GE

ცვლილება ესგ-ში პანდემიით გამოწვეული პრობლემების შემდეგ მოსწავლეთა შეფასების კუთხით – დოკუმენტი

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომელიც მოსწავლეების შეფასებას ეხება.

კერძოდ, 32-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის პუნქტი შეფასების ნაწილზე: “ის მოსწავლეები (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები), რომლებიც პანდემიით შექმნილი ვითარების გამო, სემესტრის 1/3-ზე მეტი ხნით დისტანციური სწავლების პირობებში, სკოლის მიერ დაზუსტებული ობიექტური მიზეზებით, ნაწილობრივ ან საერთოდ ვერ ერთვებიან სასწავლო პროცესში (ფიზიკურად და/ან დისტანციურად) პირველი სემესტრის განმავლობაში, ფასდებიან მინიმუმ ერთი შემაჯამებელი კომპლექსური დავალების საფუძველზე. თუ მოსწავლეს დისტანციური სწავლების ფორმაზე გადასვლამდე მიღებული აქვს შეფასება, სემესტრული ქულა გამოითვლება ამ ქულის/ქულების და შემაჯამებელ კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულის საშუალო არითმეტიკულით. სკოლამ უნდა უზრუნველყოს ინდივიდუალური საკონსულტაციო საათების დანიშვნა/ჩატარება საჭიროებისამებრ დისტანციურად ან ფიზიკურად (მათ შორის სკოლის ტერიტორიაზე), შესაბამისი წესების დაცვით. კომპლექსური დავალების წარდგენა და მოსწავლის შეფასება უნდა მოხდეს არაუგვიანეს მეორე სემესტრის პირველი კვირის ბოლომდე დისტანციურად ან ფიზიკურად. სასურველია, სკოლამ მსგავსი პრობლემების მქონე მოსწავლეებს მეორე სემესტრში ჩაუტაროს დამატებითი მეცადინეობები ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებზე გასვლის მიზნით”.

გარდა ამისა, დოკუმენტში წერია, რომ ახლა უკვე იმ შემთხვევაში, თუ სემესტრის 1/3-ზე მეტი დისტანციური სწავლების ფორმით მიმდინარეობდა, სკოლას უფლება აქვს შეამციროს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა, რაც უნდა აისახოს სასკოლო სასწავლო გეგმაში. ამ შემთხვევაში, შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობა დაემთხვევა სემესტრის განმავლობაში ნასწავლი თემების რაოდენობას.

როგორ ინიშნება გამოცდა

“სემესტრული გამოცდის დანიშვნისთვის მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს: პირველი სემესტრის შეფასების შემთხვევაში – მეორე სემესტრის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის შემთხვევაში – სემესტრის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.

პირველი სემესტრის სემესტრული გამოცდა ინიშნება მეორე სემესტრის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის სემესტრული გამოცდა – სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.

საათობრივი ბადე სკოლებისთვის იხილეთ ბრძანებაში

მინისტრ მიხეილ ჩხენკელის მიერ ხელმოწერილი ბრძანება უკვე ძალაშია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური