GE

ჩატარდება თუ არა სკოლებში სპორტის გაკვეთილები და უნდა ეკეთოს თუ არა ამ დროს მოსწავლეს პირბადე

სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, სკოლებში სპორტის გაკვეთილებიც აღდგება. ინფორმაციას ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს დედაქალაქის სხვადასხვა სკოლის დირექტორები უდასტურებენ, რომლებიც აცხადებენ, რომ სპორტის გაკვეთილი, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი საგანი, ჩვეულებისამებრ ჩატარდება, თუმცა გარკვეული რეგულაციებით.

ბოლო დღეების განმავლობაში, თემასთან დაკავშირებული კითხვებით, EDU.ARIS.GE-ს უამრავმა მშობელმა მიმართა, რომელთაც აინტერესებდათ ხომ არ მიიღეს სკოლებმა განათლების სამინისტროსგან ამ საკითხზე რაიმე სახის მითითება და როგორ დაიცავდა დირექცია მათი შვილების უსაფრთხოებას სპორტის გაკვეთილების დროს.

როგორც აღმოჩნდა, სამინისტროსგან სკოლებს სპორტის გაკვეთილის ჩატარება-არჩატარებასთან დაკავშირებით მითითება არ მიუღიათ, თუმცა მიიღეს რეკომენდაცია უსაფრთხოების ნორმების შესახებ. ამ რეკომენდაციაში დეტალურადაა გაწერილი თუ რამდენჯერ და რა წესით უნდა დასუფთავდეს სპორტული დარბაზები და რა მითითებებს უნდა დაემორჩილონ მოსწავლეები მათივე უსაფრთხოებისათვის.

სპორტის გაკვეთილების დროს პირბადის გამოყენებაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა თემურ მიქელაძემაც და მას მიაჩნია, რომ სპორტის გაკვეთილზე მოსწავლეს პირბადე არ უნდა გავუკეთოთ.

„პირბადის ტარება არის აბსოლუტურად უსაფრთხო. მთავარია, პირბადე სწორად ჰქონდეს გამოყენებული ბავშვს. სწორად რას ნიშნავს? – არ უნდა მოიხსნას, არ უნდა დაბინძურდეს შეხებით ეს პირბადე, ან, მოხსნის შემდეგ უნდა გამოიცვალოს ახლით. კლასი როცა არის 30-40 ბავშვი ეს არის საკმაოდ ძნელი სამართავი, ამიტომ გარდა პირბადისა აუცილებელი ნაკადების მართვა. ასეთი კლასები უნდა გაიყოს ორად… მაგალითად, თუ ჩვენ ფიზიკური აქტივობით დავკავდებით, იქნება ეს ფიზკულტურის გაკვეთილები თუ სხვა, მაშინ ბავშვს არ უნდა გავუკეთოთ პირბადე, რამე თუ ამ ფიზიკური აქტივობით სუნთქვა პირიქით, გახშირებულია და გახშირებული სუნთქვის ფონზე, შეიძლება შეუქმნას ერთგვარი დისკომფორტი, ზოგ შემთხვევაში ჰაერის უკმარისობაც კი შეიძლება განვითარდეს. ამიტომ, პირბადე გამოვიყენოთ სწორად, რომ არამხოლოდ კოვიდისგან არამედ სხვა ინფექციებისგანც დავიცვათ თავი”, – ამბობს თემურ მიქელაძე.

150-ე საჯარო სკოლის დირექტორი ირაკლი მექვევრიშვილი აცხადებს, რომ მათ სკოლაში სპორტის გაკვეთილი შემოდგომაზეც ჩვეულებრივ ტარდებოდა და ახლაც ასევე გაგრძელდება.
„სპორტის გაკვეთილებისთვის სამი სივრცე გვაქვს გამოყოფილი – დაწყებითებისთვის ცალკეა დარბაზი, საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის კი – ცალკე. აგრეთვე, გვაქვს ღია სივრცეც – სტადიონი. როდესაც ერთი კლასი სპორტის გაკვეთილს დაასრულებს, ის სივრცე დასუფთავდება, ამისთვის დამლაგებელს 45-50 წუთი აქვს. იწმინდება სკამები, ფანჯრის რაფები, სახელურები. ეს ყველაფერი საკმაოდ ადვილად სუფთავდება და ვასწრებთ. იატაკის მოწმენდაც კი ხდება. რა თქმა უნდა, შრომატევადია, თუმცა დღის განმავლობაში ცხრილი ისე გვაქვს გადანაწილებული, რომ პრობლემას არ ქმნის. ვისაც ერთი დარბაზი აქვს, მისთვის უფრო რთულია, მაგრამ ჩვენ რესურსი გვაქვს და ვუმკლავდებით“, – ამბობს ინტერვიუში ირაკლი მექვევრიშვილი.

175-ე სკოლის ხელმძღვანელი თინათინ ალავიძე კი, ჩვენთან საუბარში იმასაც აცხადებს, რომ სპორტის გაკვეთილები ახლა უფრო უსაფრთხოდ და კარგად ჩატარდება, რადგან სკოლები „განტვირთულია“, ზოგი მათგანი ორ ცვლიან რეჟიმზეა გადასული, მოსწავლეების ნაწილი კვლავ დისტანციურ სწავლებაზე რჩება და ამიტომ, თუკი აქამდე სპორტის გაკვეთილებზე, ზოგჯერ, 2 კლასის შეერთებაც უწევდათ, ახლა ამის საჭიროება აღარ იდგება.

„ორი სტადიონი და ორი დარბაზი გვაქვს. ჩვენთან დაწყებითი კლასები ცალკე შენობაში არიან და საბაზო და საშუალოები – ცალკე. დარბაზებიც ცალ-ცალკეა. რეკომენდაციების გრძელი ჩამონათვალია – როგორ უნდა დავიცვათ ჰიგიენური პირობები, რა ხანგრძლივობის უნდა იყოს გაკვეთილი, როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია მშობლებს და ა.შ. იმის მიხედვით, თუ რა შესაძლებლობა აქვს სკოლას, შესაძლებელია გაკვეთილების ხანგრძლივობის შემცირებაც მინიმუმ 30-წუთამდე. ჩვენც ვამცირებთ – პირველ კლასში 30-წუთიანი იქნება, დაწყებითი საფეხურის დანარჩენ კლასებში -35, საბაზო და საშუალო საფეხურზე კი – 40. სპორტის გაკვეთილებიც ამავე ხანგრძლივობით ჩატარდება“, – განგვიმარტა თინათინ ალავიძემ.

მაია ლელაშვილი, 59-ე საჯარო სკოლის დირექტორი: „ჩვენ ეზოში ორი სტადიონი გვაქვს და სპორტის გაკვეთილებიც იმ რეკომენდაციებით გაგრძელდება, რაც იყო. სტადიონებიდან ერთი ხელოვნურია, ერთიც – ბუნებრივი და იქ დისტანცია დაცული იქნება. დარბაზიც გვაქვს, მაგრამ დისტანციას ვერ დავიცავთ. თუ ცუდი ამინდი იქნება, მოსწავლეებს თეორიული მასალა მიეწოდებათ და როგორც სხვა გაკვეთილებზე, ისე ისხდებიან – დისტანციის დაცვით. შემოდგომაზეც ასე ვატარებდით – გარეთ, ეზოში“.

შეგახსენებთ, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში დასწრებული რეჟიმით უკვე მთელს საქართველოში 15 თებერვლიდან განახლდება.

„არ მინდა ქვეყნის ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებაში წვლილი შევიტანო!“ – მშობლების ნაწილი შვილებს სკოლაში არ უშვებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური