GE

CIU-ს სტუდენტი ეთერ ხანჯალიაშვილი ეუთოს მისიაში დასაქმდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო/საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებული ეთერ ხანჯალიაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისში (ODIHR) უსაფრთხოების ოპერაციების ასისტენტის პოზიციაზე დასაქმდა (ეუთოს მისია საქართველოში).

აღნიშნულ პოზიციაზე მისი მოვალეობაა საქართველოში არსებული უსაფრთხოების გარემოს შეფასება, მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მისიის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ეთერ ხანჯალიაშვილი ეუთოს ოფისში დასაქმებამდე აქტიურად იყო ჩართული ორგანიზაციის საგანმანათლებლო პროექტებში. კერძოდ, სწავლობდა ეუთოს საზაფხულო სკოლაში, შემოდგომის აკადემიაში და სხვ. ორგანიზაციაში მისთვის საინტერესო ვაკანსიის გამოცხადების შემდეგ მათთან პროფესიული თანამშრომლობის გაგრძელება გადაწყვიტა, აღნიშნულ პოზიციაზე კი საბუთების გადარჩევისა და უსაფრთხოების ექსპერტთან გასაუბრების შედეგად დაინიშნა.

„აღნიშნული პოზიციის დაკავებამდე საკმაოდ დიდი შრომა ჩავდე ჩემს განათლებასა და განვითარებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მიმართულებით ეუთოს ოფისის ყველაზე ახალგაზრდა მისიის წევრი გახლავართ და ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რომ შანსი მომეცა, ასეთი წარმატებული ადამიანებისგან მიმეღო საკმაოდ დიდი გამოცდილება, – აღნიშნავს ეთერ ხანჯალიაშვილი.

ის ასევე ყურადღებას ამახვილებს კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობის საბაკალავრო/ საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამების გავლენაზე მის წარმატებაში – „რა თქმა უნდა, ამ პროგრამებმა შემძინა ფასდაუდებელი ცოდნა, რაც საჭირო არის პოლიტიკური მოვლენების სათანადო ანალიზისთვის მულტიდისციპლინარული მეთოდების გამოყენებით. ამასთანავე, ჩემი სპეციალიზაცია გახლავთ ევრო-ატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოება და ამან კიდევ უფრო დადებითი გავლენა მოახდინა ჩემს აპლიკაციაზე“, – აღნიშნავს ის.

საერთაშორისო ურთიერთობების პროფესიული დასაქმების მიმართულებით ეთერ ხანჯალიაშვილი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ურჩევს, აუცილებლად შეინარჩუნონ ენთუზიაზმი და ბრძოლის უნარი, როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა შეხვდეთ წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე. ასევე, არ ჩამორჩნენ საქართველოში თუ საერთაშორისო დონეზე მიმდინარე მოვლენებს, რათა შეძლონ სიტუაციის სწორი ანალიზი და იყვნენ თავიანთი საქმის კვალიფიციური სპეციალისტები.

მომავალ გეგმებზე საუბრისას კი ყურადღებას მეტ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე ამახვილებს. „ვფიქრობ, კონფორმიზი ყველაზე დამღუპველი არის, რამაც შეიძლება ადამიანი მოიცვას და შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობ განვვითარდე. მიმაჩნია, რომ ჩემმა თაობამ ორმაგად უნდა იშრომოს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და მეც ძალისხმევას არ დავიშურებ ამისთვის“, – აღნიშნავს ეთერ ხანჯალიაშვილი.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური