GE

ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობისთვის გათვლილი რომელი პროგრამები ფინანსდება 100%-ით სახელმწიფოსგან

ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის გათვალისწინებულ ჯანმრთელობის დაცვის იმ მიზნობრივ პროგრამაზე ვისაუბრებთ, რომელსაც სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს.

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს:

ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგს ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე, ახალშობილის თვალის გონოკოკური ინფექციის პროფილაქტიკისათვის თვალის ერითრომიცინის მალამოთი უზრუნველყოფას, ახალშობილთა ჰემორაგიული დაავადების პროფილაქტიკისთვის ვიტამინი K1-ით უზრუნველყოფას.

ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურების პროგრამა მოიცავს: ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე 18 წლამდე ასაკის პირთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მკურნალობას.

დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებულია: შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის კომპონენტი მოიცავს:

დღის სტაციონარის პირობებში იმ 18 წლამდე ასაკის პაციენტების მდგომარეობის შესწავლას/დიაგნოსტიკას, რომელთაც აღენიშნებათ ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის ცვლილება, სოციალური ფუნქციონირების გაუარესება და დეზადაპტაცია.

ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონალური მომსახურებას, რაც მოიცავს მწვავე ფსიქოზური სიმპტომებით მიმდინარე მდგომარეობის კუპირებას ან ისეთი ქცევითი ან აფექტური სიმპტომის მკურნალობას, რომელთა გამოც საფრთხე ექმნება პაციენტის ან გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

იშვიათი დაავადების მქონე და მუდმივი ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს: იშვიათი დაავადების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიულ მომსახურებას, იშვიათი დაავადების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სტაციონარულ მომსახურებას, ჰემოფილიითა და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას.

გარდა აღნიშნულისა, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი პროგრამები ითვალისწინებს: ტუბერკულიოზის მართვა, აივ-ინფიცირების/შიდსის მართვა, დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია, ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა და სხვა, 18 წლამდე პირებისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება.

ჯანმრთელობის დაცვის მიზნობრივი პროგრამებით გათვალისწინებული ყველა ზემოაღნიშნული სერვისი და მედიკამენტი სახელმწიფოს მიერ 100%-ით დაფინანსდება.

წყარო: იმედინიუსი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური