GE

ცნობილი ნეიროფსიქოლოგის სწავლების 9 საიდუმლო, რომლებსაც ყველა სკოლაში უნდა იცნობდნენ

მშობლების უმრავლესობას შვილებისთვის საუკეთესო განათლების მიცემა უნდა. ამისათვის სულაც არ არის აუცილებელი ბევრი ფულის ქონა და ბავშვის ქალაქის საუკეთესო სკოლაში მიყვანა. ნეირომეცნიერების სფეროს სპეციალისტმა ტატიანა ჩერნიგოვსკაიამ ბავშვის განათლების პროცესის გამარტივებასა და  მის მაქსიმალურ ეფექტურობაზე ისაუბრა. ვფიქრობთ, მისი რჩევები განათლების საკითხს სხვა კუთხით დაგანახებთ.

1. მუსიკის გაკვეთილი – რაც ადრე, მით უკეთესი

როდესაც ბავშვი მუსიკას სწავლობს, ის პატარა დეტალების  შემჩნევას იწყებს, უკეთესად კონცენტრირდება, სწავლობს ხმების განსხვავებას, ასევე ნოტის ხანგრძლივობისა და პაუზის განსაზღვრას, მისი მეხსიერება უმჯობესდება. მუსიკალურ სავარჯიშოებს თავის ტვინის განვითარება შეუძლიათ: ზონები, რომლებიც მუსიკას ამუშავებენ, მჭიდროდ მეზობლობენ ტვინის იმ ნაწილთან, რომელიც მეტყველებაზე არის პასუხისმგებელი.

მუსიკის შესწავლა ხანდაზმულ ასაკში ტვინის მდგომარეობაზე დადებითად აისახება. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოხუცები მეტყველების ცუდად გარჩევას იწყებენ. მუსიკის გაკვეთილებს მსგავსი პრობლემების აღმოფხვრა ან შემცირება შეუძლიათ. თუკი მუსიკის შესწავლის შესაძლებლობა არ გაქვთ, უბრალოდ მოუსმინეთ მას: კლასიკური ან ინსტრუმენტალური მუსიკის მოსმენა დაგეხმარებათ იმაში, რომ უფრო ჭკვიანები, ბედნიერები და პროდუქტიულები გახდეთ.

2. შესვენება და ძილი – ინფორმაციის დამახსოვრებისას საუკეთესო დამხმარეები არიან

ჩვენ ვთვლით, რომ ბავშვი აუცილებლად საწერ მაგიდასთან უნდა მეცადინეობდეს. ამ დროს არ შეიძლება გართობა და სხვა საქმეზე ყურადრების გადატანა. სინამდვილეში, შესვენება და ძილი ხელს კი არ უშლის დასწავლის პროცესს, არამედ ხელს უწყობს მას. ინფორმაციის ასათვისებლად საუკეთესო გზა არის მისი დასწავლა და დასაძინებლად დაწოლა. იმისათვის, რომ ინფორმაცია ხანგრძლივ მეხსიერებაში მოხვდეს საჭიროა განსაზღვრული ქიმიური პროცესები, რომლებიც  ორგანიზმში სწორედ მაშინ ხდება, როცა ის ძილის მდგომარეობაში იმყოფება.

3. მოძრაობა დასწავლის პროცესს ხელს უწყობს

ადამიანი რაღაც ახალს ყოველთვის სწავლობს, ამიტომ სულაც არ აქვს  მნიშვნელობა  ზიხართ საწერ მაგიდასთან, წევხართ დივანზე თუ პარკში სეირნობთ. მთავრი ისაა, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ.

მოძრაობა დასწავლის პროცესს ძალიან ეხმარება, ვინაიდან ამ დროს ადამიანის სხეული ინფორმაციას უკეთესად იმახსოვრებს. მეცადინეობის დროს დგომა, გადაადგილება ან თუნდაც ველოსიპედით მოძრაობა დამახსოვრების დამატებით ფაქტორს ააქტიურებს.

ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ ფიზიკური ვარჯიში მეხსიერებას აუმჯობესებს და მთლიანობაში ტვინის აქტიურობაზე დადებითად აისახება. ასევე, შეგიძლიათ მეხსიერების გასაუმჯობესებელი სპეციალური ვარჯიშებითაც დაკავდეთ: მაგალითად, ძილის წინ დეტალურად გაიხსენეთ რითი იყავით დაკავებული გაღვიძების მომენტიდან.

4. გონებრივი შესაძლებლობები IQ-ს დონეზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია

ყოველდღიურად ჩვენ ახალი ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადს ვაწყდებით და ყველაფრის დამახსოვრება ნამდვილად შეუძლებელია. თუმცა ეს აუცილებელი არც არის: ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ამა თუ იმ საგნის მოქმედების პრინციპის სწავლება. აუხსნათ მას როგორ ისწავლოს, როგორ შეინარჩუნოს ყურადღება, როგორ დაიმახსოვროს საჭირო მასალა, როგორ გაუმკლავდეს ინფორმაციულ დატვირთვას და როგორ დაისვენოს სწორად.

მარტი ნიუმეიერმა თავის წიგნში ,,მეტი შესაძლებლობები. 5 ნიჭი რობოტიზაციის ეპოქაში“, ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ინფორმაციულ ეპოქაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ამ ჩამონათვალში შევიდა ემპათია, ინტუიცია, სისტემური აზროვნება, ოცნებისა და გეგმების სისრულეში მოყვანის შესაძლებლობა. ამ ყველაფრისთვის კი ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს შემოქმედებით აზროვნებას, და არა IQ-ს მაღალ დონეს.

5. ბავშვს საკუთარი თავის სხვადასხვა სფეროში გამოცდის შესაძლებლობა მიეცით

სამყარო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. მიეცით ბავშვს უფლება დაინახოს და შეისწავლოს ის სხვადასხვა მხრიდან. ამგვარად ის პიროვნებად ჩამოყალიბდება. ეს მეთოდი მას საკუთარი თავის უკეთ გაცნობასა და მოწოდების პოვნაში დაეხმარება.

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს სტერეოტიპებისგან თავისუფალი ტვინი ქონდეს. ის არ უნდა მოქმედებდნენ მხოლოდ მშობლებისა და მასწავლებლების მითითებით. საჭიროა, რომ ბავშვს შემოქმედებისა და თვითგამოხატვისთვის შესაძლებლობა ყოველთვის ქონდეს.

6. ნუ შგეშინდებათ შეცდომების

სამყაროს სრულყოფილად შესაცნობად ადამიანს შეცდომების დაშვების არ უნდა ეშინოდეს. საკუთარი თავის მუდმივი კონტროლი და არასწორი ნაბიჯის გადადგმის შიში ადამიანს წარმატების მიღწევაში ხელს უშლის. „მუდმივი დაძაბულობა იმისგან, რომ თქვენ რაღაც ვერ მოასწარით, რაღაც არ გამოვიდა, ისევ შეცდომები – ეს ყველაზე ცუდია, რაც საკუთარ თავს შეგიძლიათ დამართოთ“, – თვლის ტატიანა ჩერნიგოვსკაია

7. განავითარეთ წვრილი მოტორიკა

თანამედროვე სამყაროში ჩვენ ტექსტებს პრაქტიკულად აღარ ვწერთ. წიგნებსაც უფრო იშვიათად ვკითხულობთ. ამგვარად სხვა ტიპისა და განსხვავებული აზროვნების მქონე ადამიანის ფორმირება ხდება.

პატარა ბავშვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ფილიგრანული ოპერაციის შესრულება: მაკრატლით გამოჭრა, პლასტელინით ძერწვა, ღილების დახარისხება, თასმების შეკვრა. ამგვარი სავარჯიშოები წვრილი მოტორიკის განვითარებას უწყობს ხელს, რომელსაც თავის მხრივ, მეტყველების ფორმირებასა და განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს.

8. ტვინს გაზარმაცების საშუალება არ მისცეთ

ჩვენ განსხვავებული შესაძლებლობებით ვიბადებით და ამას არავინ უარყოფს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბუნებისგან ბოძებული კარგი შესაძლებლობები წარმატების გარანტიას წარმოადგენენ. შრომის გარეშე ყველაფერი ამაო იქნება. როდესაც ტვინს არ აქვს შემეცნებითი დატვირთვა, ის დეგრადაციას განიცდის.  მაგალით, თუ ადამიანი ნახევარი წლის განმავლობაში საწოლიდან არ ადგება, მისი კუნთები ატროფირდებიან. ტვინსაც იგივე ემართება. შეეცადეთ სწავლისა და დასვენების დაბალანსება – ამგვარად, თქვენი ტვინი სპორტულ ფორმას არ დაკარგავს.

9. ოგონებს და ბიჭებს განსხვავებულად ასწავლეთ

ბიჭები აქტიურ საქმიანობაში პირდაპირ მეცადინეობის დროს უნდა ჩართოთ: მათ ძალიან უჭირთ მშვიდად ჯდომა. მათ გარშემო მეტი თავისუფლება და სივრცე სჭირდებათ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ და კონკრეტულად საუბარი, შეჯიბრებების მოწყობა, მეტი რეალური ამოცანის დასახვა. შეძლებისდაგვარად შეამცირეთ მოსაწყენი წერითი დავალებების რაოდენობა.

აღსანიშნავია, რომ ბიჭებს შექება ძალიან უყვართ. მათთვის უკეთესია უფრო გრილ შენობაში ყოფნა, სხვაგვარად მათ ძალიან გაუჭირდებათ მეცადინეობის დროს კონცენტრაცია.

გოგონებისთვის მნიშვნელოვანია გუნდური სამუშაო, ურთიერთობა, ემოციები, მასწავლებლის დახმარების შესაძლებლობა. მიეცით მათ „კონტროლირებად რისკზე“ წასვლის შესაძლებლობა. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეცდომებთან გამკლავების სწავლა. მათ უყვართ სითბო და ჭრელი საღებავები, კარგი იქნება თუ სამეცადინო კლასი სწორედ ასეთი იქნება.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ინდივიდუალურ მიდგომას მოსწავლის ნიშნების გამოსწორება შეუძლია.

როგორ აფასებთ სწავლების ამ შეხედულებებს და რა წესებს იცავთ თქვენ? – გაგვიზიარეთ კომენტარებში.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური