GE

ცვლილება შუა წელს და მოსამზადებელი მასალის არ არსებობა, – ინგლისური ენის სპეციალისტი ეროვნულ გამოცდებზე

როგორც ცნობილია, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის უცხოურ ენაში ცვლილებები შევიდა.

2020 წელს უცხოური ენების ტესტებში ორი სახის სიახლე იქნება:  მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით. აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას. მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12-საკითხიანი.

ანუ მისაღებ გამოცდაზე უცხოური ენის ტესტში ერთის ნაცვლად იქნება ორი მოსმენის დავალება. თუ ადრე მოსმენის დავალებების ქულა იყო 10, ახლა იქნება- 18. აბიტურიენტმა საკმაოდ დიდი მოცულობის ტექსტი შესვენებების გარეშე უნდა მოისმინოს 2-ჯერ და შემდეგ უპასუხოს კითხვებს. განსხვავებით პირველი დავალებისგან, სადაც პატარ-პატარა ტექსტებია მოცემული და მოსმენებს შორის შუალედები არის.

უცხოურ ენებში აბიტურიენტებისთვის 2020 წლის გამოცდებზე ორი სიახლე იქნება – ტესტების ნიმუშები

მთარგმნელი, ლიტერატურატმცოდნე და ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო შეყილაძე ამ ცვლილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სასწავლო წლის შუაში მსგავსი სიახლეები ართულებს გამოცდებისთვის მოსამზადებელ პროცესს. მისი თქმით, მეორე დავალებისთვის მოსამზადებლად მასალები არც აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ წიგნებშია და არც ინტერნეტში იძებნება.

„დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ მეორე მოძველებული სავარჯიშო -„სწორია-არასწორია“ – შეეცვალათ მოსასმენი სავარჯიშოთი. მეც მიმაჩნია, რომ უნდა გართულდეს და არა გამარტივდეს გამოცდა, მაგრამ არა შუა წელს. ამას არ უნდა ვიგებდეთ პედაგოგები, რეპეტიტორები ახლა. ჩემს აღშფოთებას ეს ფაქტი იწვევს.

რაც თვითონ მოვძებნე, ოქსფორდის და კემბრიჯის სასერტიფიკატო წიგნებშია მსგავსი ტიპის სავარჯიშოები. ზუსტად ამ წიგნებიდან არის აღებული პირველი მოსასმენი სავარჯიშო, ისევე როგორც ტექსტები და სხვა სავარჯიშოები. რასაკვირველია, ცოტათი სახეშეცვლილია, მაგრამ ძირითადად მსგავსია. კემბრიჯის და ოქსფორდის გამოცემები ყოველ წელს ახალია, მოსამზადებლი მასალა რომ ჰქონდეთ. ჩვენ არაფერი არ გვაქვს და შუა წელს ვიგებთ ამას. თან ამბობენ, რომ პირველის იდენტური არ არის და მეორე სავარჯიშოში მომზადება აუცილებლად დასჭირდებათ აბიტურიენტებსო.

ტექსტი არის ერთიანი, დიალოგი არ წყდება, ყური უნდა მიეჩვიოს. მოგეხსენებათ გამოცდაა და ბავშვები დაძაბულები არიან. ამას შუა წელს რატომ ვიგებთ? სხვა საგნების პედაგოგებსაც ეს პრეტენზია აქვთ. ჩემი მოსწავლეები, აბიტურიენტები აღნიშნავენ, რომ სხვა საგნების მასწავლებლებიც არ ყოფილან კმაყოფილები თავიანთ საგნის გამოცებში დაგეგმილი ცვლილებებით“,- აღნიშნავს ნინო შეყილაძე.

მისი თქმით, ცვლილება გასაგებია, მაგრამ არ გვაქვს სახელმძღვანელოები. კემბრიჯის და  ოქსფორდის სასერტიფიკატო გამოცემები კი ფასიანია. სკოლის სახელმძღვანელოები კი, როგორც ნინო შეყილაძე აღნიშნავს, ცოდის იმ დონეს  ვერ აძლევს აბიტურიენტს, რომლითაც შეძლებს უნივერსიტეტის მისაღები გამოცდა ჩააბაროს. აქამდე აემცე-ს სახელმძღვანელოებში მსგავსი სავარჯიშოები იყო, რაც გამოცდებზე შედის, მაგრამ, მისი თქმით,  მოსასმენი სავარჯიშო არსად არაა.

„ამაზონზე სახელმძღვანელოები ძალიან ძვირი ღირს. მეორადი სახელმძღვანელოებიც ძალიან ძვირია.  PDF -ს კიდევ იშოვი ინტერნეტში, მაგრამ მოსასმენი, CD ვერსია, ძნელი საშოვნელია. მე მაგალითად უნდა ვაღიარო, რომ რუსულ გვერდებზე დავრეგისტრირდი და პირატული ვერსიები ჩამოვტვირთე ამ  დავალებისთვის. PDF ვერსიები კიდევ იძებნება. რასაკვირველია, ძველი და არა ახალი გამოცემების.

აემც -ეს ცენტრის თითო წიგნი (ყოველ წელს უშვებენ ახალ-ახალს, არ ვიცი, რად უნდა ყოველ წელს გამოცემა, იმდენ შეცდომას უშვებენ, ალბათ, ყოველ წელს უნდა გადამოწმება) 16 ლარი ღირს. წიგნის მაღაზია კიდევ აძვირებს. აბიტურიენტმა ყველა საგანში უნდა იყიდოს ეს წიგნები. წელსაც იყიდეს მოსწავლეებმა  ახალი გამოცემა, სადაც მეორე დავალების ცვლილების შესახებ ინფორმაცია შეტანილი არ არის. სკოლის სახელმძღვანელოები კი მისაღები გამოცდების პროგრამას ვერ აკმაყოფილებს, არათუ მეორე დავალების მსგავსი საკითხებია მოცემული.

კატასტროფა ხდება  სკოლებში. ყველა სკოლასა და პედაგოგზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ სკოლების უმეტესობაში არის სწავლების ძალიან დაბალი დონე. მაშინ როდესაც ქვეყანაში მოთხოვნაა უცხოური ენის, ინგლისურის ცოდნაზე. ჩემი პრაქტიკიდან გეუბნებით, ელემენტარული ტრანსკრიფცია არ იცის ბავშვმა, რომ სწორად წარმოთქვას ეს სიტყვა“, – ამბობს ინგლისური ენის სპეციალისტი.

ნინო შეყილაძე მიიჩნევს, რომ ინგლისურის გამოცდა უნდა გართულებულიყო, რადგან ძალიან მარტივი იყო, მაგრამ შუა წელს ამის გაგებამ ძალიან გაურთულათ მუშაობის პროცესი. თავიანთი ძალებით  უწევთ სამუშაო მასალის მოძიება.

„ბევრი მასწავლებელი ამას ვერ შეძლებს და რაიონებში საერთოდ საუბარი ზედმეტია, სადაც ზოგან ინტერნეტიც კი არ არის.

მოსასმენი ტექსტი პირველთან შედარებით რთულია, თუ პირველში არის პატარ-პატარა ტექსტები და ორ-ორჯერ გვასმენინებდნენ და შუალედებიც იყო, ახლაც ორჯერ ასმენინებენ ტექსტს, მაგრამ პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე არ უნდა მოადუნოს ყურადღება, რომ რამე არ გამოეპაროს და შემოხაზოს სწორი პასუხი.

დიდად რთული არ არის ეს ტექსტი, არ ვიცი გამოცდაზე რას მოიტანენ, მაგრამ მოზადება მაინც სჭირდება. საიდან უნდა მოვამზადოთ, როდესაც გამოცდების მოსამზადებელ წიგნებში თავად არ შეიტანეს? აქვს ხომ მნიშვნელობა, 1 თვით ადრე იცი, თუ 5 თვით ცვლილებების შესახებ? როცა ყველა ემზადება ახალი წლისთვის და ყურადღება მოდუნებულია, ახლა ვიგებთ ამ ამბავს.

ეს ცვლილება დიდი ხანია იგეგმებოდა და ჩვენ ახლა ვიგებთ. რატომ გვაგებინებენ ასე გვიან ეს არის ჩემი პროტესტის მიზეზი, თორემ გართულებაზე არ არის პრობლემა. უნდა იყოს შესაბამისი სახელმძღვანელოები და მასალები. არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ასე!“,- აღნიშნავს ნინო შეყილაძე.

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური