GE

„საბავშვო ბაღების ავტორიზაცია მომავალ წელს განხორციელდება“, – გიორგი კაკაურიძე

პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის ცვლილებებზე მსჯელობენ. დღევანდელ მოსმენაზე დეპუტატის კითხვის საპასუხოდ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება, რადგან ავტორიზაციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად ბევრი მათგანი სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს.

„რესურსების გარდა, გარკვეული დროც საჭიროა იმისთვის, რომ საბავშვო ბაღების დიდი ნაწილის სარეაბილიტაციო და საკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდეს, რომ ავტორიზაციის არსებული სტანდარტები დააკმაყოფილონ. დიდი ალბათობით, რა ინფორმაციაც მაქვს, მომდევნო წლიდან ავტორიზაციის პროცესი უკვე დაიწყება. თუმცა ამავე დროს, მომდევნო წლის პირველი ნახევარში აქტიურად იქნება იმ საბავშვო ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, სადაც აუცილებელია ამის გაკეთება, იმიტომ რომ ავტორიზაციის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებები საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის ჯილდოს გადაცემის გამო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებების მიზნით შევიდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური