„ცენტრალიზებული საგამოცდო სისტემა გვჭამს, რადიკალურად მოსაშორებელია“ – სპეციალისტები მისაღებ გამოცდებზე შეტანილ ცვლილებებს აფასებენ
აუცილებელი და გარდაუვალი – ასე აფასებენ განათლების სფეროს სპეციალისტები გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს მესამე სავალდებულო გამოცდისთვის, მხოლოდ ორი (მათემატიკის და/ან ისტორიის) შესაძლო ვარიანტიდან კი არა, საგანთა მთელი რიგი ჩამონათვალიდან შეეძლებათ არჩევანის გაკეთება.
განხორციელებული ცვლილებების შესახებ EDU.ARIS.GE-ს მიერ მოპოებული ინფორმაცია განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 20 ოქტომბერს საბოლოოდ დადასტურდა, სადაც მინისტრის მოადგილისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისგან მოვისმინეთ, რომ მესამე სავალდებულო გამოცდისთვის საგანთა რაოდენობა გაიზარდა და ისტორიასა და მათემატიკას დაემატა ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება და სამოქალაქო განათლება. ანუ, თუკი აქამდე აბიტურიენტებს ტექნიკური მიმართულების არჩევის შემთხვევაში მხოლოდ მათემატიკის ჩაბარება მოეთხოვებოდათ, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებით წასვლის შემთხვევაში მხოლოდ ისტორიის, ახლა მათ უკვე შეუძლიათ ზემოთ ჩამოთვლილი საგნებიდან მათთვის უფრო საინტერესო და სასურველი აირჩიონ.
გუშინვე, სამინისტროს მიერ გამოქვეყნდა პროგრამების სია და იმ საგნების ჩამონათვალიც, რომლითაც ამა თუ იმ პროგრამაზე მოხვედრა იქნება შესაძლებელი. დოკუმენტში ჩანს, რომ ზოგიერთ სპეციალობაზე მისაღებად აბიტურიენტს 5-6 საგნიდანაც ეძლევა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ასეა, მაგალითად, ჟურნალისტიკის შემთხვევაში, რომელზე მოსახვედრადაც აპლიკანტს, ქართულთან და უცხო ენასთან ერთად, შეუძლია ჩააბაროს მათემატიკა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ან ლიტერატურა.
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისათვის სავალდებულო საგნად განსაზღვროს სფეროს შესაბამისად დადგენილი საგანი/საგნები. აბიტურიენტი უფლებამოსილია აღნიშნული საგნებიდან ჩააბაროს ერთი ან რამდენიმე საგანი“, – ვკითხულობთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 19 ოქტომბერს ხელმოწერილ ბრძანებაში.
მოგეხსენებათ, მიღებული გადაწყვეტილება არც ისე უცხოა, ვინაიდან სწორედ ასეთი წესი მოქმედებდა 2019 წლამდეც, მანამ სანამ საკმაოდ მოულოდნელად, მესამე სავალდებულო გამოცდისთვის ასარჩევი საგნების რაოდენობა ორამდე არ იქნა დაყვანილი. ეს გადაწყვეტილება, EDU.ARIS.GE-ს რესპონდენტების აზრით, ცალსახად არასწორი იყო და კმაყოფილებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ შეცდომა გვიან, მაგრამ მაინც იქნა გააზრებული. თვლიან, რომ განათლების მესვეურებმა პრობლემა ჯერ შექმნეს და შემდეგ გადაჭრეს.
„ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო იმ შეცდომის გამოსასწორებლად, რომელიც დაშვებულ იქნა“, – ასე იწყებს თემის კომენტირებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე მანანა რატიანი და დასძენს, რომ განხორციელებული ცვლილების მიმართ იმთავითვე დიდი სკეპტიციზმი არსებობდა, რადგან დასაბუთებული არ იყო მოსაზრება, თუ რატომ უნდა გაეკეთებინათ არჩევანი აბიტურიენტებს მხოლოდ ისტორიასა და მათემატიკას შორის.
ბევრი პროფესიისადმი, მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება, უსამართლო იყო, ვინაიდან უმაღლესში ხვდებოდნენ ახალგაზრდები, რომელთაც ამა თუ იმ სპეციალობისთვის საჭირო საგნები ჩაბარებული არ ჰქონდათ. ისინი მხოლოდ საგამოცდო საგნებზე ორიენტირდებოდნენ და ბუნებრივია, დამატებით სხვა საგნების მეცადინეობის მოტივაციას კარგავდნენ. შესაბამისად, რატიანის თქმით, მათი ცოდნა ძალიან დავიწროვდა.
„ჯობდა ეს შეცდომა არ დაშვებულიყო, ჯობდა თავის დროზე უკეთ გაეაზრებინათ, ასევე უკეთესი იქნებოდა, რომ შარშან უკვე გამოსწორებულიყო, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და წელს მაინც რომ გადაიდგა ეს ნაბიჯი, სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილებაა. უსამართლობა იყო, რომ ზოგ სტუდენტს ოთხი გამოცდის ჩაბარება უწევდა. ის, რომ მესამე სავალდებულო საგანს, ხშირ შემთხვევაში, პროფესიასთან კავშირი არ ჰქონდა, ძალიან საგრძნობი იყო. უმაღლესებიც ამაზე წუხდნენ, რადგან სტუდენტებს, რომლებიც ამა თუ იმ პროგრამაზე აბარებდნენ, ხშირ შემთხვევაში, საფუძველი არ ჰქონდათ იმის, რაც უნდა ესწავლათ.
„ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, ეს პოზიტიური გადაწყვეტილებაა. თუმცა, თავისთავად ცხადია, რომ თავის დროზე აბსოლუტურად ალოგიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. იმაზე, თუ რატომ დარჩა მხოლოდ მათემატიკა და ისტორია, მაშინვე ძალიან ცუდი არგუმენტები ჰქონდათ. ფაქტია, რომ ჯობდა შეცდომა ბევრად ადრე გამოსწორებულიყო, რათა აბიტურიენტებს ეს აკადემიური წელი უფრო საზრიანად დაეგეგმათ. ყოველ შემთხვევაში აბიტურიენტების ნაწილი წელსაც, ალბათ, სხვა საგნებზე გააკეთებს არჩევანს“, – აღნიშნავს მანანა რატიანი და ვარაუდობს, რომ ძველ მეთოდზე დაბრუნების გადაწყვეტილებაში გარკვეულ როლს ითამაშებდნენ უმაღლესი სასწავლებლებიც, რომლებიც ამას ითხოვდნენ და სამინისტროს ერთობლივი წერილებითაც მიმართავდნენ.
რამდენიმე წლის წინ მოქმედი მოდელის აღდგენას უწოდებს ჩვენთან საუბარში გუშინ გაჟღერებულ ინფორმაციას განათლების სფეროს სპეციალისტი გიორგი გახელაძეც და დასძენს, რომ ამ გზით შერჩევა უფრო რელევანტური იქნება როგორც უმაღლესი სასწავლებლისთვის, ისე აბიტურიენტისთვის. თუმცა, აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ეს უმაღლესი განათლების სისტემასა თუ აბიტურიენტების მოტივაციას და მათი სწავლის ხარისხს დიდად არ ცვლის.
ჩვენი რესპონდენტისთვის გაუგებარია თუ რა იყო სავალდებულო საგნებად მხოლოდ მათემატიკისა და ისტორიის შეთავაზების მიზანი და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად უმაღლესების დიდი ნაწილი სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა, ვინაიდან შერჩევის ხარისხი კიდევ უფრო დაქვეითდა. მისივე თქმით, ამაზე წუხდნენ უნივერსიტეტებიც და აბიტურიენტებიც, რომელთაც ერჩივნათ პროგრამებზე მოსახვედრად ჩასაბარებელი საგნების მრავალფეროვნება ჰქონოდათ. შესაბამისად, ეს ორმხრივი მოტივი გახდა, მისი აზრით, იმ ინიციატივის მიზეზი, რომლის შესახებაც გუშინ მოვისმინეთ.
გახელაძე ფიქრობს, რომ წლევანდელი აბიტურიენტები ამ ცვლილებით სარგებლობას ჯერ კიდევ მოასწრებენ, რადგან სასწავლო წელი ახალი დაწყებულია და მათ საკმარისი დრო რჩებათ ჩასაბარებელი საგნები ისე განსაზღვრონ, როგორც მათთვის უკეთესი იქნება.
„ახლა ის პერიოდია, როცა სარეპეტიტორო ბაზარზე გადანაწილება ჯერ კიდევ შესაძლებელია და მოხდება კიდეც. ეს ყველაფერი იმით იქნება განპირობებული, რომ ამ ცვლილების საფუძველზე უმაღლეს სასწავლებლებს, რომელთაც 2020 წლის ზაფხულის მიღებისათვის პროგრამები უნდა წარადგინონ, ვადა ჯერ წინ აქვთ. ისინიც უყურებენ რამდენად მოქნილი, თუ მოუქნელი იქნება სარეპეტიტორო და აბიტურიენტთა ბაზარი და ამ მრავალფეროვნებით აუცილებლად ისარგებლებენ. შესაბამისად, სარეპეტიტორო ბაზარიცა და აბიტურიენტებიც შეყოვნდებიან, მაგრამ გადაეწყობიან,“ – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში სპეციალისტი.
იგი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ, უნივერსიტეტებისგან წამოსული მოსაზრებების შედეგად, გარკვეული ცვლილებები შეეხოს შესარჩევი ტესტების შინაარსსაც. ამბობს, რომ „სახელმწიფოსთვის ანგარიშგასაწევი“ უმაღლესი სასწავლებლები, ჯერჯერობით, არ მოითხოვენ საგამოცდო სისტემის რადიკალურ ცვლილებას და ამ ფაქტს სამწუხაროს უწოდებს.
„უმაღლესებიდან ახლა შეიძლება მოითხოვონ შინაარსის ცვლილება. სახელმწიფო სასწავლებლების ნაწილში არის ის განწყობაც, რომ ზოგადი უნარების გამოცდა კარგი იყო, რელევანტური იყო და უნდა აღვადგინოთ. ჩემთვის, შინაარსობრივი ცვლილება, ისევე როგორც ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება, კოსმეტიკური ცვლილებაა. ისინი არსებითად არ ცვლის და ვერ შეცვლის აბიტურიენტთა როგორც რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ ნაკადს და ვერც უმაღლესი სასწავლებლების სწავლის ხარისხზე იქონიებს კარგს გავლენას. ერთიანი ეროვნული, ცენტრალიზებული გამოცდები, 2010 წლიდან მოყოლებული, როგორც უმაღლესი განათლების სისტემის, ისე ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის განვითარების მუხრუჭი გახდა. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზღუდე, რომელიც ორივეს ამუხრუჭებს. სინამდვილეში, ეს სისტემა გვჭამს. ერთ-ერთი ღონიერი მახრაა განათლების სისტემისათვის და რადიკალურად მოსაშორებელია“, – მიიჩნევს გიორგი გახელაძე.
შეგახსენებთ, რომ მინისტრის ახალ ბრძანებაში გათვალისწინებული ცვლილებები არ ეხება ჯანდაცვის მიმართულების არც ერთ პროგრამას და ასევე, გრანტის გაცემის წესს.
ასევე იხილეთ:
- „დროულად ამოქმედდეს უფასო, ჯანსაღი სასკოლო კვების პროგრამა!“ – სახალხო დამცველი განათლების მინისტრს by ARIS.GE-განათლება
- ცნობილია რომელ არჩევით საგანზე რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა – გამოცდები 2024 by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რაში მეხმარება მე-12 კლასი – „აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის“ გამოკითხვის შედეგები by ARIS.GE-განათლება