როგორი ტექსტია, დიდად შინაარსიც ვერ გამოვიტანე“ – სამაგისტრო გამოცდის პირველი დღის შეფასებები

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს მაგისტრობის მსურველებიც შეუერთდნენ. 11 ივლისს, მეორე სესიაზე, აპლიკანტებმა წაკითხულის გააზრებისა და ანალიტუკური წერის A ტიპის ტესტი დაწერეს. EDU.ARIS.GE დაინტერესდა როგორი სირთულის იყო ერთიანი სამაგისტრო გამოცდის პირველი დღის ტესტი და რა საკითხები შეხვდათ აპლიკანტებს.

როგორც აგამოცდიდან გამოსულმა მაგისტრობის მსურველებმა აღნიშნეს, გამოცდა მარტივი ნამდვილად არ იყო, საკმაოდ ჩახლართული ტექსტები მოვიდა და მათი შინაარსის გაგებაც საკმაო დროს მოითხოვდა. აპლიკანტების ნაწილისთვის კი საგამოცდო ოთახში არსებული გარემო დისკომფორტს წარმოადგენდა, რადგან დამკვირვებლების მიერ წესების დეტალური ახსნა ცოტა დამღლელი და მოსაბეზრებელი იყო, გარემო კი დაძაბული, რაც არასახარბიელო წინასაგამოცდო განწყობას ქმნიდა.

“პერფექციონიზმზე იყო ერთი ტექსტი, მეორე ენათმეცნიერებაზე, მესამეს ვერ ვიხსენებ. საკმაოდ ჩახლართული ტექსტები იყო. ყოველი წინადადების მერე, თითქმის, აზრი იცვლებოდა, სამეცნიერო ენით იყო დაწერილი და ერთი წაკითხვით ნამდვილად ვერ დაიმახსოვრებდი. ყოველი კითხვის ნახვის შემდგომ თავიდან უნდა გადაგეკითხა ტექსტი და ის ნაწილი გეპოვნა, რომელიც პასუხობდა კითხვას და ისე დაგეწერა. ზოგადად ვერ ვიტან ამ გასააზრებელ ტექსტებს, ამიტომ ვერ გეტყვით რომ მარტივი იყო”, – გვითხრა 173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა მაგისტრობის მსურველმა ნატამ.

კიდევ ერთი აპლიკანტისთვის იყო A ტიპის ტესტის ანალიტიკური ნაწილი გაურკვეველი. როგორც ის ამბობს, მნიშვნელოვანია არა ტექსტის შინაარსი, არამედ ტექსტში კითხვების შესაბამისი სწორი პასუხების პოვნა.

“სულ სამი ტექსტი იყო თითო ტექსტს შვიდი კითხვა ჰქონდა. ვერ გეტყვით რომ მარტივი იყო, სიმართლე გითხრათ, ტექსტის შინაარსსაც არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ, კითხვებზე პასუხები უნდა მოძებნო და ისე დაწერო. ერთ-ერთი ტექსტი იყო იმ ბერების შესახებ, რომლებიც წმინდა წიგნებს იწერდნენ ათონის მთაზე და სხვა სამონასტრო კომპლექსებში. რაც შეეხება დასაწერ თემას, უნდა დაგეწერა ბავშვის განვითარებისთვის მულტფილების ყურება უფრო სასარგებლო იყო თუ კითხვა. ესეები რთული დასაწერი არ ყოფილა, ანალიტიკას რაც შეეხება, არავითარი აზრი არ აქვს როგორი ტექსტია, დიდად შინაარსიც ვერ გამოვიტანე, მაგრამ კითხვებზე პასუხი ტექსტის მიხედვით გავეცი”, – გვითხრა აპლიკანტმა.

ერთ-ერთმა მაგისტრობის მსურველმა, სალომემ, გამოცდაზე მოსულ კითხვებს ჩვეულებრივი უწოდა, თემა და ტექსტები კი ჩვენთან დეტალურად გაიხსენა: “დასაწერი იყო თემა: რა უფრო მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, ანიმაციური ფილმების ყურება თუ ზღაპრების კითხვა. ანალიტიკური თემა ეხებოდა ერთ-ერთი ქვეყნის კონკრეტულ კუთხეს, მთიან რაიონს, რომელიც ტურისტებისთვის მიმზიდველი იყო ტბაში არსებული თევზებით და ბუნებით, რის გამოც მთავრობამ ააშენა სასტუმრო ჰიდროელექტროსადგური, რამაც თევზების გაქრობა გამოიწვია. რის გამოც, მთავრობამ მოსახლეობას ამ ტბაში თევზაობა აუკრძალა. ჩვენ ეს ქმედება ან უნდა გაგვეკრიტიკებინა ან დავთანხმებოდით. მე გავაკრიტიკე, რადგან თევზაობის აკრძალვა არ იყო გამოსავალი. რაც შეეხება ტექსტებს, ერთი ტექსტი ენათმეცნიერებაზე იყო, მეორე დამწერლობაზე და მესამე ტექსტი იყო მეცნიერბისა და ფსიქოლოგების დასკვნაზე, რას ფიქრობენ ადამიანები თვითამაღლებაზე, თვითშეფასებაზე. როდესაც საკუთარი თავის მიმართ ხარ ზედმეტად კრიტიკული. რაც შეეხება კითხვებს, ფორმულირება ჰქონდა ისეთი, რომ უნდა დაგეწერა, რომელი იყო სწორი მოცემული დებულებებიდან, რა დასკვნა გამომდინარეობს მოცემული მონაკვეთიდან, რისი თქმა სურდათ ამით და ა.შ. ჩვეულებრივი კითხვები იყო მაგრამ რომ გითხრათ რომ მარტივი იყო, ნამდვილად არა”.

ერთიანი სამაგისტრო გამოცდების პირველი დღე მარტივი არც ქუთაისის საგამოცდო ცენტრებიდან გამოსული აპლიკანტებისთვის ყოფილა.

“ანალიტიკური წერის დავალება ერთ-ერთი რეგიონი იყო აღწერილი, სადაც ბუნებაში მოხდა ხელოვნური ჩარევა და ამის გამო რეგიონში ადგილობრივმა ხელისუფლებამ აკრძალა თევზჭერა, რადგან პოპულაციამ იკლოო. დავალება იყო რომ გააკრიტიკე მათი გადაწყვეტილებაო. რაც შეეხება ტექსტის გააზრებას, ძალიან რთული საკითხები იყო ვეღარც ვიხსენებ”, – აღნიშნა სალომე ჩიქოვანმა, რომელსაც რელიგიის ფილოსოფიაზე სურს სწავლის გაგრძელება.

ქუთაისის ერთ-ერთი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული კიდევ ერთი აპლიკანტის თქმით, სამაგისტრო გამოცდა საკმაოდ სააზროვნო და რთული იყო.

“დავალება იყო ასეთი ერთ-ერთ რეგიონში მოაპირკეთეს აუზი ადა ამის შემდეგ ტურისტების რიცხვმა იკლო. ამის მიზეზი გახდა ის,რომ მანამდე ჰყავდათ თევზები, რომლებსაც თვითონ იჭერდნენ და ბუნებრივი წარმოშობის იყვნენ. შემდეგ შემოიყვანეს ხელოვნური. ხელისუფლებამ ჩათვალა თუ დავაბრუნებთ ძველ თევზებს ტურისტებში რეიტინგი აიწევსო. რა თქმა უნდა მე ამას არ დავეთანხმე. მეორე იყო ზღაპრის და ანიმაციის ბავშვებთან კავშირი, რა როლი უკავია ზღაპარს და ანიმაციას სკოლამდელი ასაკის ბავშვების აღზრდაში რა დადებითი და რა უარყოფითი ფაქტორებია. ზოგადად რთული იყო საკმაოდ და სააზროვნო”, – გვითხრა ერთ-ერთმა მაგისტრობის მსურველმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გუშინ დარეგისტრირებული მაგისტრობის კანდიდატებიდან წაკითხულის გააზრებისა და ანალიტუკური წერის A ტიპის ტესტის გამოცდაზე 88%-ზე მეტი აპლიკანტი გამოცხადდა. დღეს ისინი ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის გამოცდას (A ტიპის ტესტს) ჩააბარებენ.

2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების განრიგი

ავტორები: გვანცა ღვედაშვილი, თამთა ვირსალაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური