GE

„ცოცხების პოლიტიკა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში“

EDU.ARIS.GE-ს რუბრიკის „თავისუფალი ტრიბუნა“ სტუმარია გიორგი გოცირიძე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის პროფესორი ის ღია წერილს გვწერს, სადაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ამხელს და კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს.

ბოლო წლებია, რაც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია  არღვევს სასწავლებლის საქმიანობის ყველა ძირითად პრინციპს, რაც განსაზღვრულია უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით,  უნივერსიტეტის შინაგანაწესითა თუ ეთიკის კოდექსით: ინტელექტუალურ თავისუფლებას, თანასწორობას, გამჭვირვალობას საქმიანობაში, სამართლიანობასა და კეთილსინდისიერებას, მიუკერძოებლობას, ანგარიშვალდებულებას, აკადემიურ თავისუფლებას, რომ აღარაფერი ვთქვათ სწავლების ხარისხის უზრუნველყოფაზე.

ამას ემატება მის მიერ პროფესიული და პიროვნული ღირსებებით გამორჩეული ადამიანების დევნა, პროფესორებზე ძალადობა, მათი დამცირება და უფლებების შეზღუდვა, რაც კონკრეტულ ფაქტებში გამოიხატება. მოკლედ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ საკუთარი ვნებებისა და პირადი შურისძიების არენად აქცია საჯარო დაწესებულება და გამკითხავი კი არავინ არის. უნივერსიტეტში შექმნილი სიტუაცია მოკლედ შეიძლება ასე  აღიწეროს – „სადაც მართალია ძალა,   უძლურია სამართალი!“

აღნიშნული ტოლფასია იმ უმსგავსობებისა, რაც ხდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წინა ხელისუფლების დროს. იქ პატიმრებზე ძალადობდნენ იმ ფორმით (ცოცხებითა და სხვა), რის საშუალებასაც დაწესებულების სტრუქტურის ფარგლებში პოულობდნენ ხელისუფლების მიერ დაგეშილი ზონდერები. აქ კი პროფესორებზე ძალადობენ იმ ფორმით, რის საშუალებასაც უნივერსიტეტის სტრუქტურის ფარგლებში პოულობენ უმაღლესი ადმინისტრაციის მიერ პატარ-პატარა ზონდერებად ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ადმინისტრაციის შუა რგოლის წარმომადგენლები.

ადმინისტრაციის ქმედებები უნივერსიტეტში ამკვიდრებს სამართლებრივ, ეთიკურ  და აკადემიურ უწესრიგობას, შერჩევით სამართალს. სამწუხაროდ, აქ ამოქმედებულია ადამიანების ერთმანეთზე წაკიდების, კონფლიქტების შექმნისა და მისი გაღვივების  საბჭოთა იმპერიული მეთოდები.

აღნიშნული უხეში დარღვევების (თუ ამას მარტო დარღვევები ჰქვია) გარდა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია:

  1. თვეობით აბრკოლებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის დახურვას (საბოლოო ანგარიშზე ხელმოუწერლობით);
  2. ბლოკავს ამავე ფონდში შესულ პროექტებს;
  3. ხელს უშლის მეცნიერებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებაში;
  4. მიკერძოებულად, საჯარო განხილვების გარეშე, კულუარულად წყვეტს მეცნიერის კანდიდატურის შერჩევის საკითხს მეცნიერებათა აკადემიის მიერ დასაჯილდოებლად;
  5. შეურაცხყოფას აყენებს მეცნიერებს შემდეგი სიტყვებით – „არ ამომიყვანეთ ყელში ეს თქვენი კვლევა, არ წაიღეთ გული თქვენი კვლევებით, არ გაიშვა თქვენი სტატიები“! „არ მაინტერესებს თქვენი აზრი“, „თქვენ არაფერს წარმოადგენთ ჩემთვის“ და სხვა მრავალი.

6.ხელს უშლის სამეცნიერო პროექტების განხორციელებას და ა. შ.

ამ ჩამოთვლილი პუნქტების მოსაგვარებლად სხვადასხვა უწყების ჩართვა გვჭირდება ხოლმე, რასაც დიდი დრო და ენერგია მიაქვს.

ახლა ერთი კონკრეტული ფაქტის შესახებ:

შარშან, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ, ადმინისტრაცია მთელი თავისი რესურსით დაირაზმა, რომ აუდიტორიიდან გამოვეყვანე და შემეწყვიტა სალექციო კურსის („შესავალი ისტორიაში“) კითხვა პირველკურსელებთან. მიზეზი, რა თქმა უნდა, არ დაუსახელებიათ. დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა დარეჯან მაისურაძემ არ შეასრულა მათი უკანონო მითითება და ამისათვის დაისაჯა კიდეც – სულ მალე დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა დაატოვებინეს და მის ადგილზე სახელდახელოდ შემუშავებული რეგულაციით „აირჩიეს“ ისტორიის პროგრამის ხელმძღვანელი მალხაზ ცირეკიძე, რომელიც ისეთი ენთუზიაზმითა და მონდომებით ცდილობდა ადმინისტრაციის დაკვეთის შესრულებას, რომ  საკმაოდ კომიკურ სიტუაციაშიც ჩაიგდო თავი: მან ჯერ განაცხადა, რომ საათების განაწილების თაობაზე მოწვეულ დეპარტამენტის სხდომას არ ესწრებოდა,ხოლომასშემდეგ, რაცშეახსენესსხდომაზემისი დასწრებისფაქტები (ეს სხდომის ოქმშიც არის ასახული),თავიიმართლა, კივესწრებოდი,მაგრამესსაკითხიარმოვისმინეო. როდესაც აუხსნეს, რომ აღნიშნულ სხდომაზე მხოლოდ ეს ერთი საკითხი განიხილებოდა, ადმინისტრაციის დირექტივის შესრულების სურვილით დაბნეულმა ისღა თქვა, კი განიხილეთ, მაგრამ ჩემთან არ შეგითანხმებიათო, რასაც ყველა ღიმილით შეხვდა.

მაშინ ამ საუნივერსიტეტო სივრცისთვის ყოვლად გაუგონარი ინციდენტის შემდეგ წერილობით მივმართე რექტორს, აკადემიურ საბჭოს, უნივერსიტეტის ეთიკის კომისიას. პასუხი, რა თქმა უნდა, არ მიმიღია. წერილებს კი შედეგად ის მოჰყვა, რომ იმ ეტაპზე თავი დამანებეს.

წელს „დახვეწეს“ პროფესორის წინააღმდეგ ბრძოლის ფორმები და სასწავლო წლის დაწყებამდე 2 დღით ადრე (!), დეპარტამენტის სხდომაზე წინასწარი განხილვის გარეშე, დეპარტამენტის ხელმძღვანელმა (აი, იმან, წინა წლის სხდომაზე რომ ჩათვლიმა) პროფესორებს გვამცნო ჩვენი დატვირთვის შესახებ. ელემენტარული  საუნივერსიტეტო ეთიკა (აქ არ არის საუბარი მაღალ მატერიებზე, ვერც მოსთხოვ!) ითვალისწინებს, აკადემიურ პერსონალს შეუთანმხდე მისი სასწავლო დატვირთვის თაობაზე და ლამის აუდიტორიაში შესვლის წინ არ აუწყო, რა სალექციო კურსებს უნდა გაუძღვეს. თანაც, თუ მიზანმიმართულად, წინასწარი განზრახვით ართმევ იმ საგანს, რომელზეც ნამუშევარი აქვს და აძლევ იმ კურსს, რომელიც არასდროს წაუკითხავს. ალბათ, მკითხველი უკვე მიხვდება, რომ „შესავალი კურსი ისტორიაში“ ჩამომერთვა და ის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიისაკუთრა იმ მოტივით, „ეხლა ასეთი მიდგომაა, შესავალი კურსი პროგრამის ხელმძღვანელმაუნდა წაიკითხოსო“. აქაც ცრუობს, რა თქმა უნდა. უნივერსიტეტში არც ერთ ფაკულტეტზე არ არის ასეთი მიდგომა (აქაც შერჩევითი სამართალი!). ხომ გასაგებია, რომ საქმე და სწავლების ხარისხი არაფრად ადარდებს ადმინისტრაციას. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უნდა წაიკითხოს ის საგანი, რომელიც არასდროს წაუკითხავს და მეც ასევე. სწავლების ხარისხსაც რომ თავი დავანებოთ, ეს არის აკადემიური პერსონალის დამცირების, მისი უფლებების ფეხქვეშ გათელვის, მისი არაფრად ჩაგდების (რა ვიცი, კიდევ რამდენი რამ) საშიში, სახიფათო პოლიტიკა. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე 2 დღით ადრე სამოწყალოდ გვამცნონ, ვინ რა საგანს უნდა გავუძღვეთ და თან გვიხაროდეს კიდეც, რომ საათები „გამოგვინახეს“.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აკრედიტებული ახალი და უახლესი ისტორიის სადოქტორო პროგრამაზე (რომლის ხელმძღვანელიც მე ვარ და რომლის გამოც ისტორიის საბაკალავრო პროგრამა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ)  სხვადასხვა აბსურდული მიზეზით არ აცხადებენ მიღებას, რასაც საათების ხელოვნული შემცირება მოჰყვა ისტორიის დეპარტამენტში, ადმინისტრაციის მიზანი გასაგებია: „დემოკრატიულად“ მოხდეს მათთვის არასასურველი პროფესორის უნივერსიტეტიდან გაშვება, თუნდაც ამას მოჰყვეს ისტორიის საბაკალავრო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა.

თუ აღნიშნული ქმედებები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ აღიკვეთა, უარესი მოხდება ხვალ-ზეგ, რადგან  ადმინისტრაცია თავისი რესურსების გამოყენებით მთელ უნივერსიტეტს რთავს ამ პროცესებში, რასაც სიტუაცია გამოუვალ და უმართავ ჩიხში შეჰყავს, ამას კი შედეგად მოსდევს სტუდენტების რაოდენობის შემცირება: ახალგაზრდები და მათი მშობლები ყველაზე უკეთესად ხედავენ, რომ უნივერსიტეტში არაჯანსაღი სიტუაციაა, აქ ადამიანებს დევნიან და ცოდნასა და პროფესიონალიზმს არაფრად დაგიდევენ.

„ცოცხების“ პოლიტიკა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს!

P.S. ამ სტატიის წერის დამთავრებისას მადლობის წერილი მივიღე საერთაშორისო კონფერენციის (რომელიც ჩატარდა ბულგარეთში) საორგანიზაციო კომიტეტისგან. იქ, როგორც ძირითადმა მომხსენებელმა, მონაწილეობა მივიღე კონფერენციის საზეიმო გახსნაში და წავიკითხე მოხსენება თემაზე – „ისტორიის გაკვეთილები, როგორც ორიენტირი მომავალი თაობებისათვის.“სექციურ სხდომაზე კი ჩემი მოხსენება – „რუსეთის კოლონიური პოლიტიკის ძირითადი მახასიათებლები კავკასიაში გრიგოლ ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობის მიხედვით“ – საუკეთესოდ იქნა აღიარებული, სხვათა შორის, სექციის რუსი თავმჯდომარის მიერ. მას, ცხადია, არ ესიამოვნა ჩემ მიერ გამოთქმული შეხედულებები და ეს არც დაუმალავს, მაგრამ მოხსენება უმაღლესი ქულებით შეაფასა. აქვე აღვნიშნავ, რომ ვიზიტი ბულგარეთში რუსთაველის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რომელიც მეცნიერებს ავალდებულებს, საერთაშორისო სივრცეში ასახონთავიანთი კვლევის შედეგები, გასცდნენ საქართველოს საზღვრებს და აქ ადგილზე საკუთარი მეცნიერება არ შექმნან, როგორც ეს თელავის უნივერსიტეტში ხდება, სადაც ყველა წარმატებულ ადამიანს ზემოთ ნახსენები ცოცხებით დასდევენ.

გიორგი გოცირიძე, ისტორიის დეპარტამენტის პროფესორი

EDU.ARIS.GE – ელის უნივერსიტეტის საპასუხო პოზიციას, რომელსაც ასევე უცვლელად შემოგთავაზებთ

„თავისუფალი ტრიბუნა“ არის სივრცე გნათლების საკითხებზე ღიად და დაუფარავად საუბრისთვის. გათვლილია როგორც განათლების სისტემაში დასაქმებული პირებისთვის, ისე ამ საკითხებით დაინტერესებული და ინფორმირებული ადამიანებისთვის. მასწავლებელი, მოსწავლე, აბიტურიენტი, სტუდენტი, ლექტორი და აშ. თქვენ გვიყვებით კონკრეტული ფაქტის ან მოვლენის შესახებ და თქვენი წერილი ავტორიზაციის შემდეგ ქვეყნდება ამ განყოფილებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური