GE
ბაკურციხის საჯარო სკოლა კვლავ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა – 2 თანამშრომელი კოვიდინფიცირებულია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის სკოლის ადმინისტრაციის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სკოლა ორი კვირით კვლავ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს ბაკურციხის სკოლის დირექტორმა მაკა კუპრაშვილმა განუცხადა, კორონავირუსი დაუდასტურდა სასწავლო ნაწილსა და ბუღალტერს, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული აქვს მის მდივანს, რომლის ტესტმაც კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა მაღალი ტემპერატურის გამო კვლავ მეთვალყურეობის ქვეშაა.

„ბუღალტერს დაუსატურდა, ასევე სასწავლო ნაწილს და ჩემი მდივანიც ცუდადაა, გუშინ გაიკეთა ტესტი და უარყოფითი პასუხი მოუვიდა, მაგრამ სიცხეები აქვს და განმეორებით ტესტს გაიკეთებს პარასკევს. დღეიდან გადავედით დისტანციურ სწავლებაზე. 1-ლ თებერვალს განვაახლეთ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, ორშაბათს გავიგეთ, რომ ბუღალტერს დაუდასტურდა, მას კონტაქტი ჰქონდა სასწავლო ნაწილთან. ბუღალტრის გამო არ გადავიდოდით ონლაინ სწავლებაზე, რადგან მას მჭიდრო შეხება არ აქვს სკოლასთან და მასწავლებლებთან, მაგრამ სასწავლო ნაწილს ჰქონდა მასთან კონტაქტი და შემდეგ შეხება სამ კლასში მოსწავლეებთან, ასევე ყველა მასწავლებელთან. სასწავლო პროცესს დასწრებულად განვაახლებთ 15 თებერვლიდან“, – განაცხადა მაკა კუპრაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო 1 თებერვალს გახსნილი სკოლებიდან ჯერ არც ერთი არ დახურულა. როგორც ჩანს. ბაკურციხის სკოლა პირველია, რომელიც დასწრებულ რეჟიმში სწავლის განახლებიდან ორ დღეში კვლავ დისტანციურ სწავლებას დაუბრუნდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ანუკი წიწილაშივილი Aris.ge-განათლების ჟურნალისტი