GE

ბიზნესი და თანამედროვე ტექნოლოგიები – რას შეისწავლით სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც სტუდენტებს წარმატებულ ბიზნესმენებად აქცევს

თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე წარმატების მიღწევა ყველა სფეროში რთულია, ბიზნესის მართვა კი, ფაქტობრივად, გამორიცხული. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ სასწავლო პროგრამაში ტექნოლოგიების ინტეგრაცია და მიმართულების ტექნოლოგიებთან კავშირში შესწავლა მოხდეს. ამ მიმართულებით ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტია გამორჩეული.

სულ რაღაც 4 წლის წინ შექმნილ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირება ტექნოლოგიებთან სინთეზში ისწავლება და ასე ჰქვია სამაგისტრო პროგრამასაც – ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები. აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მაგისტრანტი მოამზადოს ბიზნესის ადმინისტრირებაში სიღრმისეული ცოდნის მქონე პროფესიონალად, მისცეს კომპეტენცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბიზნესის ეფექტურად და ეფექტიანად მართვისათვის, შესძინოს უნარები, რომ მაღალტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით, შეძლოს ინოვაციური ბიზნეს პროექტების ინიცირება და მართვა, საწარმოო პროცესების დაგეგმვა, შეფასება და კონტროლი.

უნივერსიტეტში, სადაც სწავლის უმაღლესი სტანდარტია, სწავლის წლიური ღირებულება 2250 ლარია. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიღონ სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი ან საუნივერსიტეტო სტიპენდია.

სასწავლო პროგრამა სრულად აკადემიური და საბაზრო მოთხოვნების შესაბამისადაა აგებული. უნივერსიტეტის თითოეულ მაგისტრანტს კი შესაძლებლობა აქვს მიიღოს: უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილება, უახლესი ციფრული ტექნოლოგიები გამოყენებული სწავლების პროცესში, მეწარმეობაზე დაფუძნებული სწავლება, ორი მიმართულების – ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინტეგრირება, სფეროს მოწინავე ექსპერტი პროფესორ/მასწავლებლები, უახლესი, ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, დასაქმების მრავალმილიონიანი პორტალით სარგებლობა, საკუთარი სტარტაპის განვითარების უნიკალური შესაძლებლობა.

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახური მაგისტრანტების გაცვლით პროგრამებში ჩართულობას უზრუნველყოფს. გაცვლითი პროგრამებით სარგებლობა მათ შეუძლიათ როგორც ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამები, საზაფხულო და ზამთრის სკოლები, სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მოიპოვონ ორი დიპლომი. ორმხრივი შეთანხმება ბოლო სასწავლო წლის, პარტნიორ უნივერსიტეტში, ბრაგანჩას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, პორტუგალიაში გატარებას გულისხმობს.

დასაქმება ერთ–ერთია უნივერსიტეტის ძლიერ მხარეებს შორის. უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილება, სასწავლო პროცესში გამოყენებული უახლესი ციფრული ტექნოლოგიები და მეწარმეობაზე დაფუძნებული სწავლება BTU-ს მაგისტრანტებს საშუალებას აძლევს წარმატებით დასაქმდნენ არა მხოლოდ სწავლის დასრულების შემდეგ, არამედ სწავლის პერიოდშივე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კურსის ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ ყველაფერს, რაც არა მხოლოდ მაღალი რგოლის მენეჯმენტში დასაქმებისთვის, არამედ საკუთარი ბიზნესის დასაწყებად არის საჭირო. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაარსების დღიდან არაერთ ქართულ და საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობს, რომლებიც მუდმივად მზად არიან სტუდენტები დაასაქმონ და ამ მიმართულებით არაერთი წარმატებული პროექტიც განხორციელდა.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე 200-ზე მეტ ორგანიზაციასთან, კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურებთან.

მაგისტრანტების წარმატებას განაპირობებს BTU-ს აკადემიური პერსონალიც, რომელიც დაკომპლექტებულია მსოფლიოს წამყვანი, მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებითა და საქართველოში არსებული უმსხვილესი ორგანიზაციების ტოპ მენეჯმენტით.

დაბოლოს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრანტებისთვის უწყვეტი განათლების პროგრამა მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ ყველა კურსდამთავრებული, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, საჩუქრად 100%-იანი დაფინანსებით გაივლის სასერტიფიკატო კურსს იმ საგანში, რომელიც ისწავლება უნივერსიტეტში, ნებისმიერი პროგრამის ფარგლებში.

ბიზნესისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის საშუალებით.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

იმისათვის, რომ მაგისტრანტობის მსურველმა ჩააბაროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში წარმატებით უნდა გაიაროს სამი ეტაპი:

  • საერთო სამაგისტრო გამოცდა;
  • ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B1 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი;
  • გასაუბრება სპეციალობაში.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური