GE

ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი მალხაზ ნაკაშიძე  რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირაკლი ბარამიძეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

როგორც ცნობილია, 3 აპრილს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებია ჩანიშნული. ოფიციალურად დარეგისტრირებული ამ დრომდე ერთადერთი კანდიდატი, ირაკლი ბარამიძეა. პროფესიით იურისტმა, მალხაზ ნაკაშიძემ  Aris.ge-განათლებას განუცხადა, რომ ვიდრე ბარამიძე კანდიდატურას წარადგენდა, უნივერსიტეტში მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, რექტორის მოვალეობის უფლებამოსილება უნდა მოეხსნა, რასაც ბარამიძემ თავი აარიდა. ნაკაშიძის განმარტებით, ბარამიძემ გამოსავალი წინასაარჩევნოდ შვებულებაში გასვლით გადაჭრა, რაც კანონის წინაშე პასუხისმგებლობისგან არ ათასვისუფლებს.

11076014_658955810876123_1541578652_n „მე როგორც წინა არჩევნების დროს, ისე ახლა, მოვითხოვ, რომ დაცული იყოს კანონმდებლობის მოთხოვნა. მოქმედი რექტორის მოადგილე, გადადგეს ამ თანამდებობიდან და ისე მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. რექტორის მოადგილეს, რომელსაც სამსახურებრივად ექვემდებარება ყველა პროფესორი, მეცნიერ–თანამშრომელი ანუ ამომრჩეველი, ასევე საარჩევნო კომისია, აქვს ყველა საშუალება, აქტიურად გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი. ასეთ გარემოში როგორ წარმოგიდგენიათ ნორმალური არჩევნების ჩატარება?! 23 მარტს მან მოულოდნელად აკადემიური საბჭოს სხდომაზე გააკეთა განცხადება, რომ ის შვებულებაში აპირებდა გასვლას. ეს პირდაპირ არის იმისი დადასტურება, რომ იგი არღვევს კანონს და ასეთი გამოსავალი მოძებნა. უნდა ითქვას, რომ შვებულებაში გასვლა მას არ ათავისუფლებს აღნიშნული თანამდებობიდან და ისევ რჩება საფრთხე, რომ იგი გავლენას ახდენს ამომრჩევლებსა და საარჩევნო კომისიაზე. ამიტომ ის უნდა გადადგეს თანამდებობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ არჩევნების ლეგიტიმურობა  ეჭვის ქვეშ დადგება,“ – აცხადებს მალხაზ ნაკაშიძე.

თავად რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ბარამიძე შვებულებაში ყოფნას ადასტურებს, თუმცა თვლის, რომ ამით კანონი არ დაურღვევია. მისივე განმარტებით, ის უფლება გამოიყენა, რომელიც კანონით ჰქონდა მინიჭებული.

11086651_658955884209449_598243043_n„დიახ, ერთი კვირაა ოფიციალურად  შვებულებაში ვიმყოფები 2 აპრილის ჩათვლით და ამით კანონი არ დამირღვევია, საშვებულებო უფლება გამოვიყენე. ამ ეტაპზე კი რექტორის მოვალეობის შემსრულებელი რექტორის მეორე მოადგილე ნათია წიკლაშვილია. ამჟამად რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი მე ვარ. მოგვიანებით,  შესაძლოა, უნივერსიტეტის  რექტორის არჩევნებშიც მივიღო მონაწილეობა,“- ამბობს ბარამიძე.

ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მსურველთა რეგისტრაციის ვადა ორშაბათს, 2 აპრილს იწურება და შესაძლოა, კანდიდატების რიცხვი გაიზარდოს.

მას შემდეგ, რაც აკადემიურმა საბჭომ 16 მარტს რექტორი ვერ აირჩია, კანონის თანახმად, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დაინიშნა, რომელსაც უნივერსიტეტის ყველა პროფესორი და მეცნიერ–თანამშრომელი პირდაპირი წესით აირჩევს. ამ არჩევნების შემდეგ კი აკადემიურმა საბჭომ რექტორი ყოფილი რექტორის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით  2016 წლის მაისამდე უნდა აირჩიოს.  

მაია შავაძე – ბათუმი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
მაია არის© შავაძე Aris.ge-განათლების ჟურნალისტი