GE

ბაღის მასწავლებელი: ინტერნეტდამოკიდებული ბავშვები ჩაკეტილები არიან და თავის სამყაროში არ გიშვებენ

ინტერნეტი და მასთან დაკავშირებული პრობლემები სულ უფრო ხშირად ხდება მსჯელობის საგანი. ინტერნეტსა და კომპიუტერულ მოწყობილობებზე ბავშვების დამოკიდებულება მშობლებისთვის 21-ე საუკუნის ნამდვილ გამოწვევად იქცა. პრობლემას აწყდებიან ბაღის მასწავლებლებიც ბავშვებთან ურთიერთობისას. პირველი საბავშვო ბაღის მასწავლებელ მაია უგრეხელიძის თქმით, ინტერნეტდამოკიდებული ბავშვები ჩაკეტილები არიან და თავის სამყაროში არანაირად არ გიშვებენ.

„მაგალითად, თუ რომელიმე თანამშრომელმა ტელეფონი მაგიდაზე დადო, ბავშვები იმ წუთას მიდიან მასთან. ამიტომ, ვცდილობთ, ტელეფონები შენახული გვქონდეს და მშობლებსაც ვეხვეწებით – არ გინდათ ეს პლანშეტები და რაღაცები-თქო. გვეუბნებიან, რომ ბავშვი ისე არ იძინებს, არ ჭამს და ა.შ. მესმის, რომ მათ ამასთან გამკლავება უჭირთ. კიდევ იცით რა აქვთ ბავშვებს? – ძალიან უჭირთ კომუნიკაციაში შესვლა. მშობლები. ალბათ, ისეთი დაღლილი მოდიან სახლში, რომ აღარ აქვთ ბავშვთან სითბოს გამოხატვის ენერგია და ბავშვები სულ გეფერებიან; უნდათ, სულ შენთან იყვნენ“, – ამბობს უგრეხელიძე.

მისი თქმით, მშობლებმა ბავშვები მაქსიმალურად უნდა მოარიდონ გაჯეტებს.

„მე მყავდა ბავშვი, რომელიც ოთხი წლის ასაკში არ ლაპარაკობდა. როგორცკი მუსიკას ჩავრთავდით, ბავშვი მღეროდა და ჩვენ გაოცებული ვიყავით. ეს იმის შედეგი იყო, რომ დედა ტელეფონს, ან „აიპადს“ მისცემდა და ამ მუსიკას მონოტონურად ასმენინებდა. ბავშვმა სიმღერა ისწავლა, ლაპარაკი კი არ იცოდა. დედამ ძალიან განიცადა ეს და შემდეგ, სხვადასხვა სამსახურები ჩართო, რომ ეს პრობლემა აღმოეფხვრა“, – განაცხადა უგრეხელიძემ.

როგორც უგრეხელიძემ აღნიშნა, ძალიან სამწუხაროა, რომ ის დედებსა და შვილებს შორის ურთიერთობის დეფიციტს გრძნობს.

პირველი საბავშვო ბაღის წამყვანმა მასწავლებელმა ასევე განაცხადა, რომ ინტერნეტდამოკიდებული ბავშვები ისევ ბავშვებს შეჰყავთ თავიანთ სამყაროში და ამიტომ, საბავშვო ბაღი მათ ძალიან ეხმარება.

„ეს ერთი და ორი კვირის პრობლემა არ არის, მაგრამ საბავშვო ბაღში, ბავშვებთან კონტაქტისას ალბათ, ერთ-ორ თვეში ალაგდება. ბავშვს თამაში ავითარებს და ვფიქრობ, საბავშვო ბაღიდან უნდა დაინერგოს ეს, რომ ბავშვი თამაშში განვითარდეს“, – განაცხადა მაია უგრეხელიძემ.

წყარო: 1tv

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური