GE

BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა გამარჯვებული სტუდენტური სტარტაპი დაასახელა და 5 000 ლარით დააჯილდოვა. BTU-ს ყოველწლიური სტუდენტური სტარტაპების დემო დღის გამარჯვებული ბიზნეს-ადმინისტრირებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი, სალომე მერებაშვილი გახდა. გამარჯვებული სტარტაპი კი Kikliko გახლავთ, რომელიც სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, 18 მაისს, სასტუმრო „სტამბაში“ Techworking Georgia ღონისძიება გაიმართა, რომელმაც სტუდენტების Showcase-ს, სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსი და Angel ინვესტორებთან Networking სესია გააერთიანა.

შერჩეული საუკეთესო სტარტაპ იდეები, კონკურსის ფარგლებში, საერთაშორისო ჟიურის წევრებს წარედგინა. სტუდენტები იღებენ საპარტნიორო შემოთავაზებებს საქართველოში არსებული უმსხვილესი ორგანიზაციებისგან და ინვესტორებისგან. BTU სტარტაპების დემო დღის მასშტაბები კი წლიდან წლამდე იზრდება, ღონისძიებას უერთდებიან საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოპარკების წარმომადგენლები, ბიზნეს აქსელერატორები, საინვესტიციო ფონდები.

ტექნოლოგიების სფეროში წარმატებული სტუდენტების Showcase – Pitch Yourself აერთიანებს საერთაშორისო IT კომპანიებსა და ამ სფეროში მომუშავე BTU-ს სტუდენტებს, რომელთაც სურთ საკუთარი პორტფოლიოს/პროექტის წარდგენა და/ან სამუშაოს მოძიება. 18 მაისის ღონისძებაზე სტანდარტული გასაუბრების ნაცვლად, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, ტექნოლოგიებში საკუთარი ცოდნისა და უნარებს დემონსტრირება მოეხდინათ.

სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსი 5 000 ლარის ოდენობით, Pre-Seed Funding სახით, განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ სტუდენტურ სტარტაპზე, საკონკურსო წესით გაიცა. კონკურსში მონაწილეობა BTU-ს ყველა პროგრამის სტუდენტურმა სტარტაპმა მიიღო, რომელმაც გაიარა შესარჩევი ეტაპი და მოსამზადებელი Bootcamp-ი.

BTU-ს მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელ თაკო ჯაფარიძეს და Startup Buro თანადამფუძნებელს, ჟიურის წევრ გური ქოიავას EDU ARIS.GE ღონისძიების დაწყებამდე ესაუბრა. თაკო და გური სხვებთან ერთად ელოდნენ სტარტაპ იდეეებს და გამარჯვებულის დასახელებას.

„სტარტაპ დემო დღე ყოველწლიურად იმართება მეწარმეობის ცენტრის ინიციატივით, თუმცა წელს შემოვიტანეთ დაფინანსების კომპონენტი და დღევანდელი დღის გამარჯვებული მიიღებს ჩვენგან 5000 ლარიან გრანტს, რაც მიეხმარება საკუთარი იდეის კიდევ უფრო განვითარებაში. დღეს ფინალზე წარმოდგენილი იყო 10 სტარტაპი. ჟიურიში არიან ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. დღევანდელი ღონისძიების შემდეგ, სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ასევე გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები მეწარმეების ცენტრში და ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მათ დავეხმარებით კიდევ უკეთ მოემზადონ ინვესტორებთან კომუნიკაციისთვის და შეძლონ კიდევ უფრო მეტი თანხა აწიონ სტარტაპების გასავითარებლად“, – გვითხრა თაკო ჯაფარიძემ.

გური ქოიავა კი ამბობს, რომ წარმოდგენილი სტარტაპები იმის გარანტიაა, საქართველო მალე გლობალურ სტარტაპ რუკაზე გაბრწყინდეს.

„სრულიად ახალი თაობა წამოვიდა, ახალი პროექტები, ახალი იდეები… წელს რატომღაც შეინიშნება ძალიან დიდი ნახტომი და სწრაფი ზრდა. დღეს ეს ახალგაზრდები, ეს ტალანტები გამოვლენ და მოყვებიან თავიანთი ტექნოლოგიური ბიზნესების პრეზენტაციაზე. კიდევ ბევრია გასაკეთებელი და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ ტექნოლოგიურ საქართველოს და საბოლოო ჯამში, გლობალურ სტარტაპ რუკაზე საქართველო მალე გაბრწყინდება. როცა უნივერსიტეტი წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებს, რომ მისი სტუდენტები გახდნენ ბიზნესის შემქმნელები, რა თქმა უნდა, შედეგსაც იღებს. ეს უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს განათლებას, გამოჰყავს ასეთ ღონისძიებებზე, აცნობს საზოგადოებას, ინვესტორებს და ა. შ., რაც უდავოდ წარმატების გარანტიაა მათთვის“, – ამბობს გური ქოიავა.

10 სტარტაპ იდეის მოსმენის შემდეგ ჟიურიმ გამარჯვებულად Kikliko დაასახელა. გამარჯვებული სტარტაპ იდეის ავტორი, სალომე მერაბიშვილი ამბობს, რომ ის პლატფორმა შექმნა, რაც თავად სჭირდებოდა მეგობრებთან ურთიერთობაში – ხმოვანი გიფები.

„ჩვენი სტარტაპ იდეა არის ხმოვანი გიფები, პროდუქტს კი Kikliko ქვია. ამ სტარტაპ იდეაზე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ვმუშაობთ შვიდკაციანი გუნდი. მჯერა, რომ დიდი შესაძლებლობები აქვს ამ პროექტს. რაც შეეხება თავად იდეას, სამეგობროში გვჭირდებოდა მსგავსი ტიპის ხმოვანი გიფების გაგზავნა სხვადასხვა სახალისო მომენტებში მესიჯინგის დროს. სულ გვქონდა ეს მოთხოვნილება. მე პირადად ვჭრიდი „იუთუბიდან“ ვიდეოებს და გადავსებული მქონდა ტელეფონი ამ ვიდეოებით, რომ სახალისო მომენტში გამეგზავნა მეგობრებისთვის. ვნახეთ, რომ მსგავსი პლატფორმა არ არსებობდა, რომელსაც მრავალფეროვანი კონტენტი ექნებოდა და მოგვცემდა შესაძლებლობას, რომ სასურველი მომენტი გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის ფილმებიდან თუ სხვადასხვა სატელევიზიო შოუებიდან და ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩვენ თავად შეგვექმნა ასეთი პლატფორმა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ“, – ამბობს გამარჯვებული სტარტაპ იდეის ავტორი.

დემო დღეზე, სტარტაპ “სტუმრობას” გადაეცა 2 000 ლარი. ასევე, Axel-მა გადასცა Wempler-ს პრიზი: Axel საქართველოს ანგელოზ ინვესტორების ქსელის დახურულ ფიჩინგ დღეზე მოწვევა pre-seed smart money-ის მოზიდვის მიზნით და კიდევ სტარტაპ საქართველომ Tech up სტარტაპს გადასცა 6 000 დოლარის ციფრული სერვისები.

დემო დღეზე პანელური დისკუსია და ინვესტორებთან Networking ღონისძიების ფარგლებში BTU-ს გლობალური სტარტაპ ფონდის ქსელის ინვესტორები, საერთაშორისო ვენჩურული ფონდების წარმომადგენლები და სტარტაპები შეიკრიბნენ და ტექნოლოგიების სფეროში არსებული სიახლეების გარშემო დისკუსიაც გაიმართა. Keynote speech-ის ფარგლებში, ისაუბრეს „ვაიბერის“ მიერ საქართველოში ოფისის გახსნის გადაწყვეტილებაზე და იმის შესახებ, თუ როგორია მათი დაკვირვებით ტექნოლოგიური ინდუსტრია საქართველოში, რა გამოწვევები და შესაძლებლობები არსებობს მის გასავითარებლად და რა გეგმების აქვს კომპანიას საქართველოს ბაზართან მიმართებაში.

ღონისძიების საბოლოო კომპონენტი პანელური დისკუსია გახლდათ თემაზე „Fundraising 101“, რომლის ფარგლებშიც BTU-ს გლობალური სტარტაპ ფონდის ქსელის ინვესტორებმა, საერთაშორისო ვენჩურული ფონდების წარმომადგენლებმა და სტარტაპებმა საკუთარი ხედვები და გამოცდილებები გაუზიარეს ერთმანეთს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური