GE

ბატიაშვილი გიგაურის წინააღმდეგ – რა ანგარიშია? (ბლოგი)

მინისტრ ბატიაშვილის ერთ-ერთ (თუ ერთადერთ?) შთამბეჭდავ ნაბიჯად მოსვლისთანავე მინისტრის მოადგილეების და სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი სსიპ-ების ხელმძღვანელების სამსახურებიდან დათხოვნას ასახელებენ.

მინისტრ ბატიაშვილის სასარგებლოდ ანგარიში 1:0 გახდა მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრმა ლია გიგაური განათლების მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლა. არ ვიცი, თუ რამდენად რეფორმატორი იყო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, რამდენად დაუმტკიცდება ინტერესთა კონფლიქტი ან სხვა რამე, მაგრამ სასკოლო განათლებაში  ცალსახად ჩახედული ადამიანი იყო, მინისტრ ბატიაშვილის სისტემაში კი, დღესაც გიგაურის გამოცდილების მქონე ადამიანი ან ძალზე მწირი რაოდენობისაა, ან საერთოდ არ არის.

ანგარიში ძალიან მალე, სულ რამდენიმე თვეში გათანაბრდა (1:1), როდესაც ლია გიგაური ბევრისთვის მოულოდნელად პრემიერ-მინისტრმა უკვე სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დანიშნა. ეს ლამაზი გოლი იყო და მინისტრმა პრემიერის ასეთი ქმედება როგორ გადაიტანა, ეს საზოგადოებისათვის უცნობი ისტორიაა.

ახლა ორივე კართან ისევ საგოლე მომენტებს ვხედავთ. ზუსტად 9 თვე დასჭირდა სამხარაულის ექსპერტიზას იმისათვის, რომ დაედგინა იყო თუ არა სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში ინტერესთა კონფლიქტი მინისტრის მოადგილე ლია გიგაურსა და მის დას შორის.

ბოლო ორი კვირაა ბურთი მინისტრ ბატიაშვილის მოედანზე არის გაჩერებული – ალბათ, ექსპერტიზის მასალები წაიკითხა და საკუთარ დასკვნაზე მუშაობს. მინისტრის მოადგილე გიგაური კი, სავარაუდოდ ბურთის გარეშე ტაქტიკურ მოძრაობებს აკეთებს, ამ ილეთის ოსტატია, მურღულია თუ პრესკონფერენციის ჩატარებით ხელს არ უშლის 😀

ექსპერტიზამ მინისტრის მოადგილე გიგაურის დის ჩართულობა სახელმძღვანელოს გრიფირებაში თუ  დაადასტურა, მაშინ მინისტრი ბატიაშვილი უდავოდ დაწინაურდება, მაგრამ ეს, ალბათ, ამ თამაშში ნაკლებ სავარაუდოა.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის ბიუროს ისეთი პასუხი აქვს გაცემული, რომ საქმეში გაურკვევლობა მაინც არის დარჩენილი?

მინისტრ ბატიაშვილს საკუთარ დასკვნაში მაინც გიგაურის მხარდაჭერა და გრიფირებასთან დაკავშირებული საქმის შეწყვეტა შეუძლია, რაც ავტოგოლს, ბრძოლის გარეშე წაგებასა და ლიგის მალე დატოვებას ნიშნავს.

თუ მინისტრი ბატიაშვილი გაბედავს და გიგაურზეც ყველა მასალას საბოლოოდ პროკურატურას  გადააბარებს, როგორც გრიფირებასთან დაკავშირებულ სხვა მასალებზე გააკეთა (ამბობენ, რომ წინასწარი გამოძიება დაწყებულია) – მაინც წააგებს, რადგან ამ წესით თამაშს მინისტრის მოადგილე გიგაურის წინააღმდეგ სისტემა ხელმეორედ არ აპატიებს, ყურს აუწევენ, მაგრამ … თანამდებობაზე უფრო დიდი ხნით დატოვებენ.

მინისტრი ბატიაშვილი მინისტრის მოადგილე გიგაურთან, ალბათ, ნებისმიერ შემთხვევაში აგებს, ჩვენს ბავშვებს კი უკვე დიდი ხანია წაგებული აქვთ.

ავტორი: დავით ჯაფარიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური