GE

ბოლო წლებში გამოცდებზე საშუალოდ 4 ათასი აბიტურიენტით ნაკლები გადის – ფაქტის ანალიზი სიმონ ჯანაშიასგან

ფოტო –
ტაბულა

ეროვნული გამოცდების რეფორმირების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც განათლების მინისტრმა სხვა ჩინოსნებთან ერთად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორიც გაათავისუფლა. საკადრო ცვლილებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთავრობა მისაღები გამოცდების მოდელის შეცვლას გეგმავს და რეფორმის განხორციელების თარიღად 2020 წელს ასახელებს. თუმცა სანამ გეგმები რეალობად იქცევა, დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდებზე უფრო და უფრო ნაკლები პირი გადის.

2011-2018 წლებში ეროვნულ გამოცდებზე საშუალოდ 39 ათასი აბიტურიენტი რეგისტრირდებოდა, თუმცა ბოლო წლებში  გამოცდებზე საშუალოდ 4 ათასი აბიტურიენტით ნაკლები (დაახლოებით 35 ათასი) გადის, – ეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ბოლო კვლევის მონაცემია.

რა ფაქტორები განაპირობებს, გამოცდებზე გასული აბიტურიენტების კლებას და საჭიროა თუ არა ეროვნული გამოცდების სისტემის შეცვლა? ამ საკითხებთან დაკავშირებით EDU.ARIS.GE–ს  განათლების მკვლევარ სიმონ ჯანაშიას ესაუბრა.

ამბობს, რომ მისაღების გამოცდების სისტემა დიდი ხანია შესაცვლელია და არსებობს გარკვეული  პრობლემები, რაც აბიტურიენტის, მასწავლებლის და უნივერსიტეტების წინაშე დგას.

„ეს ბოლო კვლევა აჩვენებს იმას, რომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლა ყველასთვის  ხელმისაწვდომი არ არის. ზოგი ალბათ დაფინანსების იმედით რეგისტრირდება და შემდეგ, როდესაც  ეს შესაძლებლობა ამოეწურება  უარს ამბობს  გამოცდაზე გასვლაზე. მეორე საკითხი, თუ რატომ შემცირდა ეს რიცხვი, შეიძლება უკავშირდებოდეს  გამოცდების ორგანიზებას. არის ძალიან ხისტი ვადები. ზოგიერთი მოსწავლისთვის სხვადასხვა მიზეზის გამო, შეუძლებელი ხდება ხოლმე ამ ვადებში ჩატევა. ზოგი ავად ხდება, ზოგი საზღვარგარეთაა, ვერ ახერხებს ჩამოსვლას იმ დროისთვის და ა.შ.  სისტემის მოდერნიზება დიდი ხანია საჭიროა და ხდებოდა კიდეც გარკვეული ცვლილებები მოდელის შიგნით, ემატებოდა და ემატებოდა გამოცდები, მაგრამ იცვლებოდა უარესობისკენ. ეს სისტემა უფრო და უფრო ამყარებდა უთანასწორობას მოსწავლეებს შორის“, – აცხადებს სიმონ ჯანაშია.

მისი თქმით, გამოცდების მოდელში პრობლემა არის ის, რომ კონკურსი ტარდება იქ, სადაც დიდი კონკურენცია არ არის, სისტემა კი ორიენტირებულია გამოცდის ჩაბარებაზე და არა სასარგებლო ცოდნის გაცემაზე.

„პრობლემა არის რომ კონკურსებს ვატარებთ იქ, სადაც კონკურსი არ არსებობს. მაგალითად თუ 5 ადამიანი აბარებს რომელიმე უნივერსიტეტში, ისინი მაინც ერთმანეთს უნდა შეეჯიბრნონ. გაუგებარია საერთოდ რა საჭიროა ამ ხალხისთვის ამ პროცესში მონაწილეობა. ეს არის ტყუილად დროის და ფულის ხარჯვა, როცა შეიძლება, რომ ახალგაზრდამ ეს დრო თვით განვითარებისთვის გამოიყენოს. ჩვენთან, ბაკალავრიატში მთავარია გამოცდა, თან ეს გამოცდა იმ წელს უნდა გქონდეს ჩაბარებული, წინა წელს მიღებული ქულებს შემდეგ წელს ვეღარ გამოიყენებ. ძალიან ბევრი პრობლემაა,  ქულების შენახვაც და მეორეა რამდენ გამოცდას აბარებს მოსწავლე;  ჯერ არის 8 გამოცდა, მერე მინიმუმ 4. დღეს მთელი სისტემა ორიენტირებულია გამოცდაზე. მასწავლებელიც  განვითარებაზე კი არ ფიქრობს, არამედ როგორ დააკმაყოფილოს მშობლების მოთხოვნა, რომ  ეს ბავშვები საუკეთესოდ მოემზადონ  გამოცდებისთვის და არა ცხოვრებისთვის.  ამ ცოდნას ხშირად არც კი იყენებენ უნივერსიტეტებში. მაგალითად, უცხო ენა სავალდებულოა ჩასაბარებლად, მაგრამ უნივერსიტეტების უმეტესობა სწავლებისთვის უცხოენოვან ლიტერატურას საერთოდ არ იყენებს. ამიტომ, გაუგებარი ხდება საერთოდ რატომ აბარებენ ამ საგანს“, – ამბობს ჯანაშია.

განათლების მკვლევარის აზრით, უნივერსიტეტებს სტუდენტების არჩევის დროს გაცილებით მეტი დამოუკიდებლობა უნდა ჰქონდეთ, ვიდრე ახლა აქვთ.

„კიდევ ერთი პრობლემა არსებულ მოდელში არის ის, რომ უნივერსიტეტები კი არ არჩევენ სტუდენტებს, სტუდენტები არჩევენ უნივერსიტეტებს. უმაღლესი სასწავლებელი ვალდებულია მიიღოს ნებისმიერი კომპეტენციის ადამიანი თუ ის სხვას აჯობებს, ან თუ მინიმალურ ზღვარს გადალახავს. რამდენიმე წლის წინ იყო ასეთი შემთხვევა, ჰარვარდის უნივერსიტეტში მიღებული სტუდენტები  სწავლის დაწყებამდე დაითხოვეს. ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შექმნეს ფეისბუქში ჯგუფი, სადაც დასცინოდნენ განსხვავებული წარმომავლობის თუ ორიენტაციის ადამიანებს. ანუ მათი ღირებულებები ეწინააღმდეგებოდა უნივერსიტეტის ღირებულებებს და სასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ უარი ეთქვა მათ მიღებაზე.

„ჩვენთან უნივერსიტეტს საერთოდ უფლება არ აქვს, რომ განსაზღვროს ვინ მიიღოს, ვერც გამოცდილების მიხედვით, ვერც ღირებულებების მიხედვით და. ა.შ.  დღეს გვაქვს ასეთი ვითარება უნივერსიტეტების პატარა ჯგუფს აქვს უფლება  ჰქონდეს დამატებითი გამოცდა ბაკალავრიატზე, მაგალითად სახელოვნებო და სასპორტო მიმართულებებზე, თუმცა რატომ არ შეუძლიათ რომ გამოცდის ნაცვლად გასაუბრება ჩაატარონ, არავინ არ იცის. ერთ-ერთი მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს მოდელი, უკვე არსებობს მაგისტრატურის და დოქტორანტურის დონეზე. არის მისაღები გამოცდები, მაგრამ არსებობს შიდა კრიტერიუმებიც, ზოგი უნივერსიტეტი იღებს თავის სტუდენტებს შიდა გამოცდების საფუძველზე, ზოგი დამატებითი გასაუბრებების ან პორტფოლიოების საფუძველზე და ა.შ.“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

რაც შეეხება სისტემის ცვლილების პერსპექტივებს, ამ საკითხთან დაკავშირებით სიმონ ჯანაშია ჯერჯერობით მხოლოდ დაპირებებს და ზოგად საუბრებს ხედავს.

„ჯერჯერობით, ერთადერთი, რაც ჩანს, არის ის, რომ მინისტრს აქვს მაღალი მხარდაჭერა მთავრობისგან. სხვა შემთხვევაში ასეთ საკადრო ცვლილებებს ვერ განახორციელებდა. სხვა, უბრალოდ საუბარია რაღაც სურვილებზე; ზოგადად, რა მიმართულებებს შეეხება ცვლილებები, რა პრობლემებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს და რა მოდელები უნდა განვითარდეს ამაზე   საუბარი ჯერ არაა“, – აღნიშნავს განათლების მკვლევარი.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური