GE

ცხელი ხაზი სკოლებში და ძალადობაზე პასუხისმგებელი პირი – რას ითვალისწინებს „ბავშვთა უფლებების კოდექსი“

პარლამენტში „ბავშვთა უფლებების კოდექსის“ განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ამოქმედების შემთხვევაში, პირველი დოკუმენტი იქნება საქართველოში, სადაც ერთად იქნება თავმოყრილი ბავშვებთან და მათ უფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.

კანონპროექტის გარკვეული მუხლები განათლების უფლებებსაც ეხება და ცხადი ხდება, რომ სკოლებში იგეგმება ბავშვთა ძალადობაზე პასუხისმგებელი კონკრეტული პირის დანიშვნა და იმოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც მოზარდებს პრობლემებზე საუბარი შეეძლებათ.

კანონპროექტის ავტორები, დეპუტატი სოფო კილაძე და თსუ-ის პროფესორი – პაატა ტურავა არიან. სოფო კილაძის განცხადებით, საქართველოში აქამდე არ არსებობდა ერთიანი სახელმწიფოებრივი ხედვა, სისტემური მიდგომა, რომლის მთავარი მიზანიც იქნებოდა ბავშვის კეთილდღეობა და აღნიშნული კანონპროექტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

„ბავშვთა უფლებების კოდექსში“ განათლების საკითხებს მე-5 თავი ეთმობა, სადაც საუბარია, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოფს ყველა ბავშვის თანაბარი ხელმისაწვდომობა ხარისხიან  სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე.  35-ე მუხლში  ჩამოყალიბებულია განათლების მიღების შესაძლებლობები:

ა) ხარისხიანი უფასო სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა ყოველი ბავშვისთვის ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების   შესაბამისად;

ბ) პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ყოველი ბავშვისთვის ინდივიდუალური შესაძლებლობების და საჭიროებების შესაბამისად, მათ შორის, სათანადო ფინანსური მხარდაჭერით;

გ) განათლების სისტემის, საფეხურების და ფორმების, პროცედურების და ბავშვისთვის სხვა მნიშვნელოვანი და სასარგებლო საკითხების შესახებ ინფორმაციის ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომობა;

დ) სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვთა სკოლებში დაბრუნების ხელშეწყობა და სკოლის მიტოვების პრევენციის ღონისძიებების განხორციელება;

ე) განათლების ყველა საფეხურზე უახლესი სამეცნიერო და დარგობრივი ცოდნისა და ბავშვზე ორიენტირებული სწავლების თანამედროვე მეთოდების და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა.

ვ) ბავშვის მონაწილეობის უფლების განხორციელება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც უშუალოდ საგანმანათლებლო პროცესში, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში გადაწყვეტილების მიღებისას.

რაც შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობისგან დაცვის ღონისძიებებს, კანონპროექტის 36-ე მუხლში აღნიშნულია:

1. ბავშვთა განათლების მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვზე და ბავშვებს შორის ძალადობის და ბავშვის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის, მათ შორის ბავშვთა შორის ჩაგვრის აღმოფხვრას.

2. დაუშვებელია საგანმანათლებლო დაწესებულებებში დისციპლინის ზომად ძალადობის ნებისმიერი ფორმის გამოყენება, მათ შორის: ფიზიკური დასჯის ან სხვა სასტიკი ან დამამცირებელი დასჯა ან მოპყრობა.

3. საგანმანათლებლო დაწესებულებებში უნდა დაინერგოს ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა შორის ჩაგვრის პრევენციის და სათანადო რეაგირების პროგრამები და მექანიზმი.

4. ადრეულ და სკოლამდელ, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების დაწესებულებებში მოქმედებს ბავშვზე ძალადობის შეტყობინების ცხელი ხაზი.

5. საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს ბავშვთა ძალადობის საკითხზე პასუხისმგებელ პირს, კოორდინატორს.

6. ბავშვზე ან ბავშვთა შორის ძალადობის, მათ შორის ბავშვებს შორის ჩაგვრის პრევენციის და ასეთ ფაქტებზე რეაგირების პროგრამებს სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შეიმუშავებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მუნიციპალიტეტები ამ კოდექსის დებულებების გათვალისწინებით.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კოდექსის თანახმად, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია მათი საჩივრების განხილვის მექანიზმებზე და დაცული იყოს მათი აზრის გამოხატვის თავისუფლება. განმარტებით ბარათში ასევე საუბარია პრობლემებზე, რაც საჯარო სივრცეში ბავშვთა დაცულობას და მათ უსაფრთხო გადაადგილებას ეხება.

„დიდ გამოწვევას წარმოადგენს ბავშვის დაცვა საჯარო სივრცეში, რომელიც მოიაზრებს ბავშვის დაცვას მავნე ზეგავლენისგან: ალკოჰოლის და ნარკოტიკის, კლუბების და გასართობი დაწესებულებების, თამბაქოსა და სხვა. ასევე, ეფექტიანი რეგულირების მიღმაა ბავშვის დაცვა მედია სივრცესა და ინტერნეტში, მათ შორის, მავნე ზეგავლენის მქონე განსაკუთრებულად უხამსი და ძალადობრივი ინფორმაციის შემცველი ფილმების, ბეჭდური მედიის და ა.შ. შემთხვევები, რაც მეტად ზრდის ძალადობის და დევიაციური ქმედებების იმ მასშტაბებს, რომელიც სამწუხაროდ განსაკუთრებით შეინიშნება საქართველოში უკანასკნელ წლებში. არ არსებობს საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვთა უსაფრთხოებას ჯგუფური ტრანსპორტირების (ექსკურსიების) შემთხვევაში. სამწუხაროდ ასეთი გარანტიების არ არსებობის გამო არაერთ უბედურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, „ბავშთა უფლებების კოდექსის“  განხილვა, ხმაურის ფონზე დასრულდა. დეპუტატების გარდა, სხდომას უფლებადამცველები და სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. ავტორებისგან განსხვავებით, ისინი კანონპროექტის ტექსტს იწუნებენ და მასში გარკვეული მუხლების შესწორებას ითხოვენ. მათი აზრით, უნდა იყოს დაკონკრეტებული თუ რა არის ბავშვზე ძალადობა, რადგან არსებული ვარიანტის თანახმად, ძალადობად შესაძლოა ბავშვზე ნებისიმიერი გაწყრომა ჩაითვალოს.

„ბავშვთა უფლებების კოდექსი“ პარლამენტში კიდევ რამდენიმე კომიტეტმა უნდა განიხილოს და მხარდაჭერის შემთხვევაში ის 2020 წლის 1-ლ ივნისს ამოქმედდება.

„მასწავლებლებს პატარა შენიშვნისთვის ყრიან სკოლიდან, შენიშვნა თუ არ მიეცი ბავშვს არ მგონია მისგან რამე დადგეს“

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
თამთა არის© ვირსალაძე Aris.ge-განათლების ჟურნალისტი