GE

„ბევრ სტუდენტს არ აქვს საბაზისო კომპეტენციები, რომლებიც სკოლაში უნდა აეთვისებინა“

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2018 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს შედეგები 2015 წელთან შედარებით ყველა ნაწილში – მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები და წიგნიერება, გაუარესებულია. PISA 2018 ციკლის კვლევაში საქართველოს 326 სკოლიდან 5572-მა მოსწავლე მონაწილეობდა.

ამ ფონზე, საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 25 ათასზე მეტი ადამიანი ხდება სტუდენტი, საერთაშორისო კვლევაში მოცემული სავალალო შედგების გათვალისწინებით, საინტერესოა როგორ ახერხებენ მოსწავლეები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას და რამდენად მზად არიან ისინი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასაძლევად, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო დარგებში?

PISA-ს კვლევის ძირითადი მიზანია დაადგინოს, რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა ის ძირითადი ცოდნა და უნარები, რომელთა ფლობაც აუცილებელია ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ინდივიდის სრულფასოვანი მონაწილეობისათვის. ასევე, კვლევა ადგენს რამდენად შეუძლიათ მათ ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორც სკოლაში, ასევე მის გარეთ და რამდენად ფლობენ მოსწავლეები ზოგად კომპეტენციებს: დამოუკიდებლად სწავლის, კომუნიკაციის, ადაპტაციის, პრობლემების გადაჭრის და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს.

განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ PISA-ს  კვლევა მოსწავლეების ზოგიერთ კომპეტენციას ამოწმებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი სწავლების სხვა საფეხურზე გადასასვლელად მზად არ არიან, მისივე თქმით, ქართული გამოცდეიბს სისტემაც არ არის აბიტურიენტების კომპეტენციებზე ორიენტირებული.

„PISA-ს  კვლევები ამოწმებს ზოგიერთ კომპეტენციას, ეს კომპეტენციები რაც იქ მოწმდება არის ძალიან პატარა ნაწილი, ცხადია მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები სხვა საფეხურზე სწავლისთვის მზად არ არიან. გარდა ამისა, ჩვენ უმაღლესში მისაღები სისტემა გვაქვს ისეთი, რომელიც საერთოდ არ ეფუძნება კომპეტენციების შემოწმებას სტანდარტთან მიმართებაში. ჩვენი მისაღები სისტემა ამოწმებს იმას, თუ ვის უფრო მეტი კომპეტენცია აქვს და არა იმას, ვის აქვს საკმარისი კომპეტენცია, რომ უმაღლესში ისწავლოს. თავად უნივერსიტეტებიც ვერ ამოწმებენ იმას, არის თუ არა აბიტურიენტი მათი პროგრამებისთვის მზად. მათ აჰყავთ ყველა, ვინც მინიმალურ ზღვარს გადალახავს მისაღებ გამოცდებზე. ეს ზღვარი  დგინდება არა მაგალითად ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული სტანდარტის მიხედვით, არამედ დგინდება იმის მიხედვით თუ როგორი თაობა მოდის ჩასაბარებლად. რაღაც პროცენტი აბიტურიენტების ხვდება მინიმალურ ზღვარს მიღმა და არა მაინცდამაინც ცოდნის არმქონეები. რაც არ უნდა კარგად ან ცუდად მომზადებული თაობა მოვიდეს, მინიმალური კომპეტენციის ზღვარს მიღმა დაახლოებით იგივე რაოდენობა მოხვდება“, – ამბობს სიმონ ჯანაშია EDU.ARIS.GE – სთან საუბარში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგა ზედანიას თქმით, უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტების ახალი ნაკადის მიღების შემდეგ, მართლაც არსებობს პრობლემა, რომ პირველკურსელების ნაწილი გარკვეულ კომპეტენციებს არ ფლობს. ის მთავარ გამოსავალს სკოლების გაძლიერებაში ხედავს.

„ჩვენ გვაქვს გამოცდილება მართლაც და ნებისმიერ უნივერსიტეტში არსებობს ეს გამოცდილება, რომ  ბევრი სტუდენტი არ არის მზად აკადემიური პროგრამების დაძლევისთვის, არ აქვს საბაზისო კომპეტენციები, რომლებიც სკოლაში უნდა აეთვისებინა. ცხადია ეს ყველაზე არ ვრცელდება, მაგრამ ასეთი სტუდენტების რაოდენობა არსებობს.  შესაბამისად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველი წლის პროგრამაში, გარდა ახალი შინაარსობრივი სიახლეების დამატებისა, გათვალისწინებული აქვს, რომ სტუდენტებს მისცეს საშუალება აითვისონ ის კომპეტენციები, რომლებიც სჭირდებათ, როგორიცაა მაგალითად წაკითხულის შინაარსის გაგება, წერის უნარები, ინგლისურში ძალიან ინტენსიური მომზადება და ა.აშ. ეს პრობლემა ნამდვილად არის  და ეშველება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სკოლა გაუმჯობესდება როგორც თბილისში, განსაკუთრებით რეგიონებში. ვიცით ჩვენ, რომ  გარკვეული ტიპის წყვეტა არსებობს თბილისის და რეგიონის სკოლებს შორის და ამას ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება“,- აცხადებს გიგა ზედანია EDU.ARIS.GE – სთან.

სკოლების გაძლიერების კუთხით, განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო გარკვეულ პროექტებს ახორციელებს, ამ ღონისძიებებს შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად, მინისტრის მოადგილე მისაღებ გამოცდებზე საბუნებისმეტყველო საგნების შესაძლო დამატებას ასახელებს, რის შედეგადაც სკოლებში ამ საგნების სწავლებას უფრო დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.

„მოგეხსენებათ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებები თავის სიმძიმითაა წარმოდგენილი და ვფიქრობთ, რომ თუკი მხარდაჭერა იქნება მისაღები გამოცდების მხრიდან ამ დისციპლინების, სკოლებშიც მეტი გულისყურით მოეკიდებიან საბუნებისმეტყველო საგნებს. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან იყო საუბარი, მოგეხსენებათ, რომ იქ პრობლემაა კავლიფიცირებული პედაგოგების და ის გამოცდები, რაც მიდის პედაგოგებისთვის, ცოტა სირთულით მიდის, განსაკუთრებით ამ დარგებში. მაგრამ ეს არ არის მიზეზი, რომ ასეთი სკოლების დამთავრების შემდეგ, მაგალითად აბიტურიენტს არ მოვთხოვოთ ფიზიკის ჩაბარება“, – განცხადა მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა თსუ-ში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე.

განათლების მკვლევარ სიმონ ჯანაშიას აზრით, მისაღებ გამოცდებზე საბუნებისმეტყველო საგნების დამატება სკოლაში სიტუაციას არსებითად ვერ შეცვლის, რადგან მაშინ, როდესაც ეროვნულ გამოცდებზე დაშვებული იყო ოთხი სავალდებულო საგანი, სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ხარისხი არ გაუმჯობესებულა.

„გამოცდები სკოლებს არ ეხმარება, პირიქით, ზღუდავს სკოლებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ფართო და საინტერესო პროგრამები ჰქონდეს. არსებობის შემთხვევაშიც, ოთხი გამოცდა რომ იყო სავალდებულო, ვერაფრით ვერ ვიტყვით, რომ სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება ან გაუმჯობესდა, ან მოტივაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. სტრატეგიულად თუ მიუდგებიან აბიტურიენტები და მათ არჩევანი ექნებათ მაგალითად ფიზიკის მიმართულებაზე მათემატიკით ჩააბარონ თუ ფიზიკით, მაშინ დიდი ალბათობით, ისინი მათემატიკას აირჩევენ, მათემატიკაში ისედაც მოემზადებიან თუ ენდომებათ რომ კიდევ სხვა ალტერნატივები დაასახელონ. მაგალითად ადამიანი, რომელიც ფიქრობს ქიმიაზე ჩააბაროს ან ბიოლოგიაზე, ის აირჩევს ისეთ საგანს, რომელიც ორივეგან ბარდება და ეს იქნება მათემატიკა. მაინცადამაინც დიდი აზრი ამ რაღაც ალტერნატივების შემოღებას არ აქვს. ერთადერთი, ცოტა უფრო მეტი ადამიანი ჩააბარებს ამ გამოცდებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ტესტების შემქმნელებისთვის, რომ არ დაკარგონ სამსახური და მეორე მხრივ რეპეტიტორებისთვის”, – აცხადებს სიმონ ჯანაშია.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
თამთა არის© ვირსალაძე Aris.ge-განათლების ჟურნალისტი