GE

ჩააბარებენ თუ არა გამოცდებს სპეცმასწავლებლები? – რაზე მუშაობს განათლების სამინისტრო

2020 წლიდან სპეციალური მასწავლებლების სერტიფიცირება უნდა განხორციელდეს და გამორიცხული არაა, მათ გამოცდების ჩაბარება მოუწიოთ.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლებასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე, ინკლუზიური განვითარების სამმართველოს უფროსმა ეკა დგებუაძემ განაცხადა, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან, რათა მომავალში სპეცმასწავლებლების სერტიფიცირება განხორციელდეს.

“ვთანამშრომლობთ უკვე გამოცდების ეროვნულ ცენტრთან სპეცმასწავლებლების სერტიფიცირებაზე და 2020 წლიდან გვექნება სიახლეები”, – განაცხადა ეკა დგებუაძემ.

მოუწევთ თუ არა სპეცმასწავლებლებს გამოცდების ჩაბარება, ამ კითხვაზე განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე გვპასუხობს, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

“სპეცმასწავლებლების მიმართულებით ვიცით, რომ 2018-19 სასწავლო წლებში ისინი სტატუსით გაუთანაბრდნენ საგნის მასწავლებლებს. მანამდე ისინი ადმინისტრაციის წევრები იყვნენ და სწორედ ამის შემდეგ მათ ხელფასები მოემატათ დაახლოებით 250 ლარის ოდენობით. მოგეხსენებათ, საგნის მასწავლებლებთან მიმართებაში მოქმედებს სქემა, რომელიც მორგებულია სწორედ საგნის მასწავლებლის სპეციფიკასთან, ხოლო რაც შეეხება სპეც მასწავლებლის საქმიანობას, განსხვავებული საქმიანობაა, საკმაოდ შრომატევადი, მულტიფუნქციურია, გულისხმობს ძალიან ბევრი ელემენტის გაერთიანებას, მათ შორის თანამშრომლობას სხვადასხვა საგნების მასწავლებლებთან და ამიტომ სპეცმასწავლებლების სქემა განსხვავებული იქნება, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს.

“ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გაზაფხულისთვის სქემა დამტკიცდება და 2020-21 სასწავლო წლიდან უკვე ჩაიწერება კონკრეტული საქმიანობები, მათ შორის სტატუსის ამაღლების თუ სერტიფიცირების წესები. ამ ეტაპზე დეტალებზე არ ვისაუბრებ იმიტომ, რომ საკითხი არის ექსპერტებთან განხილვაში. იქნება თუ არ ტესტი ან სხვა სახის გამოცდა, ჯერჯერობით არ ვიცით, ესეც სიტუაციიდან გამომდინარეა და უნდა გავიაროთ კონსულტაციები, როგორც მულტიდისციპლინური ჯგუფებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან”,- ამბობს ირინა აბულაძე EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

მისივე თქმით, სკოლის პედაგოგების და ადმინისტრაციის წარმომადგენლების ანაზღაურების ზრდის პარალელურად, ოქტომბრიდან დაახლოებით 20%-ით გაიზრდება ინკლუზიური განათლებაში ჩართული სპეციალისტების ხელფასი.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური