GE

COVID-19-ის გავლენით პროფესიული განათლების დაფინანსების წესში ცვლილება შევიდა – პრემიერის დადგენილება

„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილებები განხორციელდა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დადგენილებას ახალი მუხლი დაემატა, რომელშიც ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში დაფინანსების კორექტირების წესზეა საუბარი:

1. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, თანხის პირველადი და კვარტალური დაფინანსებისთვის გადარიცხული თანხის კორექტირების მიზნით, 6 თვეში ერთხელ, შესაბამისი კვარტალის ბოლო კვირაში, ამ წესით დადგენილი პირობებისა და ამ მუხლით განსაზღვრული გამონაკლისების გათვალისწინებით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს გადასარიცხი თანხის ოდენობის ხელახალ გაანგარიშებას, იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით გათვალისწინებული კვარტალური დაფინანსება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს გადაერიცხათ და შესაბამის კვარტალში:

ა) ვერ განახორციელეს ის მოდული/პროგრამა, რომლისთვისაც მიღებული აქვთ შესაბამისი ვაუჩერული დაფინანსება;

ბ) განახორციელეს ის მოდული/პროგრამა, რომლის დაწყებისა და დასრულების ვადა შესაბამის კვარტალში პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არ იყო გათვალისწინებული.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის, შესაბამის კვარტალში დასაფინანსებელი პროფესიული სტუდენტების რაოდენობაში გაითვალისწინებიან მხოლოდ ის პირები, რომელთაც, ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში უფიქსირდებათ პროფესიული სტუდენტის აქტიური სტატუსი. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება ვალდებულია, სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახოს შესაბამის კვარტალში მოდულის/პროგრამის განხორციელების ფაქტობრივი თარიღები.

3. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, თანხის პირველადი და კვარტალური დაფინანსების კორექტირების მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დაფინანსების მოდულში, თითოეულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, თითოეული დაფინანსების უფლების მქონე პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, ადასტურებს გადასარიცხი კორექტირებული თანხის სისწორეს.

4. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მითითებულ ვადაში დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ამ დაწესებულებისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების კორექტირება განხორციელდება სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გაანგარიშებული მონაცემების შესაბამისად.

5. სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის ვაუჩერული/მოდულებისაგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში კორექტირებით გადასარიცხი/დასაბრუნებელი თანხის გაანგარიშებისათვის აუცილებელი ინფორმაციის სამინისტროსათვის მიწოდებას. სამინისტრო შესაბამის კორექტირებას განახორციელებს შემდგომი კვარტალის/კვარტალების დაფინანსებიდან.

6. ამ მუხლით დადგენილი წესით კორექტირებას ასევე ექვემდებარება 2020 წლის მე-3, მე-4 და 2021 წლის პირველ და მე-2 კვარტალებში ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში პირველადი და კვარტალური დაფინანსებისთვის გადარიცხული თანხები“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური