GE

ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის ე.წ. ინტერვიუს ოთახები დედაქალაქის ხუთ რაიონში მოეწყო – გაეცანით მისამართებს

თბილისში ე. წ. ინტერვიუს ოთახები მოეწყო, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სერვისი ბავშვთა ინტერესების დაცვისათვის და საჭიროებიდან გამომდინარე, მათი ფსიქოლოგიური დახმარებისთვისაა განკუთვნილი, პროექტი სოციალური მზრუნველობის სააგენტოს მიერ, „თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან“ პარტნიორობით ხორციელდება.

„ჩვენი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა მუნიციპალური სერვისის მიწოდების გაუმჯობესებისთვის და ამ პროცესის უფრო ეფექტიანი მართვისთვის, თბილისის მერიაში სხვადასხვა ა(ა)იპ-ი შეიქმნა. მათ შორისაა „სოციალური მზრუნველობის სააგენტო“, რომლის ერთ-ერთ მიმართულება თბილისში მცხოვრებ არასრულწლოვნებზე ზრუნვაა. ამ მიზნით, დედაქალაქში ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის ე. წ. ინტერვიუს ოთახები მოეწყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ე.წ. ინტერვიუს ოთახი ფსიქოლოგს საშუალებას აძლევს, არასრულწლოვანს გარეშე პირებისგან იზოლირებულად გაესაუბროს, ხოლო, მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში, გასართობი და სააზროვნო თამაშებისთვის  სპეციალური ინვენტარი გამოიყენოს.

„აღნიშნული ოთახები  საბავშვო ბაღების ბაზაზე მოეწყო, ხოლო ინფრასტრუქტურა ბავშვზე მორგებული გარემოს პრინციპების გათვალისწინებით შეირჩა. სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ არასრულწლოვანს, რომელსაც მსგავსი დახმარება სჭირდება. პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია, როგორც ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზზე – 111-ზე ზარით, ასევე, თვითონ სააგენტოს სოციალური მუშაკების დახმარებით, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას მსგავსი საჭიროების მქონე ბავშვების იდენტიფიცირებაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ე. წ. ინტერვიუს ოთახები ფსიქოლოგებისთვის მოეწყო შემდეგ მისამართებზე: სამგორის რაიონში, N16 ბაგა-ბაღში; გლდანის რაიონში, N104 ბაგა-ბაღში; ჩუღურეთის რაიონში, N119 ბაგა-ბაღში; საბურთალოს რაიონში, N73 ბაგა-ბაღში; კრწანისის რაიონში, N191-ე ბაგა-ბაღში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
EDU.ARIS.GE /განათლება/