GE

ბათუმში მოსწავლეების ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბათუმში, მე-8 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შედეგად, ერთი მათგანი ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ინცინდენტიდან მეორე დღეს, 7 ოქტომბერს, მშობელმა მისი თბილისის საავადმყოფოში გადმოყვანა გადაწყვიტა.

დაზარალებულის დედა, რომელმაც ადგილობრივ ჟურნალისტებს დეტალები მოუყვა, ამბობს, რომ მის შვილს საქმის გასარჩევად 25 მოზარდი დახვდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დედა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ მის შვილს დაზიანებები სახის არეში მიაყენეს. მისი თქმით, ბიჭს ყბა აქვს მოტეხილი, ცხვირი – ჩამტვრეული და ტვინის შერყევა აქვს.

ინცინდენტი სკოლის ტერიტორიის მიღმა მოხდა, თუმცა, მშობლის განცხადებით, დაპირისპირება გაკვეთილზე დაიწყო, რასაც მასწავლებელი შეესწრო. ინგლისურის მასწავლებელი, რომლის გაკვეთილზეც დაპირისპირება მოხდა, ამბობს, რომ ჩხუბი გაკვეთილზე არ დაწყებულა, სიტყვიერი შელაპარაკება მალევე ამოიწურა და გაკვეთილი მშვიდ ვითარებაში გაგრძელდა.

სკოლის გარეთ გაგრძელებული ჩხუბის ამბავში მანდატურის სამსახური ჩაერთო და პოლიცია გამოიძახა. დედის თქმით, ჩხუბის მიზეზი ამავე კლასის მოსწავლის ტელეფონის სატენი გახდა, რომელიც დაზარალებულმა დაუკითხავად აიღო.

„შევესწარი ასეთ ფაქტს, რომ ერთ-ერთმა მოსწავლემ, კი არ მიაწოდა, ესროლა დამტენი… როგორც ჩანს, მეპატრონემ მოითხოვა ეს დამტენი და ეს გაბრაზდა, როგორ მოითხოვა. მანამდე რა მოხდა, მე არ ვიცი. ჩვეულებრივად მქონდა წერა, ბავშვებს ვუთხარი, რომ მომზადებულიყვნენ წერისთვის. დასხდნენ და მშვიდ გარემოში… ყველა ბავშვის ნაწერი მაქვს, ვინც მესწრებოდა გაკვეთილზე. არანაირი გადაძახილი. თხზულებას წერდნენ და რადგან შეეძლოთ, ტელეფონი ხშირად გამოეყენებინათ, გვედრით ედოთ. დამრიგებელს ვუთხარი, იმ ბიჭს ლექსიკაზე იქნებ მისცე შენიშვნა, იმიტომ, რომ უწმაწური სიტყვა კი დაუძახა მეორეს… შენიშვნა როგორ არ მივეცი, მივეცი“, – ამბობს სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი.

სკოლის დირექტორის მონაყოლით კი, დაპირისპირებისას, ერთ-ერთი მოსწავლე სკოლაში გაიქცა და მანდატურს დაუძახა.

„მანდატურები გადავიდნენ და ერთ-ერთი ბავშვი მოიყვანეს. მეორე ბავშვს დეიდაშვილი შეხვედრია და წაიყვანა სახლში. მეორე კი მანდატურმა სკოლაში მოიყვანა მანდატურების ოთახში. დამრიგებელმა დაურეკა მშობელს, მშობელიც მოვიდა. მანდატურმა პოლიცია გამოიძახა. პოლიციის წარმომადგენლები მოვიდნენ და წაიყვანეს ბავშვი დასაკითხად“, – ამბობს დირექტორი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და სამართალდამცავებმა საქმე ძალადობის მუხლით აღძრეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური