GE

„ბატონო მიხეილ, რად გინდათ ამდენი მოადგილე და რესურსცენტრი, თუ ეს ამბები თქვენს ყურამდე არ მოდის? – დაგვირეკეთ, ჩვენ გეტყვით“

„ბატონო მიხეილ, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, მღვრიე წყალში ბანაობა ყველასთვის ხელსაყრელია, ზემოდან ქვემოთ!“, – ასე ეხმიანება განათლების მინისტრის ახალი უფლებების შესახებ EDU.ARIS.GE-ს მომზადებულ სტატიას იმერეთის, სსიპ ხონის მუნიციპალიტეტის გ.ტაბიძის სახელობის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, რუსული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ლია ჩიხლაძე.

რა უფლებები მიენიჭება განათლების მინისტრს ახალი კანონით და რას აპროტესტებენ დეპუტატები სკოლების ავტორიზაციაზე

პედაგოგი მინისტრს მთავარი კითხვით მიმართავს და მოუწოდებს, რომ გაირკვეს სკოლის დირექტორის გამოცდის ჩატარების ბედი, რომელიც სამინისტრომ მესამე წელია გააჭიანურა და ობიექტურ მიზეზსაც ვერ ამბობს.

„ბატონო მიხეილ, ძალიან გთხოვთ, ეს 5 თვე როგორმე თავი შეიკავეთ სიახლეებისგან, თორემ გამოცდაზე გამსვლელები ვეღარ გეწევით ცვლილებების წაკითხვაში – ხან ავტორიზაციის, ხან კონსტიტუციის და ხან ზოგადი განათლების კანონში!

და მთავარი შეკითხვა: გეგმავთ თუ არა სკოლის დირექტორების გამოცდებს? მესამე წელია 2 244 მსურველს გადახდილი აქვს გამოცდის ღირებულება 50 ლარი! ვერცერთი უწყება პასუხს ვერ გვიკონკრეტებს და იქნებ გვითხრათ, თქვენ დანიშნავთ დირექტორებს თუ ჩატარდება გამოცდა და ვისაც ჯერ კიდევ შემორჩა სურვილი, თავის ძალებს, გონებას, ენერგიას მოსინჯავს! ან რომელი კანონმდებლობითაა დღემდე გაურკვეველი სიტუაციები, არც არჩევის წესი, არც საპენსიოზე მეტი ასაკი და არც სხვა კანონი რომ არაა დაცული! ჩვენ როგორ ჩავწეროთ პასუხი, ინიშნება მინისტრის გადაწყვეტილებით უვადოდ, ხელშეუხებლად თქო?! ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, მღვრიე წყალში ბანაობა ყველასთვის ხელსაყრელია ზემოდან ქვემოთ! თორემ, დავიჯერო ამდენი ლაფსუსები, არაობიექტური მიდგომები თქვენს ყურამდე არ მოდის? თუ არ მოდის, რად გინდათ ამდენი რესურცენტრი, მრჩეველი, მოადგილე, კომიტეტები, დაგვირეკეთ ჩვეულებრივ მასწავლებლებს და გეტყვით!“, – წერს ლია ჩიხლაძე.

ასევე იხილეთ:

„გვაქვს ინფორმაცია, რომ სკოლის დირექტორების გამოცდის ნაცვლად, გადაწყვიტეს პირდაპირ დანიშნონ მოვალეობის შემსრულებლები!“

რატომ არ ატარებს განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორების შესარჩევ გადადებულ გამოცდებს?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური