GE

ბათუმის ყოფილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობაში სასტუმრო წელს გაიხსნება

ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ადგილზე სასტუმრო მიმდინარე წელს გაიხსნება.

პროექტს დეველოპერული კომპანია “რედკო” ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენელი მალხაზ კუნელაური აცხადებს, რომ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Le Meridien ზაფხულის სეზონისთვის გაიხსნება.

“ბათუმის პროექტი არის დასრულებული სამშენებლო თვალსაზრისით, იქ მიმდინარეობს სასტუმროს გახსნის სამუშაოები – შიდა მოწყობა, ავეჯის შეტანა და ა.შ.”, – აცხადებს კუნელაური bm.ge-სთან.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება ჯამში 60-მილიონამდე დოლარია.

“არამხოლოდ განათლება” შეგახსენებთ, რომ ბათუმის ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების იდეა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა, რომელიც ამბობდა, რომ ამერიკული მხარე ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ დაითანხმა პროექტის განხორციელებაზე და მასში ასეულობით მილიონი დოლარი ჩაიდებოდა.

საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების იდეის ავტორად აცხადებდა თავს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც. ის ამბობდა, რომ მან პროექტზე რამდენიმე წელი იმუშავა და მილიონობით დოლარი გადაიხადა.

მოგვიანებით, პროექტის განხორციელების ადგილი შეიცვალა და 60 000 სტუდენტზე გათვლილი სასწავლებლის აშენება ქუთაისში გადაწყვიტეს. წლებია კეთდება განცხადებები, რომ მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა იმერეთში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ჯერ არავის უნახავს.

სასწავლებელს სტუდენტების პირველი ნაკადი 2019 წლის სექტემბერში უნდა მიეღო, თუმცა ცნობილია რომ მშენებლობის დასრულების თარიღად ფონდმა „ქართუმ“ 2020 წლის აგვისტო დაასახელა.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური