GE

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში დასაქმდებიან

ბათუმის საზღვაო აკადემიით უმსხვილესი ამერიკული კომპანია დაინტერესდა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერმინალ-ოპერატორის, უმსხვილესი ამერიკული კომპანიის SSA Marine – ის წარმომადგენლები აკადებიას ეწვივნენ. ისინი ვიზიტის ფარგლებში ანაკლიაში, ფოთში და ბათუმში იმყოფებოდნენ.

ცნობილი გახდა, რომ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა საზღვაო აკადემიასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გულისხმობს აკადემიის სტუდენტების დასაქმებას ანაკლიის პორტში, აგრეთვე საზღვაო აკადემიის სასწავლო ბაზის გამოყენებას კონსორციუმის პერსონალის როგორც მომზადებას, ისე გადამზადებასაც.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ვიცე–პრეზიდენტი ბათუმის აკადემიის ტექნიკური და მატერიალური ბაზის დათვალიერების შემდეგ საკუთარ შთაბეჭდილებებზე საუბრობს:

„საქართველოში პირველად ვიმყოფები. მოვინახულეთ ანაკლია, დღეს კი ბათუმს ვეწვიეთ. შეხვედრები გვქონდა არარეთ სახელმწიფო უწყებასთან. საჭიროდ ჩავთვალეთ მოვსულიყავით ბათუმის საზღვაო აკადემიაში და ადგილზე გავცნობოდით მის პოტენციალს. ნანახმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. აქ ძალიან კარგი სასწავლო ბაზა და საუკეთესო პირობებია პრაქტიკული მეცადინეობისთვის. აკადემიას მართლაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მომავალში მასთან აქტიურ თანამშრომლობას ვგეგმავთ. ორი წლის განმავლობაში ვგეგმავთ პერსონალის აყვანას და მათ დასაქმებაზე ვიზრუნებთ. სწორედ ბათუმის საზღვაო აკადემიის ბაზა გახდება ის ადგილი სადაც ანაკლიის პორტის მომავალი პერპსონალი გადამზადდება“, – განაცხადა უმსხვილესი ამერიკული კომპანიის SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ როჯერ საჰლინმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელობა სამომავლო პერსპექტივებზე საუბრობს. აკადემიის რექტორი იმ ფაქტსაც მიესალმება, რომ ამერიკულმა კომპანიამ საკუთარი თანამშრომლების ტექნიკური გადამზადება სწორედ ბათუმის აკადემიის ბაზაზე დაგეგმა.

„საზღვაო აკადემია სწავლებას მხოლოდ მეზღვაურების მიმართულებით არ ახორციელებს. ჩვენ საზღვაო სფეროს ყველა მიმართულებით გვაქვს სწავლება. ამიტომ, ანაკლიის პორტის კონსორციუმი დაინტერესდა საზღვაო აკადემიით. მათ უნდათ, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები წაიყვანონ პორტში სამუშაოდ.

„მათ ასევე სურთ სპეციალისტები ბათუმის საზღვაო აკადემიის ბაზაზე გადაამზადონ. ჩვენთვის ეს მისაღებია და სასურველი. როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე აკადემიისათვის. ეს ფაქტი აკადემიის  პრიორიტეტულობას გაუსვამს ხაზს“, – აცხადებს ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე.

ანაკლიის პორტის განვითარება უკვე დაწყებულია და უცხოელი ვიზიტორების ინფორმაციით, სპეციალისტები მომავალ წელს დასჭირდებათ. საკუთარი პროფესიით მუშაობა კი ქართელ სტუდენტებს, როგორც პრაქტიკულ გამოცდილებას, ასევე ფინანსურ კეთილდღეობას ჰპირდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური