GE

ჩაატარებენ თუ არა სკოლები წლის ბოლოს შიდა გამოცდებს? – რას ამბობენ დირექტორები და როგორია მათი ვალდებულება

სკოლებში საატესტატო გამოცდების გაუქმების შემდეგ, განათლების უწყებაში შეფასებითი გამოცდების დანერგვაზე საუბრობენ, რომელიც მე-6 და მე-10 კლასებში უნდა ჩატარდეს და ეს სიახლე სავარაუდოდ 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს. სანამ დაანონსებული ეროვნული შეფასების დანერგვის ზუსტი ვადები გახდება ცნობილი, სკოლებს ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, აქვთ უფლება შიდა გამოცდები ჩაატარონ, თუმცა ამის შესახებ მათ მოსწავლეებს სასწავლო წლის დასაწყისში უნდა აცნობონ.

„ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ტიპის გამოცდები: ა) სემესტრული გამოცდა; ბ) წლიური (სასწავლო წლის დამამთავრებელი) გამოცდა; გ) საშემოდგომო გამოცდა; დ) ექსტერნატის გამოცდა.“ – ვკითხულობთ შესაბამის დოკუმენტში.

სკოლის მოსწავლეები EDU.ARIS.GE-სთან საუბარში, გასული სასწავლო წლის დასასრულს აცხადებდნენ, რომ სხვადასხვა კლასებში, კონკრეტულ საგნებში წლიური გამოცდების ჩატარების შესახებ მასწავლებლები მათ უკვე ესაუბრებოდნენ.  რა ხდება ახალ სასწავლო წელს აქვთ თუ არა შიდა გამოცდები და რამდენად თავისუფლები არიან სკოლები არჩევანში EDU.ARIS.GE ამ საკითხით დაინტერესდა და სკოლის დირექტორების ნაწილს ესაუბრა.

რა შეიცვლება თუ მოსწავლე IV, VI და X კლასის გამოცდებს ვერ ჩააბარებს – ყველა დეტალი რაც ცნობილია

CAT-ის გამოცდების გაუქმების შემდეგ მე-6 და მე-10 კლასებში ეროვნული შეფასება ჩატარდება

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპროტის სამინისტროში განგვიცხადეს, რომელი სკოლა ატარებს შიდა გამოცდებს, ასეთი აღწერა მათი მხირდან არ ხდება. სკოლა ამ საკითხში გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შიდა გამოცდის ჩატარებას აპირებას, ამის შესახებ აუცილებლად სასწავლო წლის დასწაყისში, წინასწარ, სკოლაში უნდა განცხადოს.

დირექტორების ნაწილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ  შიდა გამოცდების ორგანიზება რთული საკითხია, რადგან მის მაღალ დონეზე ჩასატარებლად და იმისთვის, რომ კორუფციასთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩნდეს, სერიოზული ფინანსები და ორგანიზებაა საჭირო. ნაწილი კი აცხადებს, რომ შიდა გამოცდების სისტემა სკოლაში რამდენიმე წელია დანერგილი აქვს და წარმატებითაც ახორციელებს.

თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში, რომელიც „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტშია ჩართული, შიდა გამოცდების დაწესებას არ აპირებენ. დირექტორი ირაკლი მექვევრიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ის ზოგადად ნიშნებით შეფასების წინააღმდეგია და გამოცდების სრულყოფილად ორგანიზებისთვის საჭირო ფინანსების მოპოვებაც რთულ საკითხად მიაჩნია.

„სკოლის გამოსაშვები გამოცდები იმიტომ გაუქმდა, რომ არ იყო მისაღები და ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას, ძალიან რთული საკითხია ზოგადად. ჩვენთან რატომ იწერება 10-იანი და 5-იანი, ეს არ არის ყველა სკოლისთვის ერთი და იგივე, ყველა სკოლა შეფასებას ალბათ თავის შიდა რეგულაციებით აკეთებს. მე ზოგადად ნიშნების წინააღმდეგი ვარ, მით უმეტეს გამოცდაში. თუ იმას ვიგულისხმებთ, რომ გავიგოთ ეროვნული სასწავლო გეგმის მინიმალური კომპეტენცია დაძლია თუ არა მოსწავლემ, კი ბატონო, ვთქვათ იყოს გამოცდა, მაგრამ აი იქ ვიღაცას ნიშანი დაუწერო, ეს უკვე სხვა საკითხია. გარდა ამისა, ეს არ არის იოლი ამბავი ფინანსურადაც, ძალიან ძვირია, ვინ უნდა ჩაატაროს? როგორი კვლევა უნდა ჩატარდეს? ვის დაუკვეთავ ტესტებს თუ საკითხებს, ყველაფერი გასათვალისწინებელია“, – ამბობს ირაკლი მექვევრიშვილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

თბილისის 59-ე საჯარო სკოლის დირექტორი ამბობს, რომ შიდა გამოცდებს სკოლაში მე-9 კლასელებისთვის 6 წელია ატარებს და ინფორმაცია გამოცდების შესახებ სასწავლო წლის დასაწყისში ქვეყნდება.

„მე-9 კლასში გვაქვს გამოცდები მე-6 წელია. ერთ-ერთ წელს გვქონდა cat-ის გამოცდები დავრეგისტრიდით ნაეკში და ჩავატარეთ მისი ტესტებით. მე-9 კლასში ორ-ორ საგანში გვაქვს ხოლმე გამოცდა, შარშან ბიოლოგია და ქიმიაში ჩავატარეთ, წელს ქართულსა და მათემატიკაში. საკითხებს ჩვენ ვადგენთ, პარალელურ კლასებში სხვადასხვა მასწავლებლები შეჯერდებიან ხოლმე საკითხებზე და კომბინირებული ტესტი კეთდება, მხოლოდ შემოსახაზი რომ არ იყოს. ტესტებს აქვს მინიჭებული კოდი და ასე ვარიგებთ გამოცდაზე მოსწავლეებთან, შემდეგ ვასწორებთ. ვინც ვერ ჩააბარებს საშემოდგომო გამოცდაზე გასვლა უხდება, ამ შიდა გამოცდისგან გათავისუფლებული გვყავს სსმ მოსწავლეები. გამოცდების შესახებ განაცხადს სექტემბერში ვაკეთებთ, მშობლებმაც იციან, მოსწავლეებმაც და პედაგოგებმა თავისთავად, წინასწარ ემზადებიან. მეცხრე კლასში გამოცდა იმიტომ ჩავრთეთ, რომ გვეპოვა ბავშვები, რომლებსაც არ უნდათ სკოლაში სიარული და ამის სურვილი მხოლოდ მშობლებს აქვთ. ამით გარკვეულწილად მოსწავლეებს ვუბიძგებთ, რომ  პროფესიულ სასწავლებელში წავიდნენ. მაგალითად სამი მეცხრე რომ გვყავს, ამ გამოცდების შემდეგ დავდივართ ორზე და რჩებიან ის ბავშვები, რომლებსაც ნამდვილად უნდათ სწავლის გაგრძელება. მომავალში, როგორც დაგეგმილია, თუ მეათე კლასი გახდა საბაზო, ამ გამოცდას მეათეში გადავიტანთ, ან როგორც გადაწყდება ჩვენც ისე მოვიქცევით”, – ამბობს 59-ე საჯარო სკოლის დირექტორი მაია ლოლაშვილი.

მოსწავლეები შიდა გამოცდას აბარებენ, თბილისის 179-ე და 41-ე საჯარო სკოლებშიც, სადაც გამოცდების ორგანიზება შიდა რესურსების გამოყენებით ხდება.

„ჩვენ შემთხვევაში გვაქვს მე-9 კლასში ორი გამოცდა, მეათეში ერთი, მე-11, მე-12 გადასაწყვეტი გვაქვს. მე-9 კლასში დიდი ხანია რაც გამოცდას ვატარებთ. არც ისე რთული არ არის ორგანიზება, ტესტებს ვიღებთ ეროვნული გამოცდების ცენტრიდან, კათედრების მიხედვით ხდება კომისიის შერჩევა, სხვადასხვა გამოცდაზე იცვლება გამსწორებელი კომისიის წევრი, ჯერ-ჯერობით ასე გვაქვს და დაველოდებით სამინისტროს გადაწყვეტილებას – აცხადებს 179-ე საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ნებიერიძე.

„გვაქვს შიდა გამოცდები მე-7, მე-8, მე-9 კლასებში, კანონმდებლობიდან გამომდინარე 2 წელია. მე მაქვს ელექტრონული ვარიანტი ღია, ან დახურულბოლოიანი დავალების ტესტების და ამით ხდება გამოცდის ჩატარება. ამ ეტაპზე სხვა კლასებში არ ვგეგმავთ, ველოდებით სამინისტროს გადაწყვეტილებას მე-10 კლასის გამოცდასთან დაკავშირებით“, – ამბობს 41-ე საჯარო სკოლის დირექტორი  რევაზ ჯავახიშვილი EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლის დირექტორი ია კვატაია აცხადებს, რომ შიდა გამოცდა კარგი სშუალებაა მოსწავლეთა შედეგების საჩვენებლად, მისივე თქმით, სკოლას საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლია დაადგინოს ექნება თუ არა შიდა გამოცდას გავლენა მოსწავლის შეფასებაზე.

„შიდა გამოცდების პრაქტიკა გვქონდა დაახლოებით 6-7 წლის წინ მე-9 , მე-10 ,მე-11 კლასებში.  ჩვენ ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, შეგვიძლია რომ ეს გამოცდები დავნიშნოთ, მგრამ არის რაღაც შეზღუდვებიც, მაგალითად არ შეიძლება მომდევნო წელს კონკრეტულ კლასში გავიმეოროთ ერთი და იგივე საგანი. ასევე, შეგვიძლია ჩვენვე განვსაზღვროთ, იმოქმედებს თუ არა გამოცდის შედეგი ბავშვის წლიურ შეფასებაზე. მაგალითად თუ ვინმეს ჰქონდა უკმარისობის გრძნობა ნიშანთან დაკავშირებით, ეს გამოცდა იყო დამატებითი შანსი, დაედასტურებინათ ან გამოესწორებინათ თავიანთი მიღწევები. ამჟამად, ახალი სკოლის მშენებლობის გამო, ალტერნატიულ ფართში ვართ და ფიზიკურად არ გვაქვს შესაძლებლობა და თავს ვიკავებთ ასეთი ინიციატივებისგან. ვთვლი, რომ მისაღებია შიდა გამოცდა, ოღონდ ეს არ უნდა იყო გამოცდა გამოცდისთვის და მხოლოდ ფორმალური მხარე არ უნა ჰქონდეს. გამოცდების არსებობის შემთხვევაში მოსწავლის პასუხისმგებლობა უფრო სხვაა და ეს გამოცდილებამაც აჩვენა,“- აცხადებს ია კვატაია.

მოსწავლეებს კი, რომელთა დიდი ნაწილიც წელს სკოლაში ჩასატარებელი შიდა გამოცდის შესახებ EDU.ARIS.GE-ს ხშირად ეკითხება და მათთვის სკოლას გამოცდის ჩატარების შესახებ უნფორმაცია არ მიუწოდებია, საშუალება აქვთ მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას და დააზუსტონ აღნიშნული ინფორმაცია.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური