„ბულინგის თემაზე რთული კითხვები მოვიდა“ – პროფესიული უნარების გამოცდიდან გამოსული პედაგოგები
დღეს პირველი დღეა, რაც პრაქტიკოსი მასწავლებლები პროფესიულ უნარებში აბარებენ გამოცდას. როგორც 2018 წლის პროფესიული უნარების გამოცდიდან გამოსული აპლიკანტების ნაწილი EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, გამოცდა საკმაოდ მარტივი იყო და მასწავლებელს, რომელსაც პრაქტიკა აქვს მისი დაწერა არ უნდა გაუჭირდეს. მათივე თქმით, ტესტებში დიდი ყურადღება ჰქონდა დათმობილი სწავლებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ჰუმანისტების მეთოდებს.
ერთ-ერთი პედაგოგი დეტალურად გვიყვება იმ დავალებების შესახებ, რომლებიც დღეს პროფესიული უნარების გამოცდაზე მოვიდა.
“რთული არ არის, მაგრამ კარგად უნდა იცოდეთ, მაგალითად როჯერსის “მე კონვენცია”, ამაზე იყო ყურადღება გამახვილებული, ასევე უნდა იცოდე, რა არის სოკრატესეული სწავლება. უნდა გეწერა მისი მეთოდებიდან, დაგესაბუთებინა რატომ არის მისი სწავლება მიღებული. უნდა იცოდე ბიჰევიორისტები, აქცენტი იყო ჰუმანისტებზე გაკეთებული. ძალიან ადვილი იყო ღია შეკითხვებიდან ფეისბუკის მოდელები. ერთი იყო, რომ მასწავლებელი ამბობდა, რომ მშობლების აზრით, მან ზედმეტად მიაჯაჭვა სახელმძღვანელოებს ბავშვები, რითაც მათ მაღალი სააზროვნო უნარები არ განუვითარდებათ და ითხოვდა რჩევას, როგორ განევითარებინა ბავშვებისთვის დამოუკიდებელი სააზროვნო უნარები. ასევე ერთ-ერთ სიტუაციურ დავალებაში იყო მშობელი რომელსაც ჰყავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, რომელიც ამბობს, რომ მასწავლებელიც და ბავშვებიც ზედმეტ ყურადღებას იჩენენ მისი შვილის მიმართ და მართალია მას ეს მოსწონს, თუმცა თავად ბავშვს არა და რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ სიტუაციაშიო.
შედარებით რთული იყო 39-ე შეკითხვა, რომლებიც ეხებოდა მთლიანად ბულინგის თემას. წარმოჩენილი იყო ამერიკული მოდელი, რომ კვლევის მიხედვით შედეგებს აუარესებს და ძალიან ცუდი ვითარებაა, ნულოვანი ტოლერანტობა აღარ მოქმედებს და ღია შეკითხვა იყო როგორ შეიძლება მოგვარდეს ბულინგის პრობლემაო. პასუხი უნდა გაგეცათ მხოლოდ ტექსტში მოცემული ინფორმაციიდან გამომდინარე. ასევე იყო სიტუაციები მოცემული და გეკითხებოდნენ, რომელი სიტუაციას გამოიყენებ ბულინგის პრობლემის მოსაგვარებლადო და მე დავწერე, რომ ესეს დავაწერინებდი, რადაგან ამ დროს მოსწავლეები თავად საუბრობენ პრობლემაზე და პრობლემის დანახვა მათ მოგვარების გზებსაც აღმოაჩენინებს”,- გვითხრა 173-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა პედაგოგმა.
პროფესიული უნარების გამოცდიდან გამოსული კიდევ ერთი აპლიკანტი ამბობს, რომ საგამოცდო საკითხებს საშუალო სირთულის იყო და მოქმედ მასწავლებელს მისი დაწერა არ უნდა გაუჭირდეს.
“პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება აქვს ამ ტესტების გაკეთება არ უნდა გაუჭირდეს. მე მხოლოდ 2 წელია ვასწავლი და ვერ ვიტყვი რომ ძალიან რთული იყო, თუმცა მარტივიც არ ყოფილა. ძირითადად, მაინც, შენს გამოცდილებაზე და პრაქტიკაზე ხარ დამოკიდებული. ძალიან მარტივი იყო სიტუაციური დავალებები. შედარებით გამიჭირდა ჰუმანისტებისა და კონკრეტული სწავლების მოდელებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა”,- გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა პედაგოგმა.
145-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული პედაგოგი, მაია მიქიაშვილი ამბობს, რომ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მათ გამოცდისთვის მოსამზადებლად დიდი დრო არ ჰქონდათ, თუმცა საკითხებზე მუშაობა არ გასჭირვებია: „მე პირადად არ გამიჭირდა. შარშან საგანი ჩავაბარე. დაწყებითი საფეხური მასწავლებელი ვარ. წელს გამოვედი პროფესიული უნარების გამოცდაზე. ყველა ის საკითხი იყო, რომელიც მასწავლებელს სჭირდება გამოცდაზე. საკითხებს რაც შეეხება, ბანდურა, სკინერი იყი, კლასის მართვიდან, შეფასებიდან იყო საკითხები. პედაგოგებმა მუშაობა 10 ივლისს შევწყვიტეთ და სიმართლე გითხრათ, საკმარისი დრო არ გვქონდა მოსამზადებლად, მაგრამ არ გამჭირვებია. გამოცდაზე გამოსვლის მოტივაცია იყო ის რომ ჩემთვის დაფასებაა, ვიყო სერტიფიცირებული პედაგოგი, მეორეც გაზრდილი ხელფასია მოტივაცია, არა განმსაზღვრელი. პედაგოგებს ვეტყოდი, რომ თავადაც სცადონ გამოცდის ჩაბარება. ამით არაფერი შავდება. წარმატებებს ვუსურვებ ყველა პედაგოგს”.
ერთ-ერთმა აპლიკანტმა კი EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ცოტა ტვინი გაქვს გამოცდას ნამდვილად ჩააბარებ.
“ყველაზე რთულად შეიძლება ჩავთვალოთ, ჰუმანისტებთან დაკავშირებით მოსული კითხვები. ასევე დიდი ყურადღება იყო გამახვილებული ბულინგზე. დანარჩენი არაფერი არ იყო, თამაში იყო. სიტუაციური დავალებებიც არ იყო რთული. კანონებიც კი არ მოსულა, რაც ძალიან გამიკვირდა. ძალიან მარტივად დავწერე 12-ის ნახევარზე უკვე მორჩენილი ვიყავი, თუმცა სწორი პასუხები მქონდა ცუდად გადატანილი და ამის გამო თავიდან მომიწია გადაწერა. სანერვიულო არაფერია, ოთხი სავარაუდო პასუხი გაქვს და ერთ-ერთი უნდა აირჩიო. მაგასაც თუ ვერ აკეთებ მასწავლებლობაზე აღარ უნდა გქონდეს მაშინ პრეტენზია”, – გვითხრა ერთ-ერთმა აპლიკანტმა.
განსხვავებული პოზიცია აქვს ერთ-ერთ აპლიკანტს, რომლის თქმითაც, ტესტი რთული იყო, რადგან ყველა თეორიის ზედმიწევნით ცოდნას მოითხოვდა: „როგორ იყო მარტივი? მთელი ფილოსოფოსები ზეპირად უნდა გცოდნოდა. საკუთარი არგუმნტების მოყვანას გთხოვდნენ, მაგრამ ეს არგუმენტები სწავლების თეორიებით უნდა გაგემყარებინა“.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს პროფესიული უნარების გამოცდას დაახლოებით 10 000 აპლიკანტი აბარებს. პროფესიული უნარების გამოცდას პედაგოგთა ნაწილი ხვალ დილის სესიაზე დაწერს. აღნიშნული გამოცდის შემდეგ კი მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს 5-დღიანი შესვენება აქვთ, 18 ივლისიდან კი ისინი ისევ გააგრძელებენ საკუთარი კომპეტენციის დადასტურებას სხვადასხვა საგანში.
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
ავტორები: გვანცა ღვედაშვილი, ცისანა შერგილაშვილი
- დამტკიცდა პროფესიული კოლეჯებისა და კოლეჯის დირექტორის ახალი სტანდარტი by ARIS.GE-განათლება
- როგორია მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების, გარიცხვისა და დონის დაძლევით ამორიცხვის უახლესი სტატისტიკა და სკოლის მიტოვების მიზეზები by ARIS.GE-განათლება
- ქართული ენა ციფრულ ეპოქაში – „მშობლების თაობას არ ესმის, რაზე საუბრობენ შვილები, მოძალებულია ბარბარიზმები!“ by განათლებული ბლოგი