GE

ცხოვრებაში საუკეთესო მასწავლებელი

პედაგოგი და ტრენერი მანანა ჯინჭარაძე კოლეგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და მასწავლებლებისთვის სასარგებლო წერილს აქვეყნებს:

სასწავლო წლის დასაწყისში, მეექვსე კლასის დამრიგებელმა თავისი ყოფილ მეხუთეკლასელებს თვალი მოავლო და უთხრა, რომ ისინი ყველანი თანაბრად უყვარდა და მოხარული იყო, რომ კვლავ ერთად ხედავდა მათ.

ეს სიცრუე იყო, რადგან, წინა მერხზე იჯდა მობუზული ბიჭი, რომელიც მასწავლებელს არ უყვარდა.

მან იგი გასულ სასწავლო წელს გაიცნო და ჯერ კიდევ მაშინ შეამჩნია, რომ ბიჭი სხვა ბავშვებთან არ თამაშობდა, ჭუჭყიანი ტანსაცმელი ეცვა და ისეთი არასასიამოვნო სუნი ასდიოდა, თითქოს ტანი არასოდეს დაებანა.

მასწავლებელს შესძულდა ეს ყმაწვილი. შესძულდა ისე, რომ უკვე მისი დანახვაც კი აღარ შეეძლო.

ერთხელაც სასწავლო ნაწილის გამგემ დამრიგებელს სთხოვა, დაეწერა დახასიათება ყველა მის მოსწავლეზე, მათი სკოლაში შესვლის დღიდან. როცა ჯერი საძულველ მოწაფეზე მიდგა, მასწავლებელი გაოცდა:

ბიჭის პირველი კლასის მასწავლებელი წერდა: „ეს არის ბრწყინვალე ყმაწვილი, სხივმფენი ღიმილით. საშინაო დავალებებს ასრულებს სუფთად და პირნათლად. ერთი სიამოვნებაა იყო მის გვერდით“;

მეორე კლასის მასწავლებელი წერდა: „ეს არის არაჩვეულებრივი მოწაფე, რომელიც უყვართ თანაკლასელებს, მაგრამ მას აქვს ოჯახური პრობლემები: მისი დედა უკურნებელი სენით არის დაავადებული“;

მესამე კლასის მასწავლებელი წერდა: „დედის სიკვდილმა საშინლად იმოქმედა ბიჭზე. იგი ყველანაირად ცდილობს, მაგრამ მამამ ყოველგვარი ინტერესი დაკარგა მის მიმართ და ამან კი, შეიძლება გამოუსწორებელად იმოქმედოს ბავშვის სწავლაზე და საერთოდ მის მომავალზე“;

მეოთხე კლასის მასწავლებელს ჩაეწერა: „ბიჭი თავის თავშია ჩაკეტილი, არ ავლენს ინტერესს სწავლისადმი, თითქმის არ ჰყავს მეგობრები და ხშირად პირდაპირ მერხზე იძინებს“ .

დახასიათებების წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი სირცხვილმა შეიპყრო. სირცხვილის გრძნობა მასწავლებელს კიდევ უფრო გაუძლიერდა, როდესაც საახალწლო დღესასწაულზე მოსწავლეებმა მას, ლამაზად შეფუთული საჩუქრები მიართვეს, მაშინ როცა იმ მოსწავლის საჩუქარი შეხვეული იყო ყავისფერ, უხეშ ქაღალდში.

ზოგიერთმა მოსწავლემ სიცილიც კი დაიწყო, როდესაც მასწავლებელმა ამ შეკვრისგან სამაჯური, რომელსაც რამდენიმე თვალი აკლდა, და სუნამოს ნახევარად ცარიელი ფლაკონი ამოიღო.

მასწავლებელმა ბავშვებს სიცილი შეაწყვეტინა: — ო, რა მშვენიერი სამაჯურია! — და გახსნა რა ფლაკონი, ცოტაოდენი სუნამო მაჯაზე დაისხურა.

იმ დღეს ბიჭი შეყოვნდა გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, მასწავლებელს მიუახლოვდა და ჩუმად უთხრა:

– დღეს თქვენ, ისეთი კეთილსურნელება აგდით, როგორც დედაჩემს ჰქონდა…
სიცოცხლეში.

როცა ბიჭი წავიდა მასწავლებელი მწარედ აქვითინდა.

ამ დღიდან მან უარი თქვა მხოლოდ ენა და ლიტერატურა აეხსნა მოსწავლეებისათვის და გადაწყვიტა ბავშვებისთვის ასევე სიკეთე, თანაგრძნობა და ურთიერთსიყვარული ესწავლებინა.

სწავლის ასეთმა მეთოდმა და მასწავლებლის მისდამი თბილმა დამოკიდებულებამ თავისი შედეგი გამოიღო, ბიჭი თანდათან უბრუნდებოდა ცხოვრებას და სასწავლო წლის ბოლოს ერთერთ საუკეთესო მოსწავლედ იქცა.

ერთი წლის შემდეგ, მასწავლებელმა, რომელიც უკვე სხვა კლასს ასწავლიდა, ბარათი მიიღო, სადაც ბიჭი წერდა, რომ იგი ყველაზე საუკეთესო მასწავლებელია ყველა მასწავლებელთა შორის.
გავიდა კიდევ ხუთი წელი. ბიჭი იწერებოდა, რომ მან წარჩინებით დაამთავრა კოლეჯი და იგი მას კვლავ ყველაზე საუკეთესო მასწავლებლად თვლიდა.

კიდევ ხუთი წლის შემდეგ მასწავლებელმა კვლავ მიიღო წერილი, რომელშიც მისი ყოფილი მოსწავლე წერდა, რომ მან ასევე წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი და რომ აქამდე, მას, თავის ყველაზე საყვარელ მასწავლებლად თვლიდა.

კიდევ ოთხი წლის გასვლის შემდეგ ყოფილი მოსწავლისგან მიღებულ ბარათში კვლავ ეწერა, რომ მისი ყოფილი მასწავლებელი კვლავაც ერთდაერთ და განუმეორებლად რჩებოდა, ხოლო მისი სახელის და გვარისა და გასწვრივ უკვე ეწერა “მეცნიერების დოქტორი”.

დრო გადიოდა…

ბოლო ბარათში იგი იწერებოდა, რომ მან გაიცნო გოგონა, ვისზეც დაქორწინებას აპირებდა და თხოვდა ყოფილ მასწავლებელს, ქორწილზე დაეკავებინა ის ადგილი, სადაც სასიძოს დედა უნდა მჯდარიყო.

მასწავლებელი რა თქმა უნდა დათანხმდა.

ქორწილის დღეს, მან ის თვლებნაკლული სამაჯური გაიკეთა და ისეთივე სუნამო იყიდა, რომელიც ბიჭს დედას მოაგონებდა.

ისინი შეხვდენენ, ერთმანეთს გადაეხვივნენ და მან შეიგრძნო დაუვიწყარი, მშობლიური სურნელი…

– მადლობა, თქვენ, რომ კვლავ გამიღვიძეთ საკუთარ ძალებში რწმენა, მასწავლეთ სიკეთისა და ბოროტების გარჩევა და მაპოვნინეთ ჩემი ადგილი ცხოვრებაში.

თვალებზე ცრემლმომდგარმა მასწავლებელმა უპასუხა:

– პირიქით, — ეს შენ მასწავლე ყველაფერი. მე არ ვიცოდი, როგორ მესწავლებინა მანამ, სანამ შენ გაგიცნობდი…

ფატიმატ ნასუხოვა

შეგონება: ასწავლეთ ბავშვებს და ისწავლეთ ცხოვრება მათგანაც!

ასევე იხილეთ:

„თუ ყველაფერ ამას ვერ ვითვალისწინებ, მენტორი კი არა მამა ღმერთიც რომ ვიყო, მაინც უნდა წავიდე სკოლიდან!“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური