GE

„ჩემი ოცნებაა SANGU-ს კედლებში როგორც ლექტორი ისე დავბრუნდე, ვიმედოვნებ, შორეულ მომავალში მექნება ამის შესაძლებლობა“

წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გატარებული პერიოდი ჩემთვის შეუფასებელია. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ უფრო მეტად დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, მიზნებისა და პრიორიტეტების ჩამოყალიბება. ძალიან გამიმართლა, რომ SANGU-ში ჩავაბარე, რადგან უნარები, რომლებმაც ძალიან ბევრი სიკეთე მომიტანა ცხოვრებაში, სწორედ აქ შევიძინე. ადამიანები ყველაზე უკეთ საკუთარ თავებს ვიცნობთ, და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სტუდენტობისას საოცარი პროგრესი განვიცადე.

SANGU-სთან საოცარი ემოციები მაკავშირებს. სწავლის დასაწყისში წარჩინებულმა სტუდენტებმა და სტიპენდიანტემა გამიჩინეს დიდი სურვილი, მეც მათ გვერდით ვყოფილიყავი. საოცარი ემოცია იყო, როდესაც სტიპენდიანტი გავხდი, თანაც რამდენიმეჯერ. ვფიქრობ, ეს ჩემი პატარა წარმატებების დიდი დასაწყისი იყო, რაც საკუთარი თავის განვითარებაში დამეხმარა. ყველაზე ძვირფასი კი, რაც უნივერსიტეტმა მაჩუქა, ჩემი მეგობრები არიან, რომლებიც ჩემი ცხოვრების უძვირფასესი ნაწილია. მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები მათ გამო.

დამეთანხმებით, პროფესიის არჩევა ძალიან რთულია, მაგრამ თუ ვიპოვით იმ სფეროს, რომელიც გვაინტერესებს, აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას. ვფიქრობ, სამართლის პროგრამაზე ჩაბარება სწორი გადაწყვეტილება იყო, უნივერსიტეტში გატარებულმა პერიოდმა ამაში ნამდვილად დამარწმუნა. თითოეული ლექცია ჩემთვის საინტერესო იყო. მთავარი კი ისაა, რომ ამ სფეროში დავინახე საკუთარი თავი და საჭირო რესურსიც ჩავდე მასში. SANGU-მ მომცა შესაძლებლობა, მიმეღო საფუძვლიანი და მრავალფეროვანი განათლება. თეორიული ცოდნის გარდა, მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა უნარების განვითარებაც, როგორიცაა აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა, თავდაჯერებულობა და სხვა.

ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში დავიწყე სხვადასხვა კომპანიებში სტაჟირების გავლა და მუშაობა. ამჟამად ვმუშაობ საქართველოს ბანკში და აქ ვაპირებ საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას. წარმატების მისაღწევად ბევრი შრომაა საჭირო. უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავში მიზანი და მივყვეთ მას. ამ პროცესში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ განტვირთვის შესაძლებლობაც მქონდეს, დამრჩეს დრო ჩემი საყვარელი საქმეებისთვის, ამ დროს უფრო პროდუქტიული ვარ. ვცდილობ დრო გავანაწილო და მხოლოდ ერთ რამეზე არ ვიყო კონცენტრირებული.

წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა დამეხმარა ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც ახლა ვარ. ჩემი ოცნებაა SANGU-ს კედლებში როგორც ლექტორი ისე დავბრუნდე, ვიმედოვნებ, შორეულ მომავალში მექნება ამის შესაძლებლობა.

სუსანა კაკოსიანი
SANGU-ს კურსდამთავრებული

წმ.ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური