GE

„ბევრი კითხვა იყო 13 ივნისის სტიქიაზე“ – რა საკითხები შეხვდათ გეოგრაფიის I სესიის აბიტურიენტებს

დღეს 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები გეოგრაფიას ორ სესიად აბარებენ.  პირველი სესიიდან გამოსული აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-სთან გამოცდაზე მოსულ საკითხებზე საუბრობენ და გამოცდის სირთულეს აფასებენ.

გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აპლიკანტების შეფასებით, გამოცდა მარტივი იყო. აბიტურიენტების თქმით, თითქმის ყველა საკითხი პროგრამული იყო და მოითხოვდა რუკის წაკითხივის ცოდნას. ასევე საკითხები შეეხებოდა თბილისში 2015 წლის 13 ივნისს მომხდარ სტიქიას.

გიორგი ბაიაძე: ,,სხვა საგნებთან შედარებით ადვილი გამოცდა იყო. მოცემული იყო თბილისის სტიქია და გვეკითხებოდნენ რას შეიძლებოდა გამოეწვია, ასევე გვეკითხებოდნენ, როგორ შეიძლებოდა სტიქიის თავიდან აცილება. კითხვები იყო რუკებიდან. გვეკითხებოდნენ, რომელი იყო მსოფლიოს ყველაზე მაღალი მწვარვალი. მოკლედ კარგად დავწერე”

ავთო ლაფაჩი: „რთული არ იყო, მაგრამ ვერც მარტივად შევაფასებ. კარგად უნდა დაკვირვებოდი რას გეკითხებოდნენ. მე რუკის წაკითხვა კარგად არ ვიცი და ცოტა ამ საკითხში გავიჭედე. ძირითადად ისეთი კითხვებია მოცემული რასაც რუკა სჭირდება. ვნახოთ რა შედეგი დადგება. ბარიერი ვიცი, რომ დაბალია და მგონი სადარდებელი არაფერი მაქვს.“

ნიკა სადაღაშვილი: “არ იყო რთული გამოცდა. ყველა კითხვაზე პასუხი წინ გვედო. უბრალოდ რუკის ცოდნა და მისი წაკითხვა უნდა სცოდნოდა აბიტურიენტს. ვფიქრობ, გეოგრაფია ყველაზე კარგად დავწერე. ძალიან კარგად ჩაიარა გამოცდამ. არანაირი შეფერხება არ ყოფილა“

ნინა გუდაძე: ,,ტოპოგრაფიული რუკიდან კითხვები ადვილი იყო. ტურიზმის განვითარებაზეც იყო კითხვები. უნდა დაგვეწერა რომელი ქედით ყოფს რაჭა-ლეჩხუმს და ქვემო სვანეთს. დაძლევადია გამოცდა და ყველა დაწერს სანერვიულო არაფერია. თბილისის სტიქიდანაც იყო კითხვები”

ელენე აწკარუნაშვილი: ,,სააზროვნო ტექსტი იყო რაჭაზე. იყო მეწყერის ფოტო მოცემული და გამომწვევ მიზეზებს გვეკითხებოდნენ. გარდა ამისა, გვეკითხებოდნენ რომელ კონტინენტზე რა ენებია გავრცელებული. ტოპოგრაფიული რუკიდანაც ადვილი კითხვები მოვიდა. კითხვები იყო საქართველოს და მსოფლიო რუკებიდანაც”

ანი ნეტრეველი: ,,მიხარია, რომ ასეთი ადვილი კითხვები მოვიდა. ბევრი არ მიფიქრია. ღვარცოფებზე იყო კითხვები. ტექსტი რაჭა-ლეჩხუმზე მოვიდა. კითხვები იყო რუკებიდან. გვეკითხებოდნენ რომელი მდინარეა უფრო ჩქარი და ასე შემდეგ. ყველაფერი ნასწავლი გვაქვს უცხო არაფერი არ მოვიდა. მთავარია არ ინერვიულონ და ყველაფერი კარგად იქნება”

ზურიკო აკოფაშვილი: ,,ეს რა კარგი გამოცდა იყო ნეტა კიდე შემიშვან. წლებია გეოგრაფიაში არ მიმეცადინია და მგონი გავარტყი პასუხებს. არ იყო რთული გამოცდა. მთავარია მონდომება და გამოცდაც ჩაბარდება. ძალიან ცოტა დრო დამჭირდა. შემოსახაზი იყო 23 და არ იყო კითხვები მოგზაურობაზე, რაზეც გული დამწყდა”

გამოცდით კმაყოფილები არიან ქუთაისის საგამცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტებიც.

გვანცა ქარქაშაძე: “საშუალო სირთულის ტესტი იყო და აბსოლუტურად ყველა დავწერე. ტექსტის ანალიზი იყო რაჭაზე, უნდა გვესაუბრა მის მუნიციპალიტეტებზე თუ რა მდგომარეობაა ადგილზე და როგორ შეიძლება მათი განვითარება. არაპროგრამულიდან იყო თბილისში 2015 წელს მომხდარი სტიქია რაც ნაცნობი თემაა და ვიქრობ კარგად დავწერე.

აკაკი გურგენიძე: “ტესტი ძირითადად იყო პროგრამიდან, ის რაზეც მთელი წელი ვემზადებოდით. წარმოგვიდგინეს ვერეს ხეობის სტიქიის ამსახველი ფოტოსურათები და იქედან უნდა დაგვეწერა რა სტიქიური მოვლენა დაატყდა თავს დედაქალაქს 2013 წელს და რამ გამოიწვია ის. დაწერა არ გამიჭირდა რადგან წყალდიდობებსა და სტიქიურ მოვლენებს როცა ვსწავლობდით ეს საკითხი გაკვეთილზე გვქონდა განხილული. ასევე შემხვდა კარტოგრაფიული რუკა, რაც სრულად პროგრამულზე იყო აწყობილი. ვფიქრობ კარგ შედეგს დავდებ.”

გამოცდას მარტივად აფასებენ 39-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტებიც.

ბექა კონცელიძე: “თუ ნასწავლი გაქვს გეოგრაფია, რთული საერთოდ არაა, რაც ვისწავლე და რა საკითხებზეც მქონდა წარმოდგენა ისინი შემხვდა. კონკრეტულად საკითხების გახსენება მიჭირს, მახსოვს რუკაზე იყო მოცემული არგენტინაში, გვინეაში და ბრაზილიაში რა ენებზე საუბრობენ. კითხვები იყო 13 ივნისის ტრაგედიის შესახებაც.”

გიორგი ლომისაშვილი: “13 ივნისის ტრაგედიის შესახებ იყო ასეთი კითხვები რამ გამოიწვია, რა მოხდებოდა რომ მანამდე გვცოდნოდა. სად მოხდა, რომელი მდინარის ადიდების გამო და რა პროცესები განვითარდა. ტექსტში ეწერა, რომ ტრაგედიის შემდეგ გეოგრაფებმა და სფეროს სპეციალისტებმა იმსჯელეს და რაღაც ზომები მიიღეს რომ აღარ მოხდეს მსგავსი შემთხვევები.”

ბექა მოწონელიძე: “ისეთი საკითხები არ ყოფილა, რაც სახელმძღვანელოებში არ არის. საფრანგეთზე იყო ერთი კითხვა, რაჭაზე იყო ტექსტი. შემოსახზი კითხვები იყო უმარტივესი. ქანებზეც მახსოვს ერთი კითხვა მეტამორფული წარმოშობის რომელიაო. ინდოევროპული ჯგუფის რომელ ენებს მიეკუთვნება სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიო. ტურიზმზე ვაპირებ ჩაბარებას და მაქვს წარმატების იმედი.”

ნიკა მაისურაძე: “საკითხი იყო 2015 წელს მდინარე ვერეს ადიდებაზე, კიდევ ერთი პატარა ტექსტი იყო რაჭაზე, რაჭის მოსახლეობაზე და კურორტებზე. მსოფლიო გეოგრაფიიდან იყო სამხრეთ ამერიკის ქვეყნების სალაპარაკო ენა რა იყო. რამდენიმე კითხვა ეკვატორულ კლიმატს ეხებოდა. ზოგადად ძალიან მარტივი იყო ამ გამოცდებზე ყველაზე მეტად ეს ტესტი გამიადვილდა, გასული წლების ტესტებს რომ შევადარე ყველაზე რთული 2015 წლის ტესტია.”

175-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი, თათია ფილაური: ,,ყველაფერი თითქმის პროგრამული იყო, რუკებზე იყო სამსჯელო. ძალიან ბევრი შეკითხვა იყო 13 ივნისის მოვლენებზე, რატომ მოხდა, რა შეიძლება ყოფილიყო გამომწვევი, სად მოხდა. მსოფლიო მოვლენებიდან ახალი, რაც არ გვისწავლია არაფერი ყოფილა. დახული შეკითხვები უფრო რთული იყო.”

ანი მერებაშვილი: ,,გეოგრაფიაში ასეთ რთულ გამოცდას არ ველოდი, ყველა წინა გამოცდაზე რთული აღმოჩნდა ჩემთვის. ამის გამო ვინერვიულე და საკითხები არ მახსოვს ზუსტად. თუმცა 13 ივნისზე რაც იყო დავალება კარგად დავწერე, იმიტომ რომ მოხალისე ვიყავი და კარგად ვიცი ეს მოვლენები. რაჭაზე იყო ასევე რა სასარგებლო წიაღისეული მოიპოვება.”

ჯუმბერ გულიაშვილი: ,,ბოლო გამოცდაა ჩემთვის და ამოვისნთქე. რომ გითხრათ რამე მოულოდნელი იყო ტესტში თქო, ასე არ ყოფილა. ყველაფერია ბუნებრივია არ მეცოდინებოდა. სიახლე იყო 13 ივნისს ვერეს ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე დავალება, მსგავსი მსოფლიოდან საერთოდ არაფერი არ ყოფილა. ყველაფერი იყო, რაც ვისწავლეთ იმ მასალებიდან. ტოპოგრაფია საკმაოდ მარტივი ამოსახსნელი იყო. საერთო ჯამში საინტერესო გამოცდა იყო.”

გეოგრაფია დამატებით საგნად 11500-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია. პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან 96%- მდე აპლიკანტი გამოცხადდა. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადეს ნიკა გაბლიშვილმა, ანუკი წიწილაშვილმა, თამთა ვირსალაძემ და ჟუკა ბანძელაძემ

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური