GE

„ჩვენი უნივერსიტეტი ღიაა როგორც ეროვნული მობილობისთვის, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის“ – KIU გაზაფხულის სემესტრის მობილობას აცხადებს

ყველაზე ინოვაციური, თანამედროვე და პრესტიჟული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მობილობას აცხადებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ სტუდენტს, ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლიდან, ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ, შესაძლებლობა ეძლევა არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის ერთ-ერთი მოწინავე უნივერსიტეტის სტუდენტი გახდეს, მიიღოს ევროპული განათლება, იცხოვროს სრულყოფილი სტუდენტური ცხოვრებით და საერთაშორისოდ აღიარებული დიპლომი აიღოს.

ამისათვის მხოლოდ გარკვეული კომპეტენციის დადასტურება და სურვილია საჭირო, ვინაიდან უნივერსიტეტი აპლიკანტებს არაერთ საკითხში სთავაზობს დახმარებას. მათ შორის, საჭირო კომპეტენციების შეძენაშიც კი.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ მობილობით გამოცხადებული ვაკანტური ადგილები არათუ შეივსება, არამედ თითოეულ ადგილზე კონკურსიც კი იქნება, ვინაიდან ახალგაზრდები დაინტერესებას უკვე აქტიურად გამოხატავენ. მობილობის პროცედურებისა და ვადების დეტალებში გასარკვევად კი EDU.ARIS.GE ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, ალექსანდრე თევზაძეს ესაუბრა.

ალექსანდრე თევზაძე: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მობილობას როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში განახორციელებს. ანუ, მთელ საქართველოში, სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს საშუალებას მივცემთ, რომ მობილობით გადმოვიდნენ როგორც გაზაფხულის, ისე შემოდგომის სემესტრში. ჩვენ ეროვნული მობილობის პროცესში უკვე ჩავერთეთ. ახალგაზრდებმა რეგისტრაცია 28 იანვრიდან 8 თებერვლამდე EMIS-ის (განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) პორტალზე უნდა გაიარონ. შერჩეული სტუდენტების დოკუმენტაციის მიღება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 12 თებერვალს დაიწყება. სტუდენტებს სამივე საბაკალავრო პროგრამაზე მივიღებთ – მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მენეჯმენტის პროგრამებზე. მობილობისთვის შესაბამისი კონკურსი ტარდება, რომლის საშუალებითაც საუკეთესო სტუდენტები შეირჩევიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების მიხედვით და ეს ახალგაზრდები, მათ მიერ მიღებული კრედიტებით, ჩვენს უნივერსიტეტში გადმოვლენ. ამის შემდეგ მოხდება ჩვენს საგანმანათლებლო პროგრამებთან თავსებადი კრედიტების აღიარება, განისაზღვრება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ჩატარდება სპეციალური შეხვედრები, რათა ჩვენს პროგრამებში მათი ინტეგრაცია მოხერხდეს.

– ერთია მობილობის სურვილი და მეორეა შესაძლებლობა. ანუ, შესაძლოა არაერთ სტუდენტს უნდოდეს სწავლის გაგრძელება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მაგრამ მათ ხომ გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ…

ა.თ: დიახ, მობილობისთვის ახალგაზრდებმა გარკვეული წინაპირობები უნდა დააკმაყოფილონ. ეს წინაპირობები ჩვენმა სტუდენტებმაც დააკმაყოფილეს. მათ, ვინც უნივერსიტეტში პირდაპირ ჩაირიცხნენ. ამ ახალგაზრდებს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ მათემატიკა და ინგლისური ენა შესაბამისი მინიმალური კომპეტენციით. უნდა გაითვალისწინონ ისიც, რომ სწავლა ინგლისურ ენაზე განხორციელდება. შესაბამისად, მათი ინგლისური ენის ცოდნის დონე უნდა იყოს საკმარისი და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 50-პროცენტიანი კომპეტენციის ზღვარი უნდა ჰქონდეთ დადასტურებული. საწყის ეტაპზე მაინც უნდა შეძლონ დამოუკიდებლად სწავლა და კომუნიკაცია. თუმცა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად, ახალგაზრდებს ინგლისური ენის კურსებს სთავაზობს, რომლითაც ახალგაზრდებს ცოდნის დონის გაუმჯობესებაში ვეხმარებით. ანუ, საჭიროა მინიმალურ დონეზე ინგლისური ენის ცოდნა და იმისათვის მზადყოფნა, რომ შემდგომში თავიანთი ინგლისური გააუმჯობესონ.

კანდიდატებს შესაბამისი სპეციალობის პროფესორები გაესაუბრებიან. ისინი შეაფასებენ არიან თუ არა ახალგაზრდები მზად იმისთვის, რომ პირდაპირ ახლა, გაზაფხულის სემესტრშივე ჩაერთონ ჩვენს სასწავლო პროცესში, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგნენ და ა.შ. ზოგიერთ შემთხვევაში, თუკი ახალგაზრდა ახლოსაა საჭირო კომპეტენციასთან, მაგრამ აქვს ხარვეზები, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს, ჩვენ მას აუცილებლად მივცემთ შესაბამის რჩევებს, თუ რა შეიძლება გაიუმჯობესოს და შემდგომ, ზაფხულის მობილობით ისარგებლოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ამოცანაა, რომ სტუდენტებს მათზე მორგებული საგანმანათლებლო გარემო შევთავაზოთ, რათა თავი კომფორტულად იგრძნონ და ამისათვის ვურჩევთ თუ რა ეტაპზე იქნება გადმოსვლა მიზანშეწონილი, რა ფორმით, რომელ პროგრამაზე, რამდენი კრედიტის აღიარება მოხდება და რამდენი სემესტრი დასჭირდება შესაბამისი აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

– რა მოლოდინები გაქვთ, ელით თუ არა, რომ მობილობისთვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილები მთლიანად შეივსება?

ა.თ: ახალგაზრდების აქტიურობას ველოდებით. მობილობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია რამდენად ინტეგრალურად მოხდება სხვა უნივერსიტეტებიდან გადმოსული სტუდენტების ჩვენს პროგრამებში ჩართვა. პროგრამების სტრუქტურიდან გამომდინარე, ჩვენს უნივერსიტეტში ზაფხულის მობილობა უფრო აქტიურია. ანუ, რამდენ სტუდენტსაც მივიღებთ ზამთარში, სამი იმდენ ადგილს გამოვაცხადებთ ზაფხულში. პროგრამების თვისებებიდან გამომდინარე, შემოდგომის სემესტრში გადმოსვლა უფრო მარტივია. ამის მიუხედავად, ვფიქრობთ, რომ ყველა ვაკანტური ადგილი, რომელთაც ახლა გამოვაცხადებთ, სამივე მიმართულებაზე შეივსება.

– რამდენი ვაკანტური ადგილია თითოეულ პროგრამაზე?

ა.თ: მათემატიკის საბაკალავრო პროგრამაზე 2 ვაკანტური ადგილი გვექნება, კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამაზე – 8 ადგილი, ხოლო მენეჯმენტის პროგრამაზე – 10. ვფიქრობთ, რომ ყველა მიმართულებით, ამ ადგილებზე, კონკურსი იქნება. ზაფხულში კი გასამმაგებული რაოდენობა გამოცხადდება.

– რა არის ის უპირატესობა, რის გამოც სტუდენტმა უკვე არსებული გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს და არჩევანი ახლა უკვე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე გააკეთოს?

ა.თ: საქართველოში ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გარკვეული მიმართულებით თავისი მაღალი კომპეტენცია გააჩნია. ჩვენ ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემთ. თუმცა, შესაძლოა, სწავლის პროცესში, მეტი ინფორმაციის მიღების შედეგად, ახალგაზრდები თავიანთ ინტერესებს უფრო აზუსტებენ. თუკი ისინი აღმოაჩენენ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთადაა შემუშავებული, უფრო აინტერესებთ, შესაძლოა ჩვენს უნივერსიტეტში გადმოსვლა გადაწყვიტონ. ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებას მივესალმებით და შეძლებისდაგვარად, მათზე მორგებულ სასწავლო გარემოს შევთავაზებთ.

– არის თუ არა გათვალისწინებული გარკვეული შეღავათები იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მობილობის მეშვეობით თქვენს უნივერსიტეტს შემოუერთდებიან?

ა.თ: ეს პირველი მობილობაა, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტი ახორციელებს. ამიტომ, დასაწყისისთვის გვინდა შევხედოთ თუ რა მოთხოვნილებები, ინტერესები, საჭიროებები აქვთ იმ სტუდენტებს, რომლებიც ჩვენთან გადმოდიან და გადაწყვეტილებები ამის შემდეგ მივიღოთ, რათა მათ აკადემიურ გარემოსთან ადაპტაციაში დავეხმაროთ.

– ანუ, დაეხმარებით შემდეგ ნაკადს, თუ ამავე ნაკადს, ოღონდ მოგვიანებით?

ა.თ: ამავე ნაკადს. მათთან უშუალო კონსულტაციების შემდეგ, აუცილებლად ვიფიქრებთ იმაზე, თუ რა ზომები უნდა მივიღოთ მათთვის გარემოს გასაუმჯობესებლად.

– სხვა ქალაქებიდან გადმოსულ სტუდენტებს, რომელთაც სასწავლებელთან ერთად საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც მოუწევთ, რას სთავაზობთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

ა.თ: ჩვენი უნივერსიტეტისთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ აქ მთელი საქართველოა წარმოდგენილი. ჩვენთან სტუდენტები ყველა რეგიონიდან არიან. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს უნიკალური კამპუსი გააჩნია, სტუდენტური საცხოვრებელი, სადაც ახალგაზრდებს სწავლისთვის იდეალური გარემო აქვთ. ვფიქრობ, სტუდენტური კამპუსი ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა ჩვენი უნივერსიტეტი აირჩიონ. ჩვენ მათ ძალიან საინტერესო, ახალგაზრდულ კამპუსს შევთავაზებთ, სადაც ისინი იცხოვრებენ და საინტერესო სტუდენტურ გამოცდილებას მიიღებენ.

– რაც შეეხებათ საქართველოში, სწავლის გაგრძელების მსურველ უცხოელ სტუდენტებს, ვიცით რომ მათ მოზიდვაზე უნივერსიტეტს მუშაობა დაწყებული აქვს. როდიდან შეეძლებათ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვა და დაახლოებით რა პროცედურების გავლა მოუწევთ?

ა.თ: უცხოელ სტუდენტებს შეუძლიათ ჩვენს უნივერსიტეტში შემოდგომის სემესტრისთვის, ძირითადი მიღების დროს ჩააბარონ და ასევე, ჩვეულებრივი მობილობით ისარგებლონ. მობილობის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ თუკი ახალგაზრდა სწავლობს ნებისმიერი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კრედიტების აღიარების ერთიან სისტემას ემორჩილება, მას შეუძლია მობილობა განახორციელოს და უცხოეთის, ან საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტიდან ჩვენს უნივერსიტეტში გადმოვიდეს. უცხოელ ახალგაზრდას შეუძლია უნივერსიტეტს შესაბამისი განცხადებით მომართოს და დავეხმარებით. თუკი მათ ზოგადი განათლების საფეხური უცხოეთში დაამთავრეს და შესაბამისი დიპლომი გააჩნიათ, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე მიღების სპეციალური პროცედურები არსებობს. განცხადების საფუძველზე ისინი სპეციალურ გასაუბრებას გაივლიან. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი უნივერსიტეტი ღიაა როგორც ეროვნული მობილობისთვის, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის. ახალგაზრდებს ვურჩევ, ამ პროცედურებში გასარკვევად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს დაუკავშირდნენ, ორიენტაციის შეხვედრებს დაესწრონ და მათ ამომწურავ რჩევებს მივცემთ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური