GE

CIU-ს საგანმანათლებლო კონკურსი მოსწავლეებისთვის – „ეს ჩვენი მეფე ერეკლე…“

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის აცხადებს საგანმანათლებლო კონკურსს – „ეს ჩვენი მეფე ერეკლე…“.

აღნიშნული საგანმანათლებლო კონკურსი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საავტორო პროექტია, რომელიც მეფე ერეკლეს დაბადებიდან 300 წლისთავს ეძღვნება.

პროექტის მიზნები:

  • მოსწავლეების მიერ ერეკლე II-ის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უკეთ გაცნობა;
  • კვლევითი, მაღალი სააზროვნო, კომუნიკაციისა და კონკურენტულ გარემოში თანამშრომლობის უნარების განვითარება;
  • სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებელს შორის კონტაქტის დამყარება;
  • უნივერსიტეტის საქმიანობის გაცნობა და სამომავლო საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვა.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?

პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.

რას მოიცავს კონკურსი:

საგანმანათლებლო კონკურსი შედგება 3 სექციისგან (კონკურსანტმა უნდა აირჩიოს მხოლოდ ერთი სექცია):

  • ჟურნალისტიკა;
  • ტურიზმი;
  • ესსეისტიკა.

ჟურნალისტიკის სექცია – ჟურნალისტიკის სექციაში კონკურსანტის მიზანია, მეფე ერეკლეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის თემატიკაზე მოამზადოს სიუჟეტი (ვიდეოჩანაწერი), რომლის ქრონომეტრაჟი განსაზღვრულია არაუმეტეს 3 წუთისა; სიუჟეტზე ჯგუფური მუშაობა დასაშვებია (არაუმეტეს 3 მოსწავლე);

ტურიზმის სექცია – ტურიზმის სექციაში კონკურსანტის მიზანია, მოამზადოს ვირტუალური ექსკურსია მის მიერ შერჩეულ ადგილზე, რომლის ისტორიაც უკავშირდება მეფე ერეკლეს. კონკურსანტმა უნდა შეარჩიოს მარშრუტი და არგუმენტირებული მსჯელობით დაარწმუნოს კომისია თავისი არჩევანის უპირატესობაში, წარმოადგინოს საკუთარი ხედვა ამ კონკრეტული ადგილის შემდგომი განვითარების პერსპექტივის შესახებ.

ესსეისტიკის სექცია – თემატიკა (კონკურსანტი ირჩევს ერთ-ერთ თემას):

– ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ბედი ქართლისა“ და ერეკლე II-ის ცხოვრება და მოღვაწეობა (კონკურსანტი, თემატიკიდან გამომდინარე, არგუმენტირებულად აფასებს ნ. ბარათაშვილის შემოქმედებას ისტორიულ ჭრილში)
– ერეკლე II – დიდი მხედართმთავარი; (ერეკლე მეფის, როგორც მხედართმთავრის წარმატების ისტორიები)
– ერეკლე II და ევროპული განათლება; (ხელმწიფის ღვაწლი საქართველოში ევროპული განათლების დანერგვის კუთხით)

კონკურსანტმა საკონკურსო მასალა უნდა გადმოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: schoolprojects@ciu.edu.ge.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობებისა და რეგისტრაციის შესახებ იხილეთ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური