GE

ბათუმსა და ქობულეთში დისტანციურ სწავლებაზე კიდევ რამდენიმე სკოლა და კლასი გადავიდა

ბათუმისა და ქობულეთის სკოლებში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა, რის გამოც დროებით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა ქობულეთის სოფელ გვარას საჯარო სკოლა, ხოლო ბათუმის 1-ელ საჯარო სკოლაში ის კლასი, სადაც მოსწავლეა ინფიცირებული.

ბათუმის 1-ელ საჯარო სკოლაში კორონავირუსი მე-2 კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა. ინფიცირებული მოსწავლე სკოლაში ბოლოს ოთხშაბათს იმყოფებოდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ შემთხვევა გუშინ ღამით დადასტურდა. ამ ეტაპზე კი იქ ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

ქობულეთში, სოფელ გვარას სკოლაში ინფიცირებულნი არიან მე-10 და მე-5 კლასის მოსწავლეები და ერთი მასწავლებელი. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელება სკოლის შიდა სივრცეს არ უკავშირდება და ის ოჯახური კონტაქტების შედეგია. კორონავირუსის შემთხვევა სკოლაში გეგმური PCR ტესტირების დროს გამოვლინდა.

ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელის მადონა გოგიტიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციითა და განათლების სამინისტროს შესაბამისი ბრძანებით, სკოლის მოსწავლეები მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში ისწავლიან.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 9 საჯარო სკოლაა დაკეტილი, თუმცა ორშაბათიდან რამდენიმე სასწავლო დაწესებულების გახსნა იგეგმება.

აჭარის საზოგადოებრივი ცენტრის განცხადებით კი, გუშინ აჭარის მასშტაბით სკოლებში დისტანციურ სწავლებაზე სულ 4 კლასი გადავიდა.

წყარო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური